Logo

"ჯერ კიდევ არ იცით, რამხელა სიწმინდეს მიაბრძანებთ საქართველოშიო" - პანტანასას ხატის ისტორია

"ჯერ კიდევ არ იცით, რამხელა სიწმინდეს მიაბრძანებთ საქართველოშიო" - პანტანასას ხატის ისტორია

09/10/2026

ტექსტის ზომა

ზაჰესის დასახლებაში, მაღალი კლდის ქიმზე მდებარე პანტანასას სახელობის დედათა მონასტერში, სასწაულები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია . მონასტრის მთავარი სიწმინდე, ღვთისმშობლის პანტანასას ხატი, განსაკუთრებით ცნობილია, როგორც ონკოლოგიურად დაავადებულთა შემწე . სწორედ ამიტომ, ეს ადგილი განსაკუთრებულ ნუგეშად და მფარველად იქცა მათთვის, ვინც ამ მძიმე სენს ებრძვის.

რამდენიმე წლის განმავლობაში ხატი ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ეკლესიაში იყო დაბრძანებული. ახლა პანტანასას დედათა მონასტერშია, ზაჰესში. საქართველოში ჩამოსვლის დღიდან არ წყდება ხატის სასწაულები.

მონასტერი

ხატის ისტორია მეჩვიდმეტე საუკუნიდან იწყება. მასზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი სამეფო დიდებულებითაა გამოსახული. „პანტანასა“ მისი ბერძნული სახელწოდებაა და ქართულად „ყოველთა დედოფალს“ ნიშნავს. ეს სახელი კი ღირსმა მამამ, იოსებ ვატოპედელმა უწოდა.

თავდაპირველად, ხატი აზიის ერთ-ერთ მონასტერში ინახებოდა. გასულ საუკუნეში, აზიელმა მონაზვნებმა ის იოსებ ისიხასტს გადასცეს და გააფრთხილეს - ხატი სასწაულმოქმედია და მასზე დედასავით იზრუნეო.

მამა იოსებმა სიწმინდე ათონის მთაზე ჩააბრძანა და თავის სენაკში ინახავდა. გარდაცვალებამდე სულიერ შვილს - იოსებ ვატოპედელს გადასცა, რომელმაც სიწმინდე ვატოპედის მონასტერში გადაასვენა. მონასტრის საძმომ ხატი დიდი პატივით მიიღო და საერთო სალოცავის ჩრდილო-აღმოსავლეთ სვეტთან მიუჩინა ადგილი.

ხატის პირველი სასწაულიც ათონის მთაზე მოხდა.

მონასტერი

კვიპროსელმა ახალგაზრდამ პანტანასას ხატთან მიახლოება სცადა, ღვთისმშობლის სახე უჩვეულოდ განათდა და ყმაწვილი ძირს დაეცა. აღმოჩნდა, რომ ის შავი მაგიით იყო გატაცებული. მომხდარის შემდეგ, ახალგაზრდა სინანულით აღივსო, აღსარება თქვა და ქრისტიანულ ცხოვრებას დაუბრუნდა.

მალევე შენიშნეს, რომ პანტანასას ღვთისმშობლის ხატი განსაკუთრებით ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტებს კურნავდა.

ამის შემდეგ ხატის ზუსტი ასლების დაწერა და მათი სხვადასხვა სავანეში დაბრძანება დაიწყო.

ხატის პირველი დიდი ასლი მონასტრის საძმომ 1993 წელს საბერძნეთის ქალაქ კავალასთვის შექმნა, ხოლო მეორე - რუსეთისთვის, რომელიც 1995 წელს ბავშვთა ონკოლოგიური ცენტრის სამლოცველოში დააბრძანეს. ღვთისმშობლის შობის დღესასწაულზე ხატზე მირონის წვეთები გამოჩნდა და მთელი სამლოცველო მირონის კეთილსურნელებით აივსო.

როგორ მოხვდა ხატის ასლი საქართველოში?

2003 წელს მამა გიორგი რაზმაძემ თხოვნით მიმართა ვატოპედის მონასტრის საძმოს, პანტანასას ხატი საქართველოსთვისაც დაეწერათ. წერილს ათასზე მეტი ადამიანი აწერდა ხელს, მათ შორის - ონკოლოგიური საავადმყოფოს ექიმები და პაციენტები.

