Logo

კულტურა

"კახი სრულიად შეუდარებელი, წამლეკავი სიყვარულის და რაინდული სულის ადამიანი გახლდათ" - არტისტის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა

"კახი სრულიად შეუდარებელი, წამლეკავი სიყვარულის და რაინდული სულის ადამიანი გახლდათ" - არტისტის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

27 აპრილს კახი კავსაძის გარდაცვალებიდან ხუთი წელი გავიდა. კოვიდმა, ადრეულ წლებში, ონკოლოგიასთან მებრძოლი ორგანიზმი, იოლად დაუსუსტა. მაინც წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა მისი წასვლა. კახი იმ რანგის არტისტების სიის სათავეს იკავებდა, მეტრს რომ ვეძახით, მისაბაძს, რაინდულსა და უკვდავს...

თან რა წელი იყო 2021?! ისე "დაემთხვა", რომ იმ წელს ერთიმეორის მიყოლებით წავიდნენ - თემურ წიკლაური, ზურა დოიჯაშვილი, გურამ დოჩანაშვილი, ანზორ ერქომაიშვილი, კახი კავსაძე, რეზო გაბრიაძე... ამ დიდი ადამიანების ასე ერთბაშად წასვლით, ერთიანად დავცარიელდით.

კახი კავსაძე

ნანა ჯანელიძე: – მაინც მგონია, რომ დაუფასებელი იყო. გაცილებით მეტ ფილმში უნდა ყოფილიყო გადაღებული, ვიდრე არის. მის ნიჭს და ტალანტს გაცილებით მრავალი ჟანრის მოცვა შეეძლო.

ფილმზე „იქ თეატრი არის?“ (კახის ბიოგრაფია) მუშაობისას აღმოვაჩინე, რომ კახი მხოლოდ დიდი არტისტი არ არის. ის არის დიდი ტრაგიკოსი და კომიკოსი ერთდროულად. მას აბსოლუტურად ყველაფერი ხელეწიფებოდა.

კახი კავსაძე

საოცარი უნარი ჰქონდა იმ წუთში, იმ კონკრეტულ დუბლში თავისი პოტენციალის ათასი პროცენტი გაეცა.
ქუჩაში რომ მივდიოდით, ყველა ეთაყვანებოდა. სურათებს იღებდნენ, აჩერებდნენ, ეფერებოდნენ… ყველას უყვარდა. არ მინახავს, სადმე მისულიყოს და დიდი ფურორი არ მოეხდინოს ადამიანურად, არტისტულად.

ყველას უჩერდებოდა და დიდ სითბოს და სიყვარულს უჩვენებდა. უყვებოდა ისტორიებს და თან ისე, ათასკაციან დარბაზში რომ ჰყვება არტისტი და იხარჯება. ასე იხარჯებოდა ნებისმიერი ადამიანის წინ, თუნდაც იმ მათხოვრის წინ, რომელიც ამ დროს იქვე იდგა...

კახი კავსაძე

ასეთი გულუხვობით გასცემდა თავის ნიჭს, სითბოს და სიყვარულს. ამიტომ კახი სრულიად შეუდარებელი, წამლეკავი სიყვარულის და ღირსების მქონე ადამიანი გახლდათ. მას ყოველთვის უხაროდა სხვისი ნიჭი, გამარჯვება და სიკეთე. ამით ძალიან ბედნიერდებოდა. მე არ მინახავს მასში შურის ან ძაგების პატარა უხერხული ჩრდილი. ეს სიყვარულის ფრქვევა და სინათლე ყველაზე მოქმედებს, მზის სხივებს ჰგავს…

კახი კავსაძე

არაჩვეულებრივი მამა და კიდევ უფრო დიადი დედა ჰყავდა. ამ დედამ მოახერხა ის, რომ ორ ვაჟს, რომლებსაც შვიდი წელი ჰქონდათ მამასთან ერთად ნაცხოვრები, ცხოვრების ბოლომდე დაამახსოვრა მამა. მამა, რომელიც წავიდა ომში, დაჭრეს, მოხვდა ნაცისტურ ბანაკში, იქ ჩამოაყალიბა გუნდი. ომის დასრულების მერე წამოვიდა საქართველოსკენ, მაგრამ მატარებელში კაგებე დაადგა და გადაასახლეს.

იმერი კავსაძე

კახის ორჯერ ჰყავს ნანახი მამა. მაგრამ დათაშკა მათ ოჯახში მუდამ არსებობდა, მუდამ ცხოვრობდა. დედა ეუბნებოდათ, აბა, იმეცადინეთ, რას იტყვის მამა?.. მამა, რომელიც ფიზიკურად არ იყო სახლში, მაგრამ შვილებისთვის კაცობის, თავდადების, ნიჭის, ვაჟკაცობის მაგალითი იყო მუდამ.

დათაშკა კავსაძე

კახის ცხოვრების მანძილზე არაერთხელ შეხვედრია უცხოეთში ადამიანი, რომელმაც უთხრა, მე ნაცისტურ ბანაკს დათაშკამ გადამარჩინაო…

კახი ქართული რაინდული სულის განსახიერებაა მისი დამოკიდებულებით ბელასადმი. ის ისტორია, რაც მას გადახდა, შეიძლება მითებში წაიკითხო: 12 წელი ელოდა ბელას, თავისთვის უყვარდა, მერე შეირთო ცოლად, მასთან ერთად იცხოვრა… თუმცა ერთად ყოფნის სამი წლის თავზე ბელა ავად გახდა და ნელ-ნელა ილეოდა და ქრებოდა. კახის უფრო და უფრო უყვარდა ბელა. მთელი ცხოვრება უყვარდა.

