
10/10/2026
1924 წლის აგვისტოს ანტისაოკუპაციო აჯანყება საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული, ამავდროულად კი ერის ურყევი ნების დემონსტრირების აქტი იყო. მისმა დამარცხებამ საბჭოთა ტოტალიტარული მანქანა ყოველგვარი შემაკავებელი ფაქტორებისგან გაათავისუფლა. ამ სტატიაში გიყვებით ტერორზე და ჯალათებზე, რომლებსაც ასობით დახვრეტილი პატრიოტის სისხლი, საოკუპაციო რეჟიმმა პროფესორის სტატუსის მინიჭებით ჩამორეცხა. მკვლელები უნივეტსიტეტებში სტუდენტებს ასწავლიდნენ.
7000 შეწირული
საფრანგეთში, პარიზში გამომავალი გაზეთი „ბრძოლა“ - რომელიც ევროპაში გახიზნული ქართველი პატრიოტების ერთ-ერთი მთავარი საინფორმაციო და პოლიტიკური ტრიბუნა იყო - ფაქტებითა და ციფრებით აღწერდა სამშობლოში დატრიალებულ ტრაგედიას.
თუკი 1924 წელს დახვრეტილთა სავარაუდო რაოდენობა 4000 ადამიანს შეადგენდა, მოგვიანებით გაზეთი „ბრძოლა“ მიხაკო წერეთლის ცნობებზე დაყრდნობით აზუსტებს, რომ საქართველოში აგვისტოს აჯანყებას ჯამში 7000-მდე პატრიოტი შეეწირა. ეს ციფრი ალბათ მოიცავს არა მხოლოდ სასამართლოს გარეშე, ე.წ. „ტროიკების“ გადაწყვეტილებით ადგილზე დახვრეტილებს, საბჭოთა გულაგების არაადამიანურ პირობებში გადაგზავნილებსა და იქ დაღუპულებსაც.

მეტეხის ციხის ტრაგედია და ელიტის განადგურება

1924 წლის 30 აგვისტოდან 3 სექტემბრის ჩათვლით, მეტეხის ციხიდან გაიყვანეს და დახვრიტეს 146 პოლიტიკური პატიმარი: ძველი რევოლუციონერები, სოციალისტები, ცარიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის კატორღებგამოვლილი მოღვაწეები, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრები, მწერლები, ჟურნალისტები, პროფკავშირების წარმომადგენლები და ქვეყნის საუკეთესო ოფიცრები - მაშინდელი ინტელექტუალური და პოლიტიკური ელიტა. ბევრი მათგანი აჯანყებამდე დაპატიმრებული გახლდათ და ვერანაირად მიიღებდა მონაწილეობას გამოსვლებში, ვერც დაგეგმვაში. ზოგს სასჯელი უკვე მოხდილი ჰქონდა და განთავისუფლებას ელოდებოდა. ბოლშევიკებმა ისინი პრევენციული მიზნით გაანადგურეს.
გორისა და რუისის ტრაგედია
ტერორმა მთელი საქართველო მოიცვა. განსაკუთრებული სისასტიკით დასაჯეს გორი და მიმდებარე სოფლები. ბოლშევიკებმა, სავარაუდოდ, ამ მიმართულებით განსაკუთრებული „სიბეჯითე“ სტალინის დასანახად გამოიჩინეს. სოფელ რუისში ჩვილ ბავშვებითურთ ამოუჟლეტიათ ფანიაშვილების, კლიმიაშვილებისა და მამაცაშვილების პატრიოტული ოჯახები.
საბჭოთა პროპაგანდა და ცინიზმი

საბჭოთა პროპაგანდა ცდილობდა აჯანყების დისკრედიტაციას და ავრცელებდა თეორიას, თითქოს ეს არ იყო ადგილობრივი სახალხო პროტესტი, არამედ გარედან, უცხო ქვეყნების ინტრიგებით მართული. საბჭოთა გაზეთები ჩვეული ცინიზმით წერდნენ:
„მენშევიკების დროს ევროპის იმპერიალიზმი საქართველოს გზით ცდილობდა ახლო აღმოსავლეთზე გაბატონებას და რუსეთის წინააღმდეგ გალაშქრებას, მაგრამ საქართველოს გლეხებმა და მუშებმა რკინის ცოცხით აღგავეს მენშევიკები და ევროპელი იმპერიალისტები.“
რეალურად, რკინის ცოცხით არა „იმპერიალისტები,“ საკუთარი ქვეყნის თავისუფლებისთვის მებრძოლი ერის საუკეთესო შვილები გაანადგურეს.
არგვეთის ტრაგედია და სისხლიანი რეპრესიების ორგანიზატორები

აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ყვირილის ხეობაში დაპატიმრებულები მატარებელში შეყარეს. ჩეკისტები მათ არწმუნებდნენ, რომ ქუთაისში გადაიყვანდნენ, დაკითხავდნენ და უდანაშაულოებს გაათავისუფლებდნენ. არგვეთთან ამ დროს უკვე გათხრილი იყო ორმოები, ხოლო მიმდებარე ტერიტორიას რუსეთის საოკუპაციო ჯარის წარმომადგენლები იცავდნენ. არსებობს ცნობები, რომ მათ შორის მყოფი ზოგიერთი ქართველი, ბრძანების შესრულებაზე უარის თქმის გამო დააპატიმრეს.
1930 წლის 30 აგვისტოს, დილის 3 საათზე, არგვეთის ხიდთან მატარებელი გაჩერდა. გადმოყვანილი პატიმრები ორმოების გასწვრივ დაამწკრივეს და ცეცხლი გაუხსნეს. ამის მერე დანარჩენების მატარებლიდან ჩამოყვანა გართულდა. ჯალათებს ეჩქარებოდათ, ყველაფერი გათენებამდე უნდა მოესწროთ. საგანგებო კომისიის თავმჯდომარემ ილარიონ ტალახაძემ მოიფიქრა - პატიმრები ვაგონებშივე ჩაეცხრილათ. ამის შემდეგ, ტყვიამფრქვევებით დაცხრილულ ვაგონებში გადარჩენილებს და დაჭრილებს იარაღით ჩამოუარა ტალახაძემ და მისმა მარჯვენა ხელმა ამ სისხლიან ოპერაციაში, დომენტი მშვენიერაძე. მერე ყველა ერთად ორმოებში ჩაყარეს და მიწა მიაყარეს. შემორჩებილი ცნობებით, სიჩქარეში მიწა ცოცხლებსაც დააყარეს.

ილარიონ (ვალიკო) ტალახაძე - წარმოშობით შორპნის რაიონის სოფელ ჩიხადან იყო. 1918-1921 წლებში რუსეთში გახლდათ გაქცეული, საიდანაც საბჭოთა რუსულმა ოკუპაციამ მრავალ თავისნაირთან ერთად დააბრუნა. 1922–1924 წლებში მუშაობდა საოკუპაციო რეჟიმის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის კომისრის მოადგილედ, ხოლო 1928–1931 წლებში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. მოგვიანებით, საბჭოთა ე.წ. „არჩევნების“ სააგიტაციო ფურცლებში, იგი მოხსენიებული იყო როგორც „პროფესორი, სტალინის სახელობის უნივერსიტეტის სამართლის თეორიის კათედრის გამგე.“ პირი, რომელმაც 170-ზე მეტი ქართველის დახვრეტა და ზოგის ცოცხლად დამარხვის ორგანიზება იკისრა, სამართლის თეორიას ასაწვლიდა სტუდენტებს, ივანე ჯავახიშვილის დაფუძნებულ უნივერსიტეტში.

დომენტი მშვენიერაძე - ილარიონ ტალახაძის მარჯვენა ხელი პატრიოტების დახვრეტის საქმეში, არგვეთთან ჩადენილის მერე მოსკოვში წავიდა სასწავლებლად, საიდანაც პროფესორ-ინჟინრის წოდებით დაბრუნდა. იყო პოლიტექნიკური ინსტიტუტის კათედრის გამგე. მიაღწია ღრმა სიბერეს და საბჭოთა ნომენკლატურისთვის დამახასიათებელი პრივილეგიებით, დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში, მეუღლესთან ერთად.
გააზიარე სტატია