Logo

კულტურა

ჯადოქარი, სიურეალისტი და "ოფოფებიანი" გენიოსი - სერგო ფარაჯანოვი 102 წლის გახდებოდა

ჯადოქარი, სიურეალისტი და "ოფოფებიანი" გენიოსი - სერგო ფარაჯანოვი 102 წლის გახდებოდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სერგო ფარაჯანოვი - გენიოსი, რომელიც ნამდვილი თბილისური ბომონდისა და იმ პერიოდის თბილისური სუბკულტურის განუყოფელი ნაწილი გახლდათ, მთაწმინდაზე დაბადებულა. აქაურობით იყო გაჟღენთილი. თუმცა მას კონკრეტული ეროვნება ნამდვილად არ სჭირდებოდა. იყო მსოფლიო მოვლენა, მასშტაბური ფიგურა.

სიურეალისტმა კინოში იჯადოქრა და მსოფლიო გააოცა.

თბილისური ელიტა თავს "სერჟიკას ახლობლად" აცხადებდა. აქ ჩამოსული ვარსკვლავებიც მის ნახვას ესწრაფოდნენ. მის ცნობილ სახლში სანახაობისთვის მიდიოდნენ. თუმცა ასეთ ხმაურში მცხოვრებიც კი ახერხებდა მარტოობას.   

იური მეჩითოვის წყალობით, მისი ბევრი სახასიათო ფოტო შემოგვრჩა, ნამდვილი სერგოს სახე, საიდანაც დაახლოებით მაინც ვიგებთ, რა "ოფოფებიანიც" გახლდათ...

სომხური წარმოშობის ქართველი და საბჭოთა კინორეჟისორი, სერგო ფარაჯანოვი 102 წლის გახდებოდა...

სერგო ფარაჯანოვისერგო ფარაჯანოვისერგო ფარაჯანოვი

"თვითონ აწყობდა კომპოზიციებს და მეუბნებოდა, აი, ასე გადავიღოთო. სერგოს ცნობილი სურათიც კი, ნახტომში როცაა გადაღებული, ესეც კი მისი ჩანაფიქრი იყო, ეს არ არის შემთხვევითი კადრი", — ამბობს იური მეჩითოვი.

მიწიერი ცხოვრებისთვის 66 წელი მიეცა, უკვდავება კი, ამ მოკლე დროში, თავად მოახერხა...

სილამაზის მოტრფიალე ხელოვანის სული, მშვენივრად ჩანს მის ფილმებში. ფერების, მისეული ესთეტიკისა და ტემპორიტმის კადრები, რეალობას ახლა გწყვეტს და წარმოიდგინეთ, 40 წლის წინ, რა შეგრძნებას შობდა, იმ იდეოლოგიური მარწუხების ეპოქაში. მაგრამ მის შემოქმედებას უდროობა "სჭირს." დროში არ არის მოქცეული ისევე, როგორც ყველაფერი ჭეშმარიტი. 

სერგო ფარაჯანოვისერგო ფარაჯანოვი

მან შექმნა პოეტური კინო მულტიკულტურული ელემენტებით. ფარაჯანოვთან გვხვდება - ქართული ფოლკლორული მუსიკა, სომხური მინიატურა, თბილისური ყოფითი კულტურა, იქ - ფიროსმანი; გვხვდება სპარსული ხალიჩის სიჭრელე... "ვეფხისტყაოსნის" ზიჩისეული ილუსტრაციების მაგვარი ესთეტიკა... 

სერგო ფარაჯანოვისერგო ფარაჯანოვისერგო ფარაჯანოვი

ამიტომაც გამოარჩიეს კოლეგა ხელოვანებმა, ამიტომ ითხოვდნენ მის დახსნას საბჭოთა ციხიდან... ამ იშვიათად გენიალურობის გამო სცემდა დიდ პატივს ფედერიკო ფელინიც...

