Logo

კულტურა

"ისეთი დროა, გმირს გავქაჩავ, და, ვირს კი - ვერა!" - რაზე წერს ახლა 86 წლის ბესიკ ხარანაული

"ისეთი დროა, გმირს გავქაჩავ, და,  ვირს კი - ვერა!" - რაზე წერს ახლა 86 წლის ბესიკ ხარანაული

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ბესიკ ხარანაული, ფეისბუქზე, ახალ ლექსებს გვიზიარებს, რომლებშიც 86 წლის პოეტის ამჟამინდელ განწყობას ვხედავთ.

თებერვალი, როგორც ვალი

თვეები თუმც თორმეტია,
მაგრამ არ აქვთ სათვალავი,
ყველა თვე წვალებულია,
თებერვალი წარუვალი,
ყველა თვე გადახდილია,
თებერვალი,
როგორც
ვალი.
არსად არის, ერთად იყვნენ
წარსული და მომავალი,
ერთად რომ იყურებოდეს,
წარმავალი, წარუვალი,
ერთად რომ იმღერებოდეს,
ზეიმი და სატირალი,
საფლავშიც მიგაცილებდეს,
თებერვალი,
როგორც
ვალი.

***

ჩემი ბავშვობა

ახლაც ბავშვია,

რომელსაც უნდა

რამე უხაროდეს.

***

კაცო,
რას დადიხარ
თავდაკიდებული,
გაუცინებელი,
გაუღიმებელი,
აუცილებელი არაა,
იყო უბედური,
აუცილებელია,
იყო ბედნიერი.

თითქოს
ცოდნით იყო,
თავდამძიმებული,
დამნაშავე იყო
წამებულ იერით,
აუცილებელი არაა,
იყო უბედური,
აუცილებელია,
იყო ბედნიერი.

***

ეჰ, ჩემო თავო,

ხევ, ფოთლებიანო,

ვაი, შენ, ქვეყანავ,

სულ ქარებიანო.

***

სადა გქონდეს

ცხოვრება,

ბრჭყვიალება ნაკლია,

უქონლობა ნაკლია

და ქონებაც ნაკლია.

სადა გქონდეს

ცხოვრება,

უღირსობა ნაკლია,

გამორჩევა ნაკლია,

უთვისობაც ნაკლია,

სადა გქონდეს

ცხოვრება,

ბრჭყვიალება ნაკლია,

უთქმელობა ნაკლია

და გამოთქმაც ნაკლია,

სხვა აღარ გაგრძელდება,

გრძელი სათვალავია,

როცა ნიჭი ნაკლია

და ღირსებაც ნაკლია,

სადა,

სადა იყავი,

როგორც ანომალია,

ს ა დ ა,

რ ო გ ო რ ც

ს ი კ ვ დ ი ლ ი,

ე რ თ ი ც

რ ო მ ა რ ა კ ლ ი ა.

ბესიკ ხარანაული

***

- რა გმირი, კაცო!
ვირს გავქაჩავ, და
გმირს კი - ვერა.

თუმც რატომ არა?
ისეთი დროა,
გმირს გავქაჩავ, და,
ვირს კი - ვერა!

***

არ იყო მშვიდი, მიწის პატრონო

რომელნი გვიყურებდნენ საზღვართა გარედან,
ახლა, საზღვართაქეთ თამამად დადიან.
რომელნი აღმაშენებელმა საზღვრთ განაშორა,
ახლა ჩამოსახლდნენ მიწის საშოვნელად.
გაგვიქრა წარსული და გადაეფარა,
აღარც იგონებენ,
აღარც დიდგორობენ,
მარტო დიდგულობენ,
ვითომ გვაღორებენ,
სიტყვებსა ფუთავენ,
გვაბრმავ- გვაყრუებენ...

არ იყო მშვიდი, მიწის პატრონო,
ღრუბლებში მტრები მოჯარდებიან,
მოგივლენ წვიმად, შინ შეგდენიან,
გამოხვალ გარეთ, შემოგეყრებიან
და მოგიყვებიან შენს მიწაზე უფრო მეტსაც,
ვიდრე შენ იცი.
და გაგიკვირდება, მიწაც, ქალივით, როგორი მშვიდია
და გაყუჩებული...

თუ მოსწონს ეს მიწა,
რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სადაურია,
ვინ შემოიპარა ღრუბელგადაცმული!
მიწა არავის ფეხქვეშ არ ფეთქდება,
მიწამ არ იცის უცხო და თავისი,
ამიტომაც, ღმერთო!
ყურში მკვირცხლად შემავალი სიტყვა მომეცი,
რომ როგორც მელიას მისდევს კუდი,
ისე გამომყვნენ.
მომეცი დუმილი, მგელივით საშიში,
რომ მე კი არა, იმათ ეშინოდეთ.
სიტყვა მაძახებინე,
ხელი მაკვრევინე,
განმარიდებინე,
საზღვრებს გარე
განმასხმევინე...

კვლავ მობრუნდებიან, კვლავ მოგვიგონებენ,
ღობეს შვმოლეწენ, საზღვრებს შეგვირყევენ!
მიწა ჰქვია,
სადაც მისნი
შვილნი ვრცელდებიან,
ხალხი ჰქვია,
სადაც მისნი
ცრემლნი ეცემიან,
სისხლნი უწვეთავენ
და,
ქვებზე შრებიან,
თაობები კვდებიან
და იბადებიან.
ჩვენი ღმერთი მიწაა
და, მისი საზღვრებია!

ავტორი: ზმნა

02/15/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024