Logo

სასარგებლო რჩევები

იწვევს თუ არა მზის დამცავი კრემი კანის კიბოს? - მითები, რეალური კვლევები და ექიმის განმარტება

იწვევს თუ არა მზის დამცავი კრემი კანის კიბოს? - მითები, რეალური კვლევები და ექიმის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სოციალურ ქსელებსა და მედიასივრცეში პერიოდულად ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს მზის დამცავი კრემი კანის კიბოს პრევენციის ნაცვლად, თავად იწვევს მას.
მსგავსი მითები ხშირად სამეცნიერო კვლევების არასწორი ინტერპრეტაციიდან და კონსპიროლოგიური თეორიებიდან იღებს სათავეს, რაც მოსახლეობაში დაბნეულობასა და არასწორ ქცევას იწვევს.


რეალურად რას აჩვენებს კვლევები და რატომ წარმოიშვა ეს მცდარი შეხედულება? აღნიშნულ საკითხზე ექიმი არჩილ მარშანია დეტალურად განმარტავს კვლევების რეალურ შინაარსსა და მზისგან დამცავი საშუალებების სწორად გამოყენების მნიშვნელობას.

არჩილ მარშანია


„ალბათ ბევრჯერ გსმენიათ გავრცელებული მითი იმის შესახებ, თითქოს მზის დამცავი კრემი კანის კიბოს იწვევს და ეს კვლევებითაც დასტურდება.
რეალურად, ეს არის სრული ტყუილი და სამეცნიერო კვლევის სრულიად არასწორი ინტერპრეტაცია.

მსგავს მცდარ ინტერპრეტაციებს ხშირად ავრცელებენ კონსპიროლოგები და შარლატანები, რომლებიც ცდილობენ დაარწმუნონ საზოგადოება, თითქოს მედიცინა მათ ვნებს, ხოლო შემდეგ საკუთარ, ე.წ. „სასწაულმოქმედ“ პროდუქტებსა თუ კვებით დანამატებს სთავაზობენ.

მზისგან დაცვა

სინამდვილეში, კვლევაში კანის კიბოსა და დამცავი კრემის „კორელაცია“ გამოწვეულია სამი ძირითადი დამაბნეველი ფაქტორით:

  1. მაღალი საწყისი რისკი

მზის დამცავს გაცილებით ხშირად მოიხმარენ ის ადამიანები, ვისაც ისედაც აქვთ კანის კიბოს განვითარების მაღალი რისკი. მაგალითად, ძალიან ღია ფერის კანი, წარსულში გადატანილი კანის კიბო ან მზისგან მიღებული დამწვრობები.

მზისგან დაცვა

2. არასწორი გამოყენება და დოზირება

ხშირად ადამიანები დამცავ კრემს არასწორად ან არასაკმარისი დოზით ისვამენ, რაც ჯეროვან დაცვას ვერ უზრუნველყოფს.

3. ცრუ უსაფრთხოების განცდა

კრემის წასმის შემდეგ ადამიანებს ჰგონიათ, რომ სრულიად დაცულნი არიან (თითქოს „ჯავშანი“ ეცვათ) და მზეზე გაცილებით დიდ დროს ატარებენ, ვიდრე უსაფრთხოა.

მზისგან დაცვა

შესაბამისად, კიბოს განვითარების მიზეზი მზის დამცავი კრემი კი არ არის, არამედ კანის საწყისი მაღალი რისკი, მზეზე ხანგრძლივად ყოფნა და კრემის არასწორი გამოყენება.

ხშირად დამცავ კრემს „რუჯის მისაღებად“ ისვამენ, რეალურად კი მისი დანიშნულებაა, რომ რუჯი საერთოდ არ მივიღოთ.

კანის ფერის ცვლილება (გარუჯვა) უკვე კანის უჯრედების დნმ-ის დაზიანების ნიშანია.

მზისგან დაცვა

სწორედ ამიტომ არის აუცილებელი დამცავი კრემის სწორი დოზითა და წესების დაცვით გამოყენება.

ეს სიტუაცია წააგავს ლოგიკურ აბსურდს: წარმოიდგინეთ კვლევა, სადაც წერია, რომ შაკიკის მქონე ზრდასრული ადამიანები ბავშვობაში ტკივილგამაყუჩებელს სვამდნენ და თავი მაინც სტკიოდათ, საიდანაც ვინმემ დაასკვნას, რომ თავის ტკივილს ტკივილგამაყუჩებელი იწვევს. ეს აბსურდია. თავის ტკივილს იწვევს დაავადების საწყისი რისკი და არა წამალი, ხოლო წამლის არასწორი დოზირება პრობლემას ვერ აიცილებს.“ - განმარტავს ექიმი.

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

08/27/2026

არჩილ მარშანიაკიბოს რისკიმზისგან დამცავიმითები
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024