Logo

ჯანმრთელობა

ისტორიაში პირველად, ადამიანს „გამაახალგაზრდავებელი“ ინექცია გაუკეთეს

ისტორიაში პირველად, ადამიანს „გამაახალგაზრდავებელი“ ინექცია გაუკეთეს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

წარმოიდგინეთ, რომ სიბერე გარდაუვალი პროცესი კი არა, დაავადებაა, რომლის მკურნალობაც შესაძლებელია. იდეა, რომელიც წლების განმავლობაში მხოლოდ ფანტასტიკის ნაწილად ითვლებოდა, ახლა რეალურ სამეცნიერო ექსპერიმენტად იქცა.

2026 წლის ივნისში, ამერიკულმა ბიოტექნოლოგიურმა კომპანიამ, Life Biosciences, ისტორიაში პირველად ადამიანს ისეთი პრეპარატი შეუყვანა, რომლის მიზანიც უჯრედების „გაახალგაზრდავებაა“.


მეცნიერები ამბობენ, რომ ტექნოლოგია, რომელსაც ბიოლოგიური საათის უკან გადაწევის პოტენციალი აქვს, ადამიანზე პირველად იტესტება. ახალი პრეპარატი ER-100 ე.წ. ეპიგენეტიკურ გადაპროგრამებას ეფუძნება.

ინექცია

მეცნიერების ნაწილის აზრით, ასაკთან ერთად ჩვენი უჯრედები მხოლოდ ფიზიკურ რესურსს არ კარგავენ, ისინი თანდათან „ივიწყებენ“, როგორ უნდა იმუშაონ სწორად. ამ თეორიის მიხედვით, სიბერის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი სწორედ ეს ინფორმაციის დაკარგვაა. "ER-100-ის" მიზანი დაზიანებული უჯრედებისთვის ახალგაზრდული ფუნქციონირების „შეხსენებაა“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მეცნიერები ცდილობენ უჯრედებს ის მდგომარეობა დაუბრუნონ, რომელშიც ისინი ათწლეულების წინ იყვნენ.

მნიშვნელოვანია, რომ პირველი ინექცია ჯანმრთელი ადამიანისთვის არ გაუკეთებიათ. კვლევა იმ პაციენტებში ტარდება, რომლებსაც ასაკთან დაკავშირებული მხედველობის მძიმე დაავადებები აქვთ, მათ შორის გლაუკომა და მხედველობის ნერვის დაზიანების სხვა ფორმები.

გლაუკომა

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ თერაპია დაზიანებული ნერვული უჯრედების ფუნქციის აღდგენას შეძლებს. ამ ეტაპზე, მთავარი მიზანი ინექციის უსაფრთხოების დადგენაა. მკვლევრები აკვირდებიან, რამდენად კარგად იტანს ორგანიზმი მკურნალობას და ხომ არ იწვევს ის სერიოზულ გვერდით მოვლენებს.

სიბერის წინააღმდეგ ბრძოლა თანამედროვე მეცნიერების ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური მიმართულებაა. ბოლო დროს, სულ უფრო მეტი მკვლევარი საუბრობს იმაზე, რომ სიბერე ისეთი ბიოლოგიური პროცესია, რომლის შენელება ან ნაწილობრივი უკუგდება შესაძლებელი გახდება.

თუ ტექნოლოგია წარმატებული აღმოჩნდება, შესაძლოა მედიცინის განვითარებაში სრულიად ახალი ეპოქა დაიწყოს. ბევრი მეცნიერი ამ მოვლენას იმ მომენტს ადარებს, როდესაც გენური თერაპიის ან ხელოვნური განაყოფიერების კლინიკური გამოყენება დაინერგა. მათი ვარაუდით, მომდევნო ათწლეულებში ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და თუ ასაკთან დაკავშირებული დაავადებების კონტროლი შესაძლებელი გახდება, 100-120 წლამდე ჯანმრთელად ცხოვრება, ბევრად უფრო რეალისტური გახდება, ვიდრე დღეს გვგონია.

მეცნიერები

გასათვალისწინებელია, რომ უჯრედების გადაპროგრამება ერთ-ერთი ყველაზე რთული და რისკიანი ბიოტექნოლოგიური მიმართულებაა. მთავარი საფრთხე ისაა, რომ უჯრედების ფუნქციის შეცვლამ თეორიულად შეიძლება არასასურველი ცვლილებები, მათ შორის სიმსივნური პროცესებიც გამოიწვიოს. თუმცა თუმცა ერთი რამ უკვე ნათელია, მეცნიერება იმ ზღვარზე დგას, სადაც კითხვა „რატომ ვბერდებით?“ თანდათან იცვლება უფრო ამბიციური კითხვით: შეგვიძლია თუ არა ამ პროცესის შეჩერება?

წყარო: WIRED

ავტორი: ზმნა

06/24/2026

ER-100ინექციასიბერეტესტირება
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024