
09/09/2026
რა მოხდება, თუ ადამიანები, რომლებმაც ტექნოლოგიებით მთელი მსოფლიო ერთმანეთთან დააკავშირეს, თავად ამ სამყაროსგან გაქცევას დაიწყებენ?
სწორედ ამ პარადოქსზეა აგებული ფრანგი რეჟისორისა და დრამატურგის, ფლორიან ზელერის ახალი ფსიქოლოგიური ტრილერი "ბუნკერი" („Bunker“), რომლის პრემიერაც 8 სექტემბერს ვენეციის კინოფესტივალზე გაიმართა.
მთავარ როლებს ფილმში, მაყურებლის საყვარელი წყვილი - პენელოპე კრუსი და ხავიერ ბარდემი ასრულებენ.

ბარდემის გმირი, მიგელი, წარმატებული არქიტექტორია. მას ტექნოლოგიური ინდუსტრიის ერთ-ერთი მაგნატი უკავშირდება და საიდუმლო, მაგრამ ძალიან მომგებიან პროექტს სთავაზობს.
მიგელმა ჰავაიზე მდიდრული, მაქსიმალურად დაცული ბუნკერის უნდა ააშენოს, სადაც გლობალური კატასტროფის შემთხვევაში გარესამყაროსგან სრულიად იზოლირებული ცხოვრება იქნება შესაძლებელი.

თავდაპირველად ეს მხოლოდ პროფესიული შეკვეთაა, თუმცა მალე პროექტი მიგელის ოჯახშიც შეაღწევს. მისი მეუღლე სოფია, რომელსაც პენელოპე კრუსი თამაშობს, ქმრის გადაწყვეტილებას სულ უფრო სკეპტიკურად უყურებს.
რატომ უნდა ჰქონდეს უმდიდრეს ადამიანს შესაძლებლობა, საერთო საფრთხის დროს უბრალოდ „გადაირჩინოს თავი“, მაშინ როცა დანარჩენ სამყაროს ასეთი არჩევანი არ აქვს?
განსხვავებული პასუხები ამ კითხვაზე 17-წლიანი ქორწინების ღირებულებებსაც გამოცდას უწყობს.

ამბობენ, რომ "ბუნკერის" გადაღების იდეა ფანტაზიისგან არ დაბადებულა. როგორც ფილმის რეჟისორმა განაცხადა, ფილმისთვის ბიძგი მარკ ცუკერბერგის ჰავაის კომპლექსის შესახებ მოსმენილმა ინფორმაციამ მისცა.
2023 წელს გახმაურდა, რომ Meta-ს დამფუძნებლის მამულში, დაახლოებით 5 000 კვადრატული ფუტის მიწისქვეშა თავშესაფრის აგება იყო დაგეგმილი, დამოუკიდებელი წყლისა და საკვების ინფრასტრუქტურითა და მაღალი უსაფრთხოების სისტემებით.
ზელერისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა წინააღმდეგობა - ადამიანი, რომელმაც უზარმაზარი ქონება ადამიანების დაკავშირების იდეაზე შექმნა, პარალელურად ადგენს „გეგმა B-ს“, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ყველასგან იზოლირების საშუალებას მისცემს.

რეჟისორი ფიქრობს, რომ ჩვენც თანდათან საკუთარ „უხილავ ბუნკერებში“ ვიკეტებით. საკვებს, ურთიერთობას, გართობასა და კომუნიკაციას ეკრანის საშუალებით ვიღებთ და სულ უფრო ნაკლებად გვჭირდება უშუალო კავშირი სხვა ადამიანებთან.
ამავე დროს, უზარმაზარი გავლენა და ინფორმაცია რამდენიმე ტექნოლოგიური კომპანიისა და ძალიან მცირე ჯგუფის ხელში იყრის თავს. ბოლო წლებში მდიდრული მიწისქვეშა თავშესაფრები თავად იქცა ფუფუნების ინდუსტრიის ნაწილად. მათი პოტენციური მყიდველები სხვადასხვა საფრთხისთვის ემზადებიან კლიმატური კატასტროფებიდან და პანდემიებიდან დაწყებული, ომით, სოციალური არეულობითა და ცივილიზაციური კრიზისით დასრულებული. თანამედროვე ძვირადღირებული ბუნკერები ზოგჯერ საცურაო აუზებით, სპორტული დარბაზებითა და სხვა სასტუმროს მსგავსი კომფორტითაც კი იგეგმება.

თუმცა ფილმის მთავარი თემა მხოლოდ ტექნოლოგიური ელიტის შიში არ არის. ის სვამს კითხვას, თუ რა ხდება საზოგადოებაში, როდესაც ყველაზე გავლენიანი ადამიანები საერთო პრობლემის გადაჭრის ნაცვლად საკუთარი გაქცევის გზებს ეძებენ?
ფილმზე საუბრისას პენელოპე კრუსმა განაცხადა, რომ "ბუნკერის" ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი სწორედ ისაა, რამდენად დიდი ძალაუფლება აღმოჩნდა დღეს ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფის ხელში და რამდენად სწრაფად შეიძლება მათმა გადაწყვეტილებებმა მილიონობით ადამიანის ცხოვრება შეცვალოს.

ფილმი, რომელიც ინგლისურ და ესპანურ ენებზეა გადაღებული და 126 წუთს გრძელდება, ვენეციის მთავარი პრიზისთვის „ოქროს ლომისთვის“ იბრძვის.
კრუსისა და ბარდემის გარდა ფილმში პოლ დანო, სტივენ გრემი და პატრიკ შვარცენეგერი მონაწილეობენ.
ზელერმა სცენარი თავიდანვე სწორედ კრუსისა და ბარდემისთვის დაწერა და მათი რეალური ურთიერთობაც გამოიყენა იმისთვის, რომ ეკრანზე ქორწინების კრიზისი უფრო დამაჯერებელი ყოფილიყო.
წყაროები: Reuters, Venice Biennale, WIRED.
გააზიარე სტატია