
09/11/2026
თუ ჩაის ან ყავას თითქმის ადუღებულ მდგომარეობაში სვამთ, შესაძლოა, ღირდეს სასმლის გაგრილებას რამდენიმე წუთით დაელოდოთ.
ახალმა მასშტაბურმა კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან ცხელი სასმელების რეგულარული მიღება საყლაპავის კიბოს ერთ-ერთი ტიპის განვითარების გაზრდილ რისკთან არის დაკავშირებული.

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევრებმა ორი დიდი ბრიტანული კვლევის (UK Biobank-ისა და Million Women Study-ის) მონაწილე, თითქმის მილიონი ადამიანის მონაცემები გააანალიზეს.
მონაწილეებს ათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკვირდებოდნენ და სწავლობდნენ, ჰქონდა თუ არა მნიშვნელობა ჩაისა და ყავის მიღების სიხშირესა და სასმლის ტემპერატურას.
შედეგები განსაკუთრებით თვალსაჩინო საყლაპავის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის შემთხვევაში აღმოჩნდა.
ადამიანებს, რომლებიც სასმელს „ძალიან ცხელს“ ამჯობინებდნენ, დაავადების განვითარების რისკი დაახლოებით სამჯერ მაღალი ჰქონდათ მათთან შედარებით, ვინც ჩაისა და ყავას უბრალოდ თბილს სვამდა.

მნიშვნელობა ჰქონდა რაოდენობასაც. დღეში ექვსჯერ ან მეტჯერ ცხელი სასმლის მიღება ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის დაახლოებით 71%-ით მაღალ რისკს უკავშირდებოდა, მაშინაც კი, როდესაც მკვლევრებმა სასმლის ტემპერატურა გაითვალისწინეს.
კვლევის პერიოდში მონაწილეებს შორის საყლაპავის კიბოს 2 348 შემთხვევა გამოვლინდა.
რატომ შეიძლება იყოს ძალიან ცხელი სასმელი საზიანო? მკვლევრების ვარაუდით, მთავარი პრობლემა თავად ჩაი ან ყავა არ არის.
საყლაპავის ლორწოვან გარსს, შესაძლოა ძალიან მაღალი ტემპერატურა რამდენჯერმე განმეორებით აზიანებდეს.
ხშირი თერმული დაზიანება და მის შედეგად განვითარებული ანთებითი პროცესები კი დროთა განმავლობაში შეიძლება ხელს უწყობდეს უჯრედებში ისეთ ცვლილებებს, რომლებიც კიბოს განვითარების ალბათობას ზრდის.

სწორედ ამიტომ, კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტო, 65°C-ზე მაღალი ტემპერატურის სასმელების მიღებას, კანცეროგენურად ჯერ კიდევ 2016 წლიდან მიიჩნევს.
მნიშვნელოვანია, რომ ეს შეფასება ეხება ტემპერატურას და არა კონკრეტულად ყავას ან ჩაის.
ახალი კვლევის ავტორებს სასმელების რეალური ტემპერატურა უშუალოდ არ გაუზომავთ. კვლევის მონაწილეები თავად მიუთითებდნენ, როგორი ტემპერატურის სასმელს სვამდნენ - თბილს, ცხელს თუ ძალიან ცხელს.
ამიტომ კვლევა ვერ გვაძლევს ზუსტ პასუხს, რამდენი გრადუსიდან იწყება რისკის მატება და არც იმას ამტკიცებს, რომ ცხელი სასმელი თავისთავად აუცილებლად იწვევს კიბოს. ის აჩვენებს ძლიერ კავშირს სასმლის მაღალ ტემპერატურასა და დაავადების მომატებულ რისკს შორის.

პრაქტიკული რეკომენდაცია კი საკმაოდ მარტივია, ჩაი ან ყავა დალევამდე ოდნავ გააგრილეთ და ნუ დალევთ მაშინ, როცა ის პირსა და ყელს წვავს.
გააზიარე სტატია