რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
გიორგი ბარდაძე იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, მამა გაბრიელთან რომ ახლო ურთიერთობა ჰქონდათ, მას ხშირად, თითქმის ყოველდღე ნახულობდნენ, კელიაში ესხდნენ და სალოსი ბერის სიბრძნეებს ისრუტავდნენ. მის სიტყვებს რომ კარგა ხნის შემდეგ აღმოცენებულ ჭეშმარიტებად იღებდნენ. სწორედ იმ დროს გაიცნეს ბერი ნიკოლოზ მაქარაშვილი, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო ბერად აღკვეცილი...
გიორგი ბარდაძე „ზმნასთან“ ამჯერად სწორედ მას იხსენებს და დასძენს, რომ ბერი ნიკოლოზი სალოსი იყო. ყველა ჩარჩოს გაცდენილი უცნაური რამ, სწორედ ამიტომ ხდებოდა მის მიერ თუ მის გარშემო...

გიორგი ბარდაძე: მამა გაბრიელი 1993 წელს გავიცანი. იყო პერიოდი, იმ ორი წლის მანძილზე, მასთან ყოველდღეც მივდიოდი, თუმცა იყო ისეთი პერიოდიც, რამდენიმე კვირა ან თვეც გასულა ისე, რომ მასთან არ მივდიოდი. იცით, რა იცოდა? დაგალევინებდა, ძალიან გაგიშინაურებდა, მერე უცებ გამხელდა რაღაცაში. ან ძალიან მოგესიყვარულებოდა, გაგახარებდა, გაგაოცებდა - მიხვდებოდი, რომ ამხელა სიყვარული არასდროს გიგრძვნია. გაგხსნიდა. ქართველები ხომ ასე ვართ, "ღვინოში" გულწრფელად ვლაპარაკობთ.
ნაძალადევში იმ ქუჩაზე, სადაც ვცხოვრობდი, ერთხელ მამა ნიკოლოზმა ქეთევან ბექაურთან ერთად გამოიარა. არ ვიცოდი, ვინ იყო და ქეთევანმა გამაცნო, ეს მამა გაბრიელის მორჩილი, მამა ნიკოლოზიაო. უკვე ბერად იყო აღკვეცილი. მე დავიწყე იმ საქციელების გამეორება, რასაც მამა გაბრიელი აკეთებდა, მასავით ხელები გავშალე, მისი ხმის ტონით ავმეტყველდი და მისი მანერებით გავყევი დაახლოებით, ორი ავტობუსის გაჩერება. მამა ნიკოლოზი არ გაჩერებულა, თავჩუღუნული სერიოზული სახით მიდიოდა. 15 წუთი ასე ვლაპარაკობდი და უცებ გაჩერდა, კაი ახლა, შენ კაი ბიჭი ხარ და წადიო, მითხრა. მე უცებ გავოგნდი, აბსოლუტურად გამოვფხიზლდი, ცოტა გამეღიმა. ამ შეხვედრის შემდეგ ვცდილობდი მენახა, მაგრამ ვერ ვნახე, ვერ გადავაწყდი მამა გაბრიელთან.
მხოლოდ მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ ვნახე. ვნახე და ძალიან ნელა დავუახლოვდი. მანამდე სულ მინდოდა მისი ნახვა და მასთან სიარული... მერე იცით, რა გრძნობა დამეუფლა - მამა გაბრიელის გარდაცვალების შემდეგ, სულ ვეძებდი მის გამგრძელებელს, უკმარისობის განცდა მქონდა, რომ ის ისე წავიდა, რომ არავინ დატოვა. და ამ დროს მამა ნიკოლოზი აღმოვაჩინე. ნელ-ნელა ვგრძნობდი, რომ მამა ნიკოლზს ჰქონდა დიდი ძალა, ხედვის უნარი, ჭრეტა, სიმკაცრე. ნელ-ნელა, მასთან ურთიერთობაში ვხედავდი, რომ მინდოდა კარგისკენ შეცვლა. ეს წლები გაგრძელდა.
