Logo

რელიგია

"იცით, ჩემ თავს რაში ვადანაშაულებ? მამა ნიკოლოზი ჩემი წიგნებიდან გაიცნეს..." - რაში გამოგვიტყდა ოთარ ნიკოლაიშვილი

"იცით, ჩემ თავს რაში ვადანაშაულებ? მამა ნიკოლოზი ჩემი წიგნებიდან გაიცნეს..." - რაში გამოგვიტყდა ოთარ ნიკოლაიშვილი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ოთარ ნიკოლაიშვილი მამა გაბრიელის სულიერი შვილია. ის ამჟამად საეკლესიო საგამომცემლო საქმიანობითაა დაკავებული. ბატონმა ოთარმა "ზმნასთვის" მიცემულ ინტერვიუში, ბერ ნიკოლოზ მაქარაშვილთან დაკავშირებული ისტორიები გაიხსენა. ინტერვიუს გამოხმაურება მოჰყვა. ხალხი, ვინც ბერის კართან იდგა, ოთარს გამოესარჩლა, აქამდე სად იყავი, თუ შენი შვილის ნათლია იყო, რატომ არ მოდიოდი მამა ნიკოლოზთანო. მან უპასუხა: "თუ ვინმეს რამე პრეტენზია გაქვთ — დამიკავშირდით ნომერზე.

გნებავთ, წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში მობრძანდით, ან მითხარით, სად იქნებით ყველა ერთად და მე მოგაკითხავთ."

ეს კი ინტერვიუს მეორე ნაწილია. აქ გაიგებთ, იყო თუ არა ბერი ნიკოლოზი სალოსი? და ვინ თქვა უარი, რომ ის მახათას პანთეონში დაკრძალულიყო?

ოთარ ნიკოლაიშვილი: ბერი ნიკოლოზისგან ბევრი სიკეთით ვარ დავალებული. მინდა ამ ინტერვიუთი ჩემი მადლიერება გამოვხატო მის მიმართ. მაქვს გაცდა, ის ტანჯვა, რაც მან გაიარა, უფალმა კეთილად შეიწიროს და მისი სული ნათელში იყოს…

“გაბრიელ ბერი და მოძღვრის პრობლემა” - ასეთი წიგნი მაქვს გამოშვებული. ამ წიგნის შედგენაში მამა ნიკოლოზი მეხმარებოდა. მისი უშუალო ნააზრევიც არის მასში. ნათესავის მეშვეობით, გამოცემისთვის საჭირო თანხითაც დამეხმარა.

ოთარ ნიკოლაიშვილი

მამა ნიკოლოზს ვეუბნებოდი, მამა გაბრიელმა ხომ მიწინასწარმეტყველა, მონასტერში წახვალ და იქ იცხოვრებ და საცეცხლურიც ხომ მაჩუქა-მეთქი. თქვენ თუ წამოხვალთ მონასტერში, იქ ჩემზე კარგი მორჩილი არ გეყოლებათ; ყოველ საღამოს ჩემი ხელით ფეხებს დაგბანთ-მეთქი, ვუთხარი. გაეღიმა… არაფერი უპასუხია.

ვგრძნობდი, რომ თავისებური ძალა გააჩნდა. ვუთხარი კიდეც, მამა ნიკოლოზ, ვიცი, რომ ჩვეულებრივი ადამიანი არ ხართ. რაღაც განსაკუთრებულ ძალას ფლობთ, ეს ძალა საიდან გაქვთ, ეს არ ვიცი და მაპატიეთ, რომ ვყოყმანობ-მეთქი. აქაც გაიღიმა და არაფერი უპასუხია.

შემდეგ უკვე, როდესაც მამა ნიკოლოზი მონასტრიდან წავიდა და თავისებური გზით დაიწყო ცხოვრება, ამან მამა გაბრიელის მრევლში დაბრკოლება გამოიწვია. ერთმანეთში ვსაუბრობდით, რატომ, რა მიზეზით იყო ეს გამოწვეული? იქნებ მონასტერში დაბრუნებულიყო. ვინც როგორ შეძლო, ისე გამოხატა ეს, მაგრამ მამა ნიკოლოზს თავისი გადაწყვეტილება ჰქონდა მიღებული.