მონასტრის ტრადიციის მიხედვით, ხატის შესაქმნელად შესაწირი თანხა იყო საჭირო, რომლის მოძიებაც დიდ სირთულეს წარმოადგენდა. თუმცა, ათონის მთაზე მყოფმა კვიპროსელმა ბიზნესმენმა საჭირო თანხა მთლიანად გასცა. ასე დაიწყო პანტანასას ხატის ასლის დაწერა.

ხატი მისთვის განკუთვნილი ღამისთევის ლოცვების თანხლებით იწერებოდა, შემდეგ კი ერთი თვის განმავლობაში ორიგინალთან ესვენა.

მამა გიორგი:

„საქართველოში გამომგზავრების წინ ვატოპედის მონასტრის იღუმენმა, მამა ეფრემმა გვითხრა: - თქვენ ჯერ კიდევ არ იცით, რამხელა სიწმინდეს მიაბრძანებთ საქართველოშიო.“

ამ სიტყვების ჭეშმარიტება მალევე დადასტურდა. ხატმა უამრავი ადამიანი განკურნა. ბევრი სნეული, რომლებსაც სამედიცინო კანონებით იმედი აღარ ჰქონდათ, პანტანასას ხატთან პარაკლისებითა და ზეთის ცხებით სრულიად განიკურნა. მონასტერში უამრავი მადლიერების წერილი ინახება, სადაც ადამიანები ამ სასწაულებრივ ისტორიებს ყვებიან.

ყოველ ოთხშაბათსა და პარასკევს, პანტანასას ხატთან პარაკლისი აღესრულება. სიმსივნით დაავადებულებთან ერთად, სხვა განსაცდელის წინაშე მყოფი ადამიანებიც იკრიბებიან, რადგან ყოვლადწმინდა დედოფალი ყველას ვედრებას ისმენს. პარაკლისის შემდეგ ზეთისცხება იმართება. მათთვის, ვინც ვერ ახერხებს მონასტერში მოსვლას, არსებობს სპეციალური მოსახსენიებელი წიგნი, სადაც სნეულთა სახელები იწერება.

სნეულთა განკურნების სასწაულებრივი ისტორიები:

დიაგნოზი - მესამე სტადიის ადენოკარცინომა (2021 წელი): „მომიწია უმძიმესი პროცედურების გავლა და სტამბოლში რთული ოპერაციის გადატანა. ექიმებმა სიმსივნის სრულად ამოღება ვერ გარისკეს. ექვსი ქიმიოთერაპიის კურსის შემდეგ, საკონტროლო გამოკვლევაზე ექიმები შოკში ჩავარდნენ - სიმსივნე პრაქტიკულად გაქრა. დღეს სრულიად ჯანმრთელი ვარ და 20 წელია, სტიქაროსნად ვმსახურობ.

ძუძუს ავთვისებიანი კიბო (2014–2015 წლები): დიაგნოზის შემდეგ მუდამ ვევედრებოდი პანტანასას ხატს და მის ზეთს ვისვამდი. შედეგმაც არ დააყოვნა, უფლის წყალობით შესანიშნავი პასუხი მოვიდა.

კიდევ ერთი სასწაული პატარას განკურნებას უკავშირდება: „ჩემი შვილი ორი წლისა და ერთი თვის იყო, როცა ბარძაყის ძვალზე მძიმე დიაგნოზი - ოსტეოსარკომა დაუსვეს. ძვალი მთლიანად დაშლილი ჰქონდა. ვევედრებოდი პანტანასას ღვთისმშობელს და ზეთს ვუსვამდი. უფლის სასწაულმაც არ დააყოვნა - ბავშვს სრულიად ჯანმრთელი ძვალი გაეზარდა.

„2016 წელს მარცხენა თვალი გამიწითლდა და გადიდდა. საგონებელში ჩავვარდი, რადგან საკუთარ თავს ვერ ვმკურნალობდი. როცა სახლში ხატებს მივუახლოვდი, მოულოდნელად ვნახე ხატი, რომელსაც უკან აწერია: „მარიამ ღვთისმშობელი პანტანასა“ . იმ დღიდან თვალის ფორმა თანდათან დაპატარავდა და ნორმას დაუბრუნდა. სწორედ ამ სასწაულმა მიმიყვანა ტაძარში.“

მონასტრში ამბობენ, რომ ეს მხოლოდ ზღვის ერთი წვეთია იმ სასწაულებიდან, რაც პანტანასას ხატს მოუხდენია ...

ხომ იცით, გულიდან წამოსულ ლოცვას და ვედრებას ჩვენი დედა ღვთისა ყოველთვის ისმენს.

პანტანასას ღვთისმშობელი გვეწეოდეს!

პანტანასას ღვთისმშობელი

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026