ბერი ნიკოლოზი 1994 წელს წავიდა მონასტრებიდან - სვეტიცხოვლიდან და ოლღას მონასტრიდან. ეს იყო ხარებას. ტაძრიდან მის წამოსვლას თავისი მიზეზი ჰქონდა. ეს ბევრმა არ იცის. მამა გაბრიელმა უთხრა, შენ ვერ გამიგებ მე, ნიკოლოზ, სანამ ჩემნაირად ქუჩა-ქუჩა არ იწანწალებო. არ არის პრობლემა, მამა გაბრიელ, მაგრამ ეს მრევლი მე არ მომეშვებაო. მასთან თითქმის იგივე ხალხი დადიოდა, ვინც მამა გაბრიელთან, 70-80 პროცენტი. იმდენად უყვარდათ, რომ არ შეეშვებოდნენ და ეს მშვენივრად იცოდა მამა ნიკოლოზმა. მამა გაბრიელმა უთხრა, მე მომანდე ეგ საკითხი, მე მოგაშორებ მაგ ხალხსო. და ამ ძალიან კარგ ხალხთან, დაახლოებით 10-12 კაცთან, მამა გაბრიელმა დაიწყო ასეთი ლაპარაკი: თქვენი ბრალია, რომ მამა ნიკოლოზს არჩენთ, ბერი უნდა იყოს მონასტერში, რა უნდა ბერს ქუჩა-ქუჩა რომ დაწანწალებს, ის დაეცემა... თქვენი ბრალია, რომ საჭმლით, ბინის ქირაობით, თანხით ეხმარებითო...

პირველი მისი საცხოვრებელი, როცა უკვე დაიწყო სხვადასხვა სახლში ცხოვრება, ეს იყო ონიანების ოჯახი, მამა კირიონ ონიანის ძალიან კარგი ოჯახი. იქ ოჯახთან ერთად, რვა თვე ცხოვრობდა. მამა გაბრიელმა მცხეთიდან თბილისში ჩამოაკითხა და მამა ნიკოლოზი თითქოს იქიდან გაექცა. თითქოს არ დაემორჩილა. ეს ხალხის დასანახად მოხდა. დღემდე არ ვიცით, ხალხის დასანახად მოიქცა ასე მამა გაბრიელი თუ რატომ. ის იშვიათად ტოვებდა თავის კელიას და მცხეთას. რა მოლაპარაკებამ ჰქონდა მამა გაბრიელს და მამა ნიკოლოზს, ეს აბსოლუტურად არავინ იცის. ათასი წლის წინ სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი წერდა, მოძღვარსა და მოწაფეს შორის დიდი საიდუმლო ურთიერთობაა და ამას ვერავინ იგებს. მამა ნიკოლოზს ნათქვამი აქვს, მთავარი ის კი არ არის ხალხი რას ფიქრობს, მთავარი ის არის, მამა გაბრიელმა როგორ მაკურთხაო...
შემდეგ უკვე მამა ნიკოლოზმა დაიწყო ბინა-ბინა სიარული, დაახლოებით 40-მდე ბინა გამოიცვალა. იმათ, ვისაც მამა გაბრიელი ეჩხუბებოდა, ნუ ეხმარებით, დაეცემა და გაგიჟდებაო, თითქმის ყველა მათგანს ეგონა, რომ მამა ნიკოლოზს მართლა ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა, რადგან ის მონასტრიდან და მამა გაბრიელისგან წავიდა. პატრიარქმა მეუფე იოსების პირით შეუთვალა, ჯვარი დადოსო. დაემორჩილა და მღვდლობა დროებით შეუჩერდა. ჩემი აზრით, მამა ნიკოლოზი ელოდა, პატრიარქი როდის აღუდგენდა მღვდლობას, თვითონ არ მისულა პატრიარქთან, ეს არ უთხოვია.
2005 წელს მან მდუმარება დაიწყო და სიცოცხლის ბოლომდე მდუმარებაში იყო...
სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველის სიტყვები, ზუსტად მამა ნიკოლოზზეა:
"განდეგილობა და ადგილსამყოფელის გამოცვლა ერთი და იგივე როდია. მართალია, ერთიც და მეორეც გადასახლებაა, მაგრამ ორივე ხსვადახსვანაირი. პირველი იმათ ემარჯვებათ, რომლებიც გულისთქმას ებრძვიან, მათ ამგვარად განაწყობს ზანტი და ორჭოფი გონება, ანდა ფიცხელი აღტყინება ახალ-ახალ ბრძოლებზე ოცნებაში. მეორე ხელეწიფებათ ამა სოფლისთვის ჯვარცმულთ რომლებიც გამუდმებით იმის ცდაში არიან, რომ ღმერთთან და ანგელოსებთან თანამყოფობდნენ და არასოდეს დაუბრუნდნენ ადამიანურ ყოფას."

