
10/16/2026
„მაპატიეთ… ჩემმა უაზრო პოსტმა შეცდომაში შეგიყვანათ და გაფიქრებინათ ის, რასაც არასოდეს გავაკეთებ“ - მაია ასათიანი გამომწერებს ბოდიშს უხდის.
ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში ვრცელი ვიდეომიმართვა გაავრცელა და განმარტა, რა მოხდა მას შემდეგ, რაც მისმა პოსტმა გულშემატკივრები შეაშფოთა. მაიას განმარტებით, პოსტი სპონტანურად დაწერა, როდესაც ემოციურად რთული დღე ჰქონდა, თუმცა მისი განზრახვა არ ყოფილა, ვინმე შეეშინებინა ან შეცდომაში შეეყვანა.
მაია ასათიანი: ბოდიში მაქვს მოსახდელი ყველასთვის და თავზე ნაცარი წასაყრელი, იმიტომ, რომ ჩემმა უაზრო პოსტმა შეცდომაში შეგიყვანათ ყველა და გაფიქრებინათ ის, რასაც არასოდეს გავაკეთებ. მადლობა, არ მეგონა, თუ ამდენი გულშემატკივარი მყავდით.
მაია ჰყვება, თუ რატომ დაწერა პოსტი, რომელმაც ამდენი ადამიანი აანერვიულა. მისი ოცნებაა, იტალიის პატარა სოფელში, ზღვის პირას, საკუთარი პატარა სახლი ჰქონდეს. ფიქრობს ემიგრაციაზეც...
„ახალი მიზანი მაქვს, რომ ოდესმე შევძლო და იტალიის პატარა სოფელში, ზღვის პირას პატარა სახლუკა მქონდეს. აი, იცით როგორი? პატარა კარს რომ გააღებ, ეგრევე ზღვაზე რომ გადიხარ, ბევრი ვარდი, იასამნები მექნება…
ემიგრაციაზე ადრეც მიფიქრია. ერთადერთი, რაც მაფერხებს ემიგრაციაში წასვლაზე, არის ჩემი შვილის საფლავი. აქ აივანზე რომ დავდგები, სასაფლაოს ვხედავ…“
მაიას თქმით, იმ დღეს თავში მოუვიდა აზრი, რომ შესაძლოა, ოდესმე ყველაფერი ისე დაელაგებინა, რომ წასვლა შეძლებოდა. სწორედ ამ ფიქრის ფონზე დაწერა პოსტი, რომელსაც შემდეგ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
რა მოხდა პოსტის გამოქვეყნების შემდეგ?
მაია ამბობს, რომ საღამოობით ტელეფონის გამორთვა უყვარს. იმ დღესაც ასე მოიქცა - კითხვა დაიწყო, შემდეგ დასაძინებლად დაწვა. ამ დროს კი სოციალურ ქსელში, მისი პოსტის გარშემო, დიდი ვნებათაღელვა ტრიალებდა.
ჟურნალისტის თქმით, დაახლოებით ღამის 12-დან პირველ საათამდე მისმა ძაღლმა, ბუბუმ, გააღვიძა, რადგან კარზე აკაკუნებდნენ. როდესაც გაირკვა, რომ კართან მისი მეგობრები იყვნენ, მაია მიხვდა, რომ რაღაც სერიოზული ხდებოდა. ანერვიულებული მეგობრები დაწყარდნენ, მშვიდობა რომ დახვდათ.
შემდეგ მეგობრებმა შეახსენეს, რომ დედისთვის უნდა დაერეკა.
"დედა საქართველოში არ იმყოფება. ის განსაკუთრებით ნერვიულობს სოციალურ ქსელებში გავრცელებული მცდარი ინფორმაციისა და სხვადასხვა ჭორის გამო. დავურეკე და ვეუბნები, ცოცხალი ვარ, კარგად ვგრძნობ თავს და არაფერი მაწუხებს-მეთქი. დედა მშვიდად შეხვდა ზარს და მიპასუხა, ვიცი, რომ კარგად ხარ. შენ თუ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მართლა გექნებოდა განზრახული, ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოსტს არ დაწერდიო. ბოლოს კი მეუბნებ: ამხელა ჟურნალისტ ქალად მოგაქვს თავი და პოსტი ისე ვერ დაგიწერია, რომ შინაარსი გასაგები იყოსო… ეს იყო საკონტროლო გასროლა. დედა მართალი იყო. პოსტი ისე იყო დაწერილი, რომ ადამიანებს არასწორი დასკვნის გამოტანის საფუძველი მიეცათ.
ასე რომ, ძალიან დიდი ბოდიში… და მადლობა სიყვარულისთვის" - ამბობს ჟურნალისტი ვიდეოში.
გააზიარე სტატია