გვაქვს პატარა ძეგლი, "გაცოცხლებული" იურის ფოტო. რამდენიმე წლის წინ კოტე მესხის ასახვევს, სადაც რეჟისორი ცხოვრობდა, სერგო ფარაჯანოვის სახელი მიანიჭეს. 

ამ ქუჩაზე მდებარე მისი ცნობილი სახლიდან, ნივთების სრული უმრავლესობა ახლა ერევანში, მის მუზეუმში ინახება.

საქართველომ ფარაჯანოვი დაკარგაო, ამბობენ და ასეც არის.  გული გვტკივა, როდესაც მას მხოლოდ სომეხ რეჟისორად მოიხსენიებენ. ამ "დაკარგვის" სათავეც საბჭოთა დროშია. ჰომოსექსუალობის ბრალდებით აჩუმებდნენ, აპატიმრებდნენ, ბლოკავდნენ, მერე, 80-იანი წლების საქართველოში, ნაციონალისტური განწყობები განსაკუთრებულად რომ გაძლიერდა, თითქოს, წარმომავლობის გამო, დისტანცირება გაუკეთეს. მერე "შუშანიკის წამებაზე" ფილმის გადაღების ნება არ დაურთავთ. ამას ძალიან უმოქმედია ციხეგამოვლილ რეჟისორზე. 

მოკლედ, მისი ირონიული ხუმრობა, ყველაფერ ამას ასე პასუხობს:

"ვარ ეთნიკურად სომეხი, დაბადებული საქართველოში, რომელიც უკრაინული ნაციონალიზმის გამო იჯდა რუსულ ციხეში."

სერგო ფარაჯანოვი

გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო და შესაძლოა, უცნობ ფაქტებსაც სერგო ფარაჯანოვის ცხოვრებიდან.

2020 წელს რეჟისორის ცოლი, უკრაინელი ფილოლოგი – სვეტლანა შერბატიუკი გარდაიცვალა, ერთი წლის შემდეგ კი, მათი ერთადერთი ვაჟი, სურენი წავიდა მშობლებთან.

მართალია, ამ განსხვავებულმა წყვილმა ერთად მხოლოდ ხუთი წელი იცხოვრა, თუმცა ცხოვრების ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ და სვეტლანას, სერგოს ახლობლები, ფარაჯანოვის მფარველ ანგელოზად თვლიდნენ. მას როგორც "ყოფილს", არც მოიხსენიებდნენ. ქალს საქვეყნოდ აღიარებული მაესტრო ციხეშიც კი არ მიუტოვებია და მორალურ და ფიზიკურ მხარდაჭერას უწევდა... ბოლომდე მეგობრებად დარჩნენ. ამიტომაც არ იყო სვეტლანა "ყოფილი"...

სვეტლანა შერბატიუკი

კოტე მირიანაშვილი: სერგო მოუსვენარი იყო, ვერცხლის წყალივით, წარმოსახვაში გადასული კაცი იყო და გამოუცდელი და ნებიერა გოგოსთვის - სვეტლანასთვის ასეთ კაცთან ცხოვრება რთული აღმოჩნდა. 5-6 წელი იცხოვრეს ერთად. შვილს თავისი მეგობრის, სომეხი ოპერატორის სახელი დაარქვა.

სვეტლანასთან გაყრის შემდეგ, სერგო ფსიქიატრიულშიც იწვა. მას სვეტლანამდე საცოლე მოუკლეს თვალწინ. მოსკოვში სტუდენტობის დროს გაიცნო მუსულმანი გოგო, თუ არ ვცდები, ყირგიზი, რომელიც მოლარედ მუშაობდა.

ამ გოგოს ძმებმა, ადათის დარღვევის გამო და ასე გათხოვებისთვის, საკუთარი და დასაჯეს – გაქანებული მატარებლის ქვეშ ჩააგდეს! სერგოს თვალწინ! ამ ამბავზე სერგო არასდროს ჰყვებოდა…

სერგო ფარაჯანოვი

მერე, როდესაც მისმა უკრაინულმა შედევრმა - „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (იქაური მთიელების ყოფაზე გადაღებული ფილმია) ტრიუმფალური სვლა დაიწყო, რომელშიც სერგოს უზარმაზარი ადამიანური და შემოქმედებითი რესურსი ჰქონდა ჩადებული, ფარაჯანოვი ჭკუიდან სულ შეიშალა.

