ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ჟურნალ Human Reproduction-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, ულტრადამუშავებული საკვების (UPF) ჭარბი მოხმარება მამაკაცებში ნაყოფიერების შემცირებასა და ადრეულ ეტაპზე ემბრიონის ზრდის შენელებასთან პირდაპირ კავშირშია. მეცნიერები მშობლებს ურჩევენ, ჩასახვამდე და ორსულობის პერიოდში, რაციონიდან მსგავსი პროდუქტები მაქსიმალურად ამოიღონ.
ულტრადამუშავებული საკვები (მაგალითად: გაზიანი სასმელები, ჩიფსები, ტკბილეული, მზა ნახევარფაბრიკატები) სახიფათოა მასში შემავალი მარილის, შაქრის, გაჯერებული ცხიმებისა და ხელოვნური ემულგატორების ჭარბი რაოდენობის გამო. ეს ფაქტორები მეცნიერულად დადასტურებულ კავშირშია სიმსუქნის, ტიპი 2 დიაბეტის, სიმსივნური პროცესებისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებასთან.

კვლევის შედეგები
ერაზმუსის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის (ნიდერლანდები) მეცნიერებმა 800-ზე მეტი ქალისა და 650-ზე მეტი მამაკაცის მონაცემების შესწავლის საფუძველზე დაადგინეს, რომ შაქრით, მარილით, ტრანსცხიმებითა და დანამატებით მდიდარი ულტრა-დამუშავებული საკვები რეპროდუქციული პროცესის სხვადასხვა ეტაპზე ახდენს გავლენას.
კერძოდ, მამაკაცებში ამ ტიპის საკვების მოხმარება განაყოფიერების დაბალ ალბათობასა და ჩასახვისთვის საჭირო დროის გახანგრძლივებას უკავშირდება. ყოველივე ეს სპერმის კვების რაციონისადმი მაღალი მგრძნობელობით აიხსნება.

რაც შეეხება ქალებს, მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი საკვები პირდაპირ არ მოქმედებს დაორსულების დროზე, ის მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონეა მუცლადყოფნის პერიოდზე: ორსულობის მეშვიდე კვირისთვის ემბრიონის შეფერხებული ზრდა და ყვითრის პარკის (Yolk sac) ზომის შემცირება შეინიშნება, რაც ჩანასახის გამოკვებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
ორსულობის პირველ სამ თვეში ემბრიონის განვითარების ტემპი გადამწყვეტია. თუ ჩანასახი ნელა იზრდება, მატულობს იმის ალბათობა, რომ ბავშვი ნაადრევად ან დაბალი წონით დაიბადოს. მეცნიერები იმასაც ვარაუდობენ, რომ ამგვარმა შეფერხებამ შესაძლოა ბავშვობის ასაკში გულ-სისხლძარღვთა სისტემის პრობლემებსაც ჩაუყაროს საფუძველი. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ყვითრის პარკსაც, რადგან მისი არასწორი განვითარება ხშირად მუცლის მოშლის მიზეზი ხდება.

რეკომენდაციები
მეცნიერთა განმარტებით, დროა სტერეოტიპზე უარი ვთქვათ, თითქოს მხოლოდ მომავალი დედის ცხოვრების წესია მნიშვნელოვანი. მამაკაცის ჯანმრთელობა, ჩასახვამდე პერიოდში, გადამწყვეტ როლს თამაშობს.
მეცნიერები გვირჩევენ, რომ ნაყოფიერების გაზრდისა და ჯანსაღი შთამომავლობისთვის, ორივე პარტნიორმა უნდა შეამციროს ისეთი პროდუქტების მიღება, რომლებიც მასობრივი წარმოებისთვისაა განკუთვნილი და დაბალი კვებითი ღირებულება გააჩნია.
წყარო: Oxford Academic
04/06/2026