- რეალურად როგორი იყო ის?
- მას ისევე ჰქონდა ზემოქმედების ძალა, რომ კარგისკენ შეეცვალა და გაებედნიერებინა ადამიანი, როგორც მამა გაბრიელს. ის არანაკლები ძალის იყო. ჭრეტდა, აზრებს კითხულობდა და ძალიან დიდი უბრალოება ჰქონდა. ძალიან დიდი თავმდაბლობით და ასკეტობით მოპოვებული ძალა გააჩნდა, რომლის დაფარვასაც ყველანაირად ცდილობდა. ეს რომ ხალხს გაეგო, ენას ვერ გააჩერებდნენ. მერე ეს მთელ მსოფლიოს მოედებოდა, ნახეთ, როგორი ბერია საქართველოშიო. ეს მას არ სურდა. ბოლომდე სასწაულად ფარავდა თავის გასაოცარ ძალას.
ძალიან დიდი მოაზროვნე იყო. გენია იყო. დღესაც კი ბევრ საულიერო პირს ჰგონია, რომ ფსიქიკურად ცუდად იყო. არადა, ბერ ნიკოლოზს იმხელა ძალა და გონების შესაძლებლობა ჰქონდა, რომ სხვას, თუნდაც სასულიერო პირს, ის შეშლილი ჰგონებოდა.
მე ვფიქრობ, რომ ის ყველანაირად თავს იმდაბლებდა და თავის ნამდვილ სახეს ფარავდა.

- სალოსობას ფარავდა?
- ის უდიდესი სალოსი იყო. თუმცა მე ამას მოგვიანებით მივხვდი. ხომ გახსოვთ, "ქრისტე ღმერთი ნარიმანი", "ღმერთი ნიკოლოზი" ფურცელზე დაწერდა ხოლმე, როგორც ხელმოწერას. ვფიქრობდი ხოლმე, რატომ წერდა ამას.
მალხაზ ჯინორია ხან ეკამათებოდა, ხან ვერ უძლებდა მამა ნიკოლოზის სალოსურ მოქმედებებს. ერთხელაც მამა ნიკოლოზი ეუბნება, რა არის იცი, მალხაზ, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. ღმერთობა მინდა. წარმოიდგინე, რა ცუდი ვარ, ეშმაკის დონეზე ვარ, ღმერთობა მინდაო. (ვის უნდოდა ღმერთობა? დაცემულ ანგელოზს) ამას სპეციალურად ამბობდა...
მერე, მისი ამ ნაწერების გავრცელების შემდეგ, მრევლის ნაწილი, ვინც მის კართან იდგა, მას ქრისტეს და ყოვლის მპყრობელს ეძახდა... გადაღლილი მამა ნიკოლოზიც არაფერს ეუბნებოდა... მთელი ცხოვრება მარხულობდა, შიმშილობდა, წვალობდა, სკამზე იძინებდა, ამ ხალხს კი, არაფერს ეუბნებოდა, ზოგჯერ იღიმოდა, ზოგჯერ თავს უქნევდა...
საქართველოს მოსახლეობის 99 პროცენტი დასცინოდა, ნახე, ბიჭო სექტანტია, თავი ქრისტე ჰგონია, ნახე, ახალი სექტაა საქართველოშიო, ამბობდნენ. აგინებდნენ, აფურთხებდნენ, შეურცხყოფას აყენებდნენ, სასულიერო პირები გამოდიოდნენ და განიკითხავდნენ, ხომ შეუძლია ეს ხალხი გააჩეროს, რატომ არ აჩერებსო? ვერ მიხვდენენ, რომ სალოსი იყო? თვითონ ბერი ნიკოლოზი ამბობდა, სალოსს თუ ვერ მიხვდი, რაღა სასულიერო პირი ხარო?
არავინ მითხრას, რომ ვინმემე იცის, რა არის სალოსობა. არავინ შემეკამათოს. სალოსობას ადამიანის გონება ვერანაირად ვერ წვდება. ვიღაცას ნუ ჰგონია, რომ სალოსობა შიშველი სიარული, ან ქუჩაში მოსაქმებაა...
ერთხელ მამა ნიკლოზმა მითხრა, ყველანაირი მოღვაწეობა გადადის მოძღვრიდან მოსწავლეზე, მოწამეობა, მესვეტეობა, აღმსარებლობა, ყველანაირი - სალოსობის გარდაო... მეც მჯეროდა, რომ სალოსობა არ გადადიოდა მასწავლებლიდან მოწაფეზე. გამიგეთ ამით რა გააკეთა? მე რომ არ მელაპარაკა მასზე. იცოდა, რომ გამიჭირდებოდა გაჩუმება და ხალხში ვიტყოდი, მამა გაბრილის მსგავსად, ბერი ნიკოლოზიც სალოსია-მეთქი...
