Logo

კულტურა

ჯანო იზორია მაკედონიიდან "საუკეთესო მსახიობის" ჯილდოთი დაბრუნდა

ჯანო იზორია მაკედონიიდან "საუკეთესო მსახიობის" ჯილდოთი დაბრუნდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მაკედონიაში, ქალაქ ბიტოლაში გამართულ მონოდრამის 27-ე ფესტივალზე, ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრი, თავისი სარეპერტუარო სპექტალით - "ყვარყვარე" წარდგა. სასიხარულო კი ამ ინფორმაციაში არის ის, რომ ჯანო იზორიამ, ყვარყვარეს როლით, მთავარი პრიზი - "საუკეთესო მსახიობის" წოდებით აიღო.

აი, რას წერს ბრიტოლას პრესა:

"ჟიურიმ აღნიშნა, რომ ეს იყო ბრწყინვალე შესრულება, რომელიც ხასიათდება ძლიერი ტემპერამენტით, ენერგიითა და შინაგანი დაძაბულობით, რომელიც თავიდან ბოლომდე იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. განსაკუთრებით ხაზგასმულია მსახიობის გამომსახველობითი საშუალებების სიმდიდრე და სცენური გამოხატვის მრავალფეროვნება, რომლის მეშვეობითაც პერსონაჟი სიღრმითა და მრავალშრიანობით არის აგებული“.

ჯანო იზორიაჯანო იზორიაჯანო იზორიაჯანო იზორია

მაკედონიიდან დაბრუნებული მსახიობი პირველ ინტერვიუს "ზმნას" აძლევს.

ჯანო იზორია: ბედნიერი ვარ. საერთაშორისო არენაზე პირველად ავიღეთ საუკეთესო მსახიობის პრიზი. მადლობა ჩემს თეატრს, ყველას, ვინც ამაში მიიღო მონაწილეობა.

"ყვარყვარე თუთაბერი" საბა ასლამაზიშვილმა დადგა. ნაწამოების მონო სპექტაკლად ადაპტირება მანანა ანთაძის დამსახურებაა. გამნათებელი პაატა ფელანგიაა, გახმოვანებაზე შაკა კვარაცხელიამ იმუშავა, ტექნიკური რეჟისორი ეკა კულუა გახლავთ, ტექნიკური მენეჯერი კი - მამუკა მესხიშვილი.

ჯანო იზორია

ეს ჯილდო მხოლოდ მსახიობის მონაპოვარი არ არის. დამლაგებლიდან - ადმინისტრაციამდე მადლობა ყველას. მიხარია, რომ ფოთის თეატრს ეს ჯილდო გადაეცა.

ჯანო იზორია

მონოდრამის ფესტივალში, ცხადია, საუკეთესო ნამუშევრები მონაწილეობს. ვფიქრობდი, რა მოხდებოდა, როგორ წავიდოდა ფესტივალი... და ჩემს ცხოვრებაში და კარიერაში მოხდა საოცარი რამ - საუკეთსო მსახიობად დამასახელეს. გასაკვირიც იყო და ცოტა არ იყოს დაგვაბნია იმან, რომ ქალის და მამაკაცის როლის შემსრულებლები, ცალკ-ცალკე ნომინაციით არ დაჯილდოებულან, ეს იქნებოდა ქალი თუ კაცი, სქესი სულერთია; ჯილდო მხოლოდ საუკეთესო მსახიობისთვის იყო განკუთვნილი. ალბათ, რახან მონო სპექტაკლების ფესტივალია, ასე გადაწყვიტეს.

ფესტივალში მონაწილეობნენ ქვეყნები - იტალია, Რუმინეთი, Სასომხეთი, Ბულგარეთი, Პოლონეთი, უკრაინა, ეგვიპტე, Მაკედონია და Საქართველო.