ფარაჯანოვი

მსგავსი ნაციონალური ფილმი, როგორიც "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილებია", მართლა არ აქვთ უკრაინელებს.

ფარაჯანოვის "მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები" მსოფლიო შედევრების ასეულში შევიდა და იტალიელი, ფრანგი რეჟისორები გაგიჟებულები იყვნენ სერგოზე. ინგლისის დედოფლის და იყო სერგოსთან სახლში სტუმრად.

მერე ფარაჯანოვი მამათმავლობის გამო ჩასვეს ციხეში. ფაქტობრივად ითვლებოდა, რომ ეს იყო პოლიტიკური ანგარიშსწორება. ამ გენიოსს კაგებე 10-15 წლის მანძილზე ფილმის გადაღების საშუალებას არ აძლევდა. სამამულო ომის თემაზე იღებდა ერთ ფილმს და დაუხურეს.

სერგო ფარაჯანოვი

სვეტლანა, სერგოს ციხეში ყოფნის დროს, უკვე მისი ცოლი აღარ იყო (მათი გაყრიდან დიდი დრო იყო გასული), მაგრამ მასთან დადიოდა ციხეში პაემანზე და იქიდან მოჰქონდა სერგოს ნამუშევრები. ციხეში შაქარი დაემართა და სვეტლანა სერგოს მეგობრებთან ერთად მის ჯანმრთელობაზე ზრუნავდა.

სვეტლანას ციხიდან გამოჰქონდა სერგოს გაკეთებული კოლაჟები. ის იქ ნაგვისგან ქმნიდა შედევრებს, რომელიც ახლა ერევნის მუზეუმშია.

ნაგავში ნაპოვნი რძის ბოთლის სქელი ფოლგის სახურავებს ასწორებდა და მათგან ჭედურ მედალიონებს, ჩიკანკებს აკეთებდა. ერთი ასეთი ჩიკანკა, ტონინო გუერას ფელინისთან საჩუქრად გაატანა. ფელინი სერგოს პატივს სცემდა. ფულიც შეუგროვეს და ევროპაში მისი გათავისუფლების კომიტეტიც შექმნეს. ფელინიმ გუერას უთხრა, მოდი, ამისგან ყალიბი ავიღოთ, მედალიონი ჩამოვასხათ და რიმინის კინოფესტივალზე გამარჯვებულებს ვაჩუქოთო.

მოწმე ვარ, როგორ ჩამოვიდა ფოსტით დალუქული დიდი ზანდუკი, სერგოს დიდი არქივით, ნამუშევრებით სავსე. გუშინ მოვიდა და ჩემთვის ძნელია მისი გახსნაო, მითხრა სვეტლანამ. მერე, მოგვიანებით, ლუქი სერგომ გახსნა და ამოალაგა და ამოალაგა ნახატები, მედალიონები, თოჯინები, საოცარი ნაკეთობები.

რამდენიმე წლის წინ, კიევში, 62 წლის ასაკში, სერგოს ერთადერთი ვაჟი, სურენ ფარაჯანოვი გარდაიცვალა. სურენჩიკა მართლაც პრინცს ჰგავდა. სერგოც "გიჟი მამა" იყო. აბოდებდა – “მოი სურენჩიკ!” ანებივრებდა.

სერგოს ამქვეყნიური სიხარული და ამავე დროს ტკივილი იყო სურენჩიკა, რომელიც გიჟურად უყვარდა.

წავიდნენ სვეტლანა და სურენი და დამთავრდა სერგოს ოჯახის ისტორია.

ავტორი: თამარ გონგაძე

01/09/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024