Logo

ჯანმრთელობა

იწვევს თუ არა წნევის მარეგულირებელი წამლები ხველას? - ექიმის განმარტება

იწვევს თუ არა წნევის მარეგულირებელი წამლები ხველას? - ექიმის განმარტება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ხშირად პაციენტები, რომლებიც ჰიპერტონიის საწინააღმდეგო მკურნალობას იწყებენ, მოულოდნელ და შემაწუხებელ პრობლემას, გახანგრძლივებულ მშრალ ხველას აწყდებიან. ბევრი ამ სიმპტომს გაციებას ან სხვა რესპირატორულ დაავადებას მიაწერს, თუმცა რეალური მიზეზი შესაძლოა უწყინარ მედიკამენტში იმალებოდეს.

ექიმი ირაკლი მიქაძე წნევის მარეგულირებელი პრეპარატების იმ სპეციფიკურ ჯგუფზე საუბრობს, რომელთა ერთ-ერთი დამახასიათებელი გვერდითი ეფექტი სწორედ მშრალი ხველაა.

როგორ ამოვიცნოთ ეს მედიკამენტები მოქმედი ნივთიერების მიხედვით, რა უნდა მოვიმოქმედოთ სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში და რატომ არ ღირს პანიკაში ჩავარდნა? ნახეთ ექიმის რეკომენდაციები და გაიგეთ მეტი თქვენი ჯანმრთელობის შესახებ.

წნევა

„ნებისმიერ წნევის მარეგულირებელზე ხველა დაგეწყოთ? არცთუ იშვიათი შემთხვევაა, როდესაც დაიწყებთ ჰიპერტონიული დაავადების მკურნალობას, ეგრეთ წოდებული წნევის მარეგულირებელი მედიკამენტით და ამას მოჰყვა მშრალი, გახანგრძლივებული ხველა. ეძებთ სხვადასხვა მიზეზს და ამ დროს მიზეზი უხშირეს შემთხვევაში არის ზუსტად იმ ეგრეთ წოდებულ მარეგულირებელში. ან თუნდაც ისე, ეპიზოდურად (რასაც არ გირჩევთ) იღებთ პრეპარატს, რომელიც წნევის დამწევია და ხდება ისე, რომ ხველა იწყება.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

ახლა გეტყვით მედიკამენტების ჯგუფს, რომელიც იწვევს ასეთ მშრალ ხველას. ამ პრეპარატების მოხსნის შემდეგ, ხველა თავისით ალაგდება. თუ ესე არ მოხდა, ესე იგი მიზეზი სხვაგან უნდა ეძებოთ.

პაციენტებს, რომლებსაც ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების, ან ასთმის, ან სხვა პრობლემის გამო აქვთ მშრალი ხველა და ხველა მათი მდგომარეობის ერთ-ერთი გარეგნული გამოვლინებაა, ასეთი პრეპარატები არ უნდა დაენიშნოს და ექიმები არც ნიშნავენ ამ მედიკამენტებს ასეთ პაციენტებთან.

ეს არის პრეპარატები, რომლის მოქმედი ნივთიერების სახელიც მთავრდება „პრილზე“ (-pril). შეიძლება სავაჭრო სახელი, ანუ ის სახელწოდება, რაც პრეპარატს დიდი ასოებით აწერია, ასოების ამ კომბინაციით არ მთავრდებოდეს, მაგრამ ყურადღება უნდა მიაქციოთ მოქმედი ნივთიერებას, რაც პრეპარატზე, როგორც წესი, პატარა ასოებით აწერია.

თუკი პრეპარატის სახელი ბოლოვდება „პრილით“, ეს პრეპარატი ზუსტად არის იმ ჯგუფიდან, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს მშრალი ხველა.

ხველა

ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს, რომ ეს პრეპარატები ცუდია და არ უნდა გამოიყენოთ . არა, ძალიან კარგად მოქმედი პრეპარატებია, მაგრამ მათი ერთ-ერთი გვერდითი ეფექტი ეს არის. სხვათა შორის, არ არსებობს არცერთი პრეპარატი, რომელსაც გვერდითი ეფექტი არა აქვს, უბრალოდ არ არსებობს. მაშინ ის პრეპარატი პრაქტიკულად არც ყოფილა.

და თუ ასეთი შემთხვევა გქონიათ, თუ რომელიმე წნევის მარეგულირებელზე ხველა დაგწყებიათ, ეს ტრაგედია არ არის. ასეთ დროს წყდება ეს პრეპარატი და სხვა ჯგუფის პრეპარატი ინიშნება, რომელსაც მსგავსი გვერდითი ეფექტი არა აქვს. ასე რომ, მშვიდად შეგიძლიათ იყოთ. წარმატებებს და ჯანმრთელობას გისურვებთ!” - ამბობს ექიმი.

ავტორი: ზმნა

04/30/2026

ექიმიირაკლი მიქაძეწნევის მარეგულირებელიხველა
Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024