ბელა და კახი

ბოლოს ხელში აყვანილი დაჰყავდა, ხან ერთ მეგობართან, ხან მეორესთან და ქეიფობდნენ. ცოლზე ყურებამდე შეყვარებული იყო. ესეც კაცობის იდეალია, რომ შეგიძლია გიყვარდეს ერთი ქალი, მთელი ცხოვრება იყო მისი ერთგული და მასში მზეთუნახავს ხედავდე. 

ბელა და კახი

ერთ-ერთ ინტერვიუში უსაყვარლეს მეგზურს ასე იხსენებდა.

კახი კავსაძე: ბელა სულ ცხრა წელი იყო სცენაზე, ხუთ ფილმში გადაიღეს, 23 წელი იავადმყოფა და მაინც მუდმივად აკითხავდნენ კორესპონდენტები. უკვირდა. მეც ვეუბნებოდი, მაგარი ხარ-მეთქი! მიუხედავად იმისა, რომ 23 წელი ავად იყო, ბედნიერები ვიყავით. ხშირად უთქვამს: აბა, რა გგონია, ყველაფერში ბედნიერები ხომ არ ვიქნებითო?! ჩვეულებრივად ცხოვრობდა, ხასიათიც კი არ შესცვლია. სახლში მისვლა მიმიხაროდა. ვიცოდი, დამხვდებოდა მომღიმარი, ბედნიერი და კეთილგანწყობილი. მეც ისე ვიქცეოდი, თითქოს ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ბელა რომ გარდაიცვალა, თურმე ერთ ფრაზას ვიმეორებდი სულ: „რა ვქნა ახლა?!  რა მეშველება?!..“ მოვიდა ჩემთან მერაბ კოკოჩაშვილი და მითხრა: „ამ საკითხს სხვანაირად უნდა შეხედო, შენი და ბელას ურთიერთობაზე წიგნი დაწერე“. ვერ შევძლებ-მეთქი, ვუთხარი. „ხომ იყავი 26 წელი ბედნიერი კაცი და სხვამ რა ქნას, თავის საყვარელ ადამიანთან ერთი წელიც რომ არ ყოფილა ბედნიერი?!“ – ამ ფრაზამ იმოქმედა, გონზე მომიყვანა…

ბელა მირიანაშვილი

ნანა ჯანელიძე: კახი მომნუსხველად საყვარელია ყველა ჯურის, ერის კაცისთვის და ქალისთვის. კაცებისთვის კიდევ რაღაც განსაკუთრებული იყო კახიში. ისინი იდეალს ხედავდნენ მასში. ვინ არის ჭეშმარიტი ვაჟკაცი? კაცი, რომელსაც შეუძლია თავდავიწყებით უყვარდეს ერთი ქალი. ეს ხომ საოცრებაა, კახი ასეთი იყო.

კახი კავსაძე

ასეთი ადამიანები ჩვენს გვერდით იყვნენ, გვათბობდნენ და გვაძლევდნენ იმის იმედს, რომ ყველაფერი მშვენიერია.

უძვირფასეს ძმას ჩვენთან იმერი კავსაძე იხსენებს.

იმერი კავსაძე: დღეში რამდენჯერ ვურეკავდი, ვინ მოთვლის. გვქონდა ასეთი წესი, მასთან თუ ვიყავი და სახლში წამოვიდოდი, უნდა დამერეკა, მივედი-მეთქი, ვეტყოდი. ანდა - პირიქით. სხვადასხვა ადგილას რომ ვიყავით, ვურეკავდით ერთმანეთს, ასე იყო ბოლომდე. კახის არ ყოფნა, ამაში გამოიხატება, რომ სატელეფონოდ არ ვურეკავთ ერთმანეთს, თორემ სხვა მხრივ, სულ ჩემს გვერდშია. მე მას აბსოლუტურად ვგრძნობ. ეს კაცი არსად წასულა. თითქოს აგერ არის, რაღაც უნდა ვკითხო, მოვუყვე...

კახი და იმერი

სიკვდილი არაფერია, ეს არის წასვლა. ეს სიტყვა არავის აქვს მსოფლიოში - ცვლა, სახე იცვალა, გარდაიცვალა.

ეს გრძნობა არსად წასულა. მითბობს ამ ამბავს, რომ იქ კარგად არიან. თბილად არიან, დარწმუნებული ვარ. მეც რომ მივალ, მეც კარგად ვიქნები. რას ჰქვია სული გაქრეს? ის მარადიულია. რამდენჯერ ყოფილა, გვერდში მოგეჩვენება. თითქოს გაიარა... ხშირად მოდის ეს ზმანება. ეს ადამიანს აძლევს იმედს, რომ შენი ოჯახის წევრი არ წასულა, გელოდება. ეს დროებითი განშორებაა. მერე ისევ ერთად იქნებით...

კახიმ რომ იკითხა, ნეტავი იქ თეატრი არისო? რას ლაპარაკობ, კაცო? არის, აბა?! იმედი მაქვს, მაგათთან შევერთდები თეატრში, იქაც ვითამაშებ.

ავტორი: თამარ გონგაძე

04/27/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024