"საუკეთესო მსახიობის" ჯილდო ერგო საქართველოს, გრან-პრი მაკედონიას ხვდა წილად, რუმინეთმა - "საუკეთესო რეჟისურისთვის" აიღო პრიზი.

ჯანო იზორიაჯანო იზორიაჯანო იზორია

მონო სპექტაკლი პირველად ვითამაშე და ეს ჩემთვის გამოწვევა იყო.

მარტო დგახარ, მარტო თამაშობ. ინტერაქცია მაყურებელთან დგება, რაც რთულია. სპექტაკლი ცოცხალი ორგანიზმია, ყოველთვის ერთნაირად არ თამაშდება. ეს სპექტაკლი საქართველოშიც კარგად მიიღო მაყურებელმა. სხვათა შორის, ამსტერდამსა და ბრიუსელშიც ვითამაშე.

ყვარყვარეჯანო იზორიაჯანო იზორია

- ჯანო, ვინც უცებ გახსენდება ყვარყვარეზე, გენიალური დოდო აბაშიძეა. როგორ იმუშავეთ ამ როლზე? ან ხომ არ მოექეცით რომელიმე დიდი არტისტის გავლენის ქვეშ?

- ყვარყვარე გაცოცხლებული ჰყავს გენიალურ მსახიობებს. მათ მიერ შესრულებული ეს როლი ყოველთვის იქნება საქართველოს კულტურის ისტორიაში. ფილმი მაქვს ნანახი, გენიალური დოდო აბაშიძის შესრულებით. მარჯანიშვილის თეატრში მახსოვს, ამ როლს - ბატონი დავით დვალიშვილი თამაშობდა...

ჩვენი მონო სპექტაკლია. ტექსტიდან გამომდინარე იმერულს ვერ გაექცევი -"ოქროს სასახლეებს აგიშენებ მაშინ, როცა ჩემსას მოვრჩები". ტექსტური წახნაგებიდან გამომდინარე, ვერ აცდები ამ ინტონაციას. ერთი რიგითი მსახიობისთვის რთულია როლის თამაში, რომელიც მანამდე დიდ არტისტებს უთამაშია. თანაც მარტომ ითამაშო. არ ვიცი, მოკლედ, ვთამაშობთ...

სპექტაკლი ექსპრესიულია, სიმბოლიკებით დატვირთულია, საინტერესოა.

ჯანო იზორიაჯანო იზორიაჯანო იზორია

- შენი ყვარყვარეს სათქმელი რა არის?

- ფანტასტიკური ადაპტაცია გააკეთა მანანა ანთაძემ. ნაწარმოების სათქმელი არ დაკარგულა. ყვარყვარე ტექსტის შეცვლას არც ერთ დროში და სახელმწიფოში არ ითხოვს. "ყვარყვარიზმი" ყოველთვის ჭირს დედამიწას.

ბოლოს ვამბობ სიტყვებს: ყვარყვარე ჭირდება ყველას, ყველგან და ყოველთვის.

სპექტაკლი სუბტიტრების თანხლებით მიმდინარეობს. გასაგებია ყველა ეროვნების ადამიანისთვის. უკან, ფონად, სუბტიტრებში ლათინური ასოებით - "Kvarkvare" ისე მოუხდა...

ეს ნაწარმოები რომ მაღალ პროფესიონალურ დონეზე, ინგლისურად იყოს ნათარგმნი, ყველა ქვეყნის მმართველს, ალბათ, სახლში მაგიდაზე ედება. ვისურვებდი, რომ ჰქონდეთ. ოღონდ მსოფლიოს ყველა პოლიტიკოსს. იმდენად გლობალური, ღრმა და ინტერნაციონალური პრობლემაა მასში წამოჭრილი. საერთაშორისო სათქმელს ამბობს. და ჩვენც, საერთაშორისო არენაზე, ასეთი ჯილდო ავიღეთ.

ჯანო იზორიაჯანო იზორია

ავტორი: თამარ გონგაძე

05/01/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024