ეს არ გამოგრჩეთ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბუნებაში არსებობს მცენარე, რომელიც არამხოლოდ სხვა მცენარეებზე ხანდაზმულია, არამედ ფაქტობრივად უკვდავია.
ეს არის Posidonia oceanica , რომელიც ცნობილია როგორც „ნეპტუნის ბალახი“ ან „ხმელთაშუა ზღვის ლენტისებრი სარეველა.“
როგორც ესპანეთის ეროვნული კვლევითი საბჭოს (CSIC) მიერ 2012 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, Posidonia oceanica ცოცხალი ორგანიზმების უძველესი სახეობაა.
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ეს მცენარე ჩვეულებრივი გაგებით არ კვდება. ის უწყვეტად იზრდება და განახლებასაც თავად ახერხებს.

ხმელთაშუა ზღვაში არსებობს „ნეპტუნის ბალახის“ ერთი უზარმაზარი მასივი, რომლის ასაკი დაახლოებით 100 000 – 200 000 წელია! ეს ნიშნავს, რომ ის ჯერ კიდევ მაშინ არსებობდა, როცა დედამიწაზე ნეანდერტალელები ცხოვრობდნენ.
ეს მცენარე უფრო ძველია, ვიდრე პირამიდები, ბაბილონის ბაღები და თითქმის ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც დღეს არსებობს... და თუ გარემო პირობები არ შეიცვლება, ის კიდევ ათასობით წელს იცოცხლებს.

მცენარის სამეცნიერო სახელწოდება, ზღვის ბერძნული ღმერთის, პოსეიდონის სახელს უკავშირდება. თუმცა მას მრავალი სახელი აქვს და სანამ ოფიციალურ დასახელებას მიიღებდა, ესპანეთში ცნობილი იყო, როგორც „მინის მწარმოებლების წყალმცენარე“. ამის მიზეზი სავარაუდოდ ის იყო, რომ „ნეპტუნის ბალახს“ ვენეციიდან და რომიდან შემოსული მინისა და კერამიკის შესაფუთად იყენებდნენ.
Posidonia oceanica ბუნებაში კრიტიკულად მნიშვნელოვან ეკოლოგიურ როლს ასრულებს - გამოყოფს ჟანგბადს, ამაგრებს სანაპიროებს, რომ ეროზია არ მოხდეს, საცხოვრებელ გარემოს უქმნის უამრავ ზღვის არსებას და დიდი რაოდენობით შთანთქავს CO₂-ს.
ჟანგბადის გამდიდრება მისი ერთ-ერთი სუპერ ძალაა. მეცნიერულად დადგენილია, რომ „ნეპტუნის ბალახი“ 10-ჯერ მეტ ჟანგბადს გამოიმუშავებს, ვიდრე იგივე ფართობის ტყის მასივი ხმელეთზე.

ბუნებაში Poseidonia oceanica გამოიყენება ასევე მისი მდიდარი სამკურნალო თვისებების გამო. ის ცნობილია ნაწიბუროვანი ქსოვილის სწრაფი შეხორცების უნარით, რის გამოც მეთევზეები წყალმცენარეს სპირტში აზავებდნენ და ჭრილობაზე სადეზინფექციო საშუალებად ხმარობდნენ. გარდა ამისა, ესპანელები მიიჩნევდნენ, რომ მის სურნელს პარაზიტების მოგერიება შეძლო. ბალახის მშრალ და სუფთა ფოთლებს, ბრონქიტით დაავადებულთა სამკურნალოდ ბალიშებში დებდნენ.
ეგვიპტეში მას ასევე იყენებდნენ ყელისა და კანის დაავადებების სამკურნალოდ. ზოგიერთი ექიმის აზრით, ის შეიძლება იყოს ალტერნატიული ბუნებრივი საშუალება აკნეს სამკურნალოდ და ვარიკოზული ვენებით გამოწვეული ტკივილის შესამსუბუქებლად.

Posidonia oceanica ხმელთაშუა ზღვაში მნიშვნელოვან ენდემურ ეკოსისტემას ქმნის. თავისი უნიკალური ღირებულებების გამო, მცენარე 1999 წლიდან იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეყვანილი.
11/06/2025