სვეტიცხოველთან ახლოს ცხოვრობდა, როდესაც მე და მეუფე იოსები მივედით მასთან. თაფლი წავუღეთ. არ შეუშვა და არც თაფლი მიიღო. არ მენიშნა ეს კარგად. იერარქს მორიდება და პატივისცემა სჭირდება...

ბერი ნიკოლოზი

ბორჯომში ცხოვრების დროს მივდიოდი სანახავად. მერე თბილისში, ფონიჭალაში გადმოსვლისას, აღარ დავდიოდი. ძველი მრევლის შეხედულებას ვითვალისწინებდი. მეც ველოდი მის მონასტერში დაბრუნებას. თანაც მამა გაბრიელს ჰქონდა ნათქვამი, მოძღვრის კურთხევას უნდა დაემორჩილოო. ეს მნიშვნელოვანიაო. ჩემმა მოძღვარმა კი, მიმახვედრა, რომ მამა ნიკოლოზთან არ მევლო და მეც შორს ვიდექი.

- მის კართან და სადარბაზოში მდგომ ხალხზე რას მეტყვით?

- რას არ ეძახიან იქ მდგომებს - სექტას, ცოფიანებს, გიჟებს. ეს ყველაზე არ ითქმის, ყველა ერთი ჯოხით არ გაიდენებაო, ნათქვამია. მაგრამ უმრავლესობა ერთნაირია. გვიკვირს, საიდან შეიყარნენ ეს ადამიანები? ისეთი საშინელი სიტყვებით საუბრობდნენ პატრიარქზე, გამეორება არ შეიძლება.

მამა ნიკოლოზი

მე ჩემ თავს იცით, რაში ვადანაშაულებ? მე ვახსენებდი მამა ნიკოლოზს იმ წიგნებში, რომელსაც მამა გაბრიელზე ვწერდი. ვინც მამა გაბრიელისგან არ იცნობდა მას ან მონასტერში არ დადიოდა მასთან აღსარებაზე, ჩემგან, ანუ ჩემი წიგნებიდან გაიგეს მამა ნიკოლოზის შესახებ. მე მას მამა გაბრიელთან ვაკავშირებდი და ხშირად ვახსენებდი ჩემს გამოცემებში. განსაკუთრებით წიგნში “ გაბრიელ ბერი და მოძღვრის პრობლემა”. მადლობასაც ვუხდი მამა ნიკოლოზს. ერთგვარად, საზოგადოებაზე მისი გაცნობა, ამ წიგნებიდანაც მოხდა.

ასეთი აზრიც იყო, შეიძლება ეს ხალხი, საპატრიაქროს ახლო-მახლო ტერიოტორიას ჩამოაშორა მამა ნიკოლოზმა და თავის კართან შეკრიბაო. არ ვიცი. ბევრი რამ ითქვა.

გული მტკივა, რომ უექიმოდ მოკლეს... აბა, მეტი რა ექნა მალხაზ ჯონორიას - ექიმი მიიყვანა და არ შეუშვეს, ექიმი თქვენ გინდათო. მერე გარდაცვლილი ბერის ცხედარს მაცივარში არ ასვენებდნენ, სად გაგონილა წმინდანის მაცივარში ჩასვენებაო? არადა, ისეთი სიცხე იყო, ადამიანებს სულის მოთქმა უჭირდათ. ასეთ სიცხეში ამდენი ხნის გარდაცვლილის უმაცივროდ დასვენება, საფრთხილო იყო. ზედმეტი სიყვარულით აკეთებენ თუ რითი, ეს მაინც კეთილად არ იხსნება.

