Logo

ჯანმრთელობა

იწვევს თუ არა ჭადარი ალერგიებს? - ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს

იწვევს თუ არა ჭადარი ალერგიებს? - ბიძინა კულუმბეგოვი განმარტავს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-


ქალაქების გამწვანებაზე საუბრისას ხშირად ისმის კითხვები იმის შესახებ, თუ რომელი მცენარეა უსაფრთხო მოსახლეობის ჯანმრთელობისთვის და რას მოაქვს რეალური სარგებელი ურბანული ეკოსისტემისთვის?


თანამედროვე აერობიოლოგიური კვლევები სრულიად განსხვავდება წლების განმავლობაში გავრცელებული მითისგან, რომლის მიხედვითაც,ალერგიული რეაქციებისა და ასთმის მთავარ „ბრალდებულად“ ჭადარი ითვლებოდა.

ჭადარი

ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განმარტებით, ჭადრის მტვრის ალერგენული პოტენციალი შედარებით დაბალია, ხოლო ქალაქებში მასიურად დარგული კვიპაროსი ჯანმრთელობისთვის გაცილებით მაღალ რისკს შეიცავს.

რატომ იღებენ გადაწყვეტილების მიმღებები სწრაფად მზარდი, თუმცა მაღალალერგიული მცენარეების დარგვის გადაწყვეტილებას და როგორ უნდა შეიცვალოს ურბანული დაგეგმარების პოლიტიკა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სასარგებლოდ?
ამ თემაზე ბიძინა კულუმბეგოვმა მეგი საჯაიას სამედიცინო პოდკასტში ისაუბრა.

„ჭადარს ებრძოდნენ... ჭადარი იყო აღიარებული, როგორც ასთმის ერთ-ერთი მიზეზი. ამ დროს თანამედროვე აერობიოლოგიურმა და პოლინაციურმა კვლევებმა აჩვენა, რომ პოტენციური ძალა ჭადრის ყვავილისა და მტვრის მარცვლისა, ძალიან სუსტია. ის მექანიკური გამღიზიანებელია, რომელიც დიდი მოცულობით გადაადგილდება და თუ სასუნთქ გზებში მოხვდა, შესაძლოა ხველა ნებისმიერ ადამიანს დააწყებინოს.

ჭადარი


მაგრამ ჭადარზე უარესი და უფრო ალერგიულია მაგალითად, კვიპაროსის ყვავილი, რომელიც ახლა აქტუალურია ურბანულ განაშენიანებაში, იმიტომ რომ ადვილად არის ხელმისაწვდომი და ადვილად იმარჯვებს ტენდერებში, რადგან დარგვიდან მეორე-მესამე წელს უკვე იმ ზომას აღწევს, რომ გაიყიდოს და ტენდერში შევიდეს. ამიტომაც ახლა კვიპაროსის მასიური გავრცელებაა.

კვიპაროსი


ამ დროს, კვიპაროსის ყვავილის მტვრის პოტენციური ძალა ალერგიების გამოწვევის თვალსაზრისით,"არიზონიკა" იქნება თუ "სემპერვირენსი" - 5 ქულით ფასდება, ანუ მაქსიმუმით. ხოლო ჭადრის მხოლოდ 3 ქულით.

ჭადარს შეუძლია, ისე იმუშაოს, როგორც ჟანგბადის წყარომ. იმიტომ რომ დიდი ხეა, დიდი ფოთოლი აქვს და ძალიან დიდი სარგებელი მოაქვს.

ჭადარი


სწორედ ასეთი დაკვირვებაა საჭირო გადაწყვეტილების მიმღებების მხრიდან. სასურველია, რომ მათ აქცენტი ფოთლოვან ხეებზე გააკეთონ.მერე რა რომ, ასეთი ხეები შედარებით გვიან იზრდება.


ეს საკითხი გარკვეულწილად ადვოკატირებას საჭიროებს, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ამა თუ იმ პლატფორმის გამოყენებას, რომ ქალაქის გამწვანების ნაწილსაც, როგორც ჩვენი ურბანული ჯანმრთელობის განუყოფელ ნაწილს, დიდი ყურადღება მივაქციოთ," - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/30/2026

ალერგიაბიძინა კულუმბეგოვიგამწვანებაკვიპაროსიჭადარი
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024