მე წიგნი გამოვეცი სალოსობაზე. იქ ვწერ ვრცლად. ამაზე დიდი მოღვაწეობა არ არსებობს. კათოლიკურ ქრისტიანობაში სალოსობა არ არსებობს. მართლმადიდებლოაბში ძალინა ცოტაა...
ნამდვილი სალოსები თითზე ჩამოსათვლელები არიან. მეუფე ილარიონი იყო დიდი სალოსი. დევნილი, ძალიან ნატანჯი. მას ვერ უგებდნენ. პატრიარქმა მიტოპოლიტის ხარისხში გარდაცვალების შემდეგ აიყვანა.
სალოსობა დღემდე შეუსწავლელი ფენომენია.
სალოსის ხშირი მოსვლა ქვეყანაში, არ ყოფილა კარგი. სალოსი, როგორც შხამსაწინააღმდეგო საშუალება, მოდის მაშინ, როცა ეკლესია შეხმატკბილებულია მთავრობასთან.

ბერმა ნიკოლოზმა კი გარდაცვალების მერეც დაგვანახა, თუ როგორი დიდი და გამოუცნობელი მამა იყო, უბრძენესი კაცთა შორის, უდიდესი გონებისა და სულის მატარებელი, ღმერთშემოსილი და უდიდესი სალოსი, უდიდესი მესვეტე და მდუმარე, გამოუცნობელი, უდიდესი თავმდაბალობის მქონე მსოფლიოს მართლმადიდებლური ქრისტიანობის 2000 წლიან ისტორიაში, ბრძენთა ბრძენი. რა ვიცი, ძნელია ლაპარაკი ნამდვილ წმინდა მამაზე, ცეცხლივით წმინდაზე, რომელმაც ბოლომდე შეინახა უდიდესი წმინდა მამის და მასწავლებლის, წმინდა ბერი გაბრიელის ერთგულება და ძალიან დიდი უბრალოებით წავიდა.
ხალხი იმ დასკვნამდე ვერ მიდის, რომ ღმერთს ყველაფერი შეუძლია. რომ ჩვენს თანამედროვეობაში, 21-ე საუკუნეში, შეიძლება არსებობდეს წმინდა ცხოვრებით მცხოვრები უდიდესი ადამიანი, ღმერთმა მას მიანიჭოს სულიწმინდის მადლი და იყოს ღმერთშემოსილი. ამიტომაც ბევრს არ სჯეროდა, რომ ჩვენი დროის ბერი, ნიკოლოზ მაქარაშვილი, მამა გაბრიელის მსგავსად, დიდი წმინდანი იყო და არის.
მას არა მხოლოდ სალოსის, მესვეტეობის ღვაწლიც ჰქონდა თავის თავზე აღებული. რითი იკვებებოდა, არავინ იცის. იყო მშიერი, ძალიან გამხდარი. არც გაზს მოიხმარდა, არც ელექტროენერგიას, არც გათბობას. ფანჯრებზე ცელოფნები ჰქონდა გაკრული, რომ გარეთ არ გაეხედა. ათ წელზე მეტი სკამზე მჯდომარეს ეძინა და არც ის ვიცით, საერთოდ, რამდენ ხანს იძინებდა.
მისი წმინდანობა იმითაც დასტურდება, რომ ხმასაც კი არ იღებდა და მასთან სიახლოვისას, სინანული გეუფლებოდა. ეს განცდა ბევრს ჰქონდა. ბევრი ცრემლადაც იღვრებოდა. ეს დიდი წმინდანის ერთ-ერთი ნიშანია. მთავარი კი ის არის, რომ ადამიანის დადებითისკენ შეცვლა-შებრუნება შეეძლო. სახარებას აბსოლუტურად სხვა კუთხით დაგანახებდა...

ეს რაც მოგიყევით, ჩემი პირადი მოსაზრება და დასკვნაა, ვისაც არ მოსწონს, ან არ ეთნახმება, აქ ან სხვა მიზეზია, ან სხვაგვარად ფიქრობს. ყველას შეუძლია საკუთარი დასკვნა გააკეთოს.
05/08/2026