მამა ნიკოლოზი

დამჯდარი რომ გარდაიცვალა - ამის ამსახველი ფოტო ყველამ ვნახეთ. თავში ხელი უნდა შემოირტყან იმ ადამიანებმა, ვინც ექიმის მასთან შესვლას ეწინააღმდეგებოდა. იქნებ ერთი პატარა ჩარევით და წამლობით შველებოდა…

საწოლიც არ ჰქონდა. წლების მანძილზე სკამზე მჯდომარე იძინებდა და ათენებდა ღამეებს. ისიც მის უპოვარებას წარმოაჩენდა, რომ გასვენება რიტუალების სასახლიდან მოხდა.

ბერი ნიკოლოზი ბათუმელი იყო. მისი ძმა ზურაბი იქ ცხოვრობს. მამა ნიკოლოზი ბერად რომ აღიკვეცა, ამბობდა, წითისოფლისთვის ის ძველი ადამიანი აღარ არსებობს, ახალი იბადებაო.

ხედვები და სულიერი სიძლიერე ჰქონდა, წუთისოფლის სიამენი დათმობილი ჰქონდა. სულ ქირით ცხოვრობდა, რიტუალების სახლიდან დაიკრძალა. ამ უპოვარებამ ყველა უნდა დაგვაფიქროს. ეს კაცი თავდადებული იყო. მისი ღვაწლი მომავალში გამოჩნდება და უფრო დაფასდება. შურით ბევრი ქილიკობდა მასზე. ამ შურს უნდა ვებრძოლოთ და უკეთესობისკენ როგორ წავიდეთ, ის უნდა ვეძიოთ.

ბერი ნიკოლოზი

მამა კირიონ ონიანი მეუფე შიოს საფლავის თემასთან დაკავშირებით დაუკავშირდა. მეუფე შიომ მახათას პანთეონში გამოუყო ადგილი. სიმართლე გითხრათ, საერთო დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვერც კი წარმომედგინა, რომ ამაზე იქნებოდა თანხმობა, მაგრამ მეუფე შიომ ასეთი სიყვარული გამოავლინა და ეს მისი კურთხევა იყო. როგორც მითხრეს, მახათას პანთეონში დაკრძალვაზე, უარი ბერი ნიკოლოზის ძმას უთქვამს. გული დაგვწყდა... ორ მონასტერს შორის იქნებოდა, ლოცვა და საკმევლით ჩამოვლა არ მოაკლდებოდა საფლავს...

ბერი ნიკოლოზი

- როგორ გგონიათ, სალოსი იყო?

- სალოსობა დაფარული ღვაწლია. შენ თუ იცი, მე თუ ვიცი და იმან იცის, რომ ის სალოსია და ხუთი ადამიანი ლაპარაკობს, რომ სალოსია, მაშინ ასე არ არის და სხვა სახის მოღვაწეა. ყველა სალოსი ქება-დიდების გარეშე მიდის ამ ქვეყნიდან. თუ ვინმე ცუდს ამბობდა მასზე, იმ ხალხის გამო, გარს რომ ეხვია.

- იქნებ ამისთვის სჭირდებოდა კართან ეს ხალხი, რომ მასზე საზოგადოებას ცუდი ეთქვა...

- ყველაფერი შესაძლებელია. წვერი რომ შეიჭრა და დაითხელა, მაშინ სასულიერო პირებიდან ბევრი განიკითხავდა, ნამდვილად არ არის კარგადო. რატომ გააკეთა ეს, ზუსტად როგორ შეგვიძლია ჩვენ ამის თქმა. იქნებ იმიტომ, "დაწყნარდით, ნუ გშურთ ჩემი, მე ნამდვილად არ ვარ კარგადო"...

ბერი ნიკოლოზი

რაც მინახავს, რამდენი ტანჯვა-წამება აქვს გადატანილი, 40 დღიანი შიმშილობები… არ არის ეს ადვილი. გარეგნულადაც ეტყობოდა.

რომ სდომებოდა, ეპისკოპოსიც იქნებოდა და მიტროპოლიტიც. მაგრამ განსხვავებული გზა აირჩია. წუთისოფლის სიამენი სრულად ჰქონდა დათმობილი... ასე სურდა...

ავტორი: თამარ გონგაძე

04/30/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024