Logo

ეს გემრიელია

ქალი, რომელიც ცომს ზელდა, თან ლოცვას ამბობდა - ყველაფერი საშობაო ღვეზელის შესახებ

ქალი, რომელიც ცომს ზელდა, თან ლოცვას ამბობდა - ყველაფერი საშობაო ღვეზელის შესახებ

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

გურული საშობაო ღვეზელი ტრადიციული, სარიტუალო, გულსართიანი პურია, რომელიც შობის დღესასწაულს უკავშირდება.

საშობაო ღვეზელი ოჯახის თითოეული წევრისთვის პერსონალურად ცხვებოდა, ასევე ცხვებოდა ერთი განსხვავებული, დიდი ზომის ღვეზელი, რომელშიც ყველაზე ბევრი კვერცხი იდო, მისი ადგილი ტრადიციულად სუფრის შუაგულში იყო.

საშობაო ღვეზელისაშობაო ღვეზელი

საშობაო ღვეზელი, აუცილებლად ნახევარმთვარის ფორმის უნდა ყოფილიყო, მასზე სანთელს ანთებდნენ და გადმოცემის თანახმად, ეს ოჯახის კეთილდღეობის, ნაყოფიერების, ხვავისა და ბარაქის სიმბოლო იყო. ,,ეთნოგრაფიულ გურიაში” ასევე მოთხრობილია, რომ მთვარის ფორმა უკავშირდება მამას, ყველაფრის შემქმნელს, კვერცხი კი, ახალი სიცოცხლის, შობის სიმბოლოა.

საშობაო ღვეზელი

ადრე, დიასახლისი, კარგად მოხარშულ, ნაჭუჭგაცლილ კვერცხს ტილოში გამოკრავდა და ბუხარში, ხან კი შუაცეცხლის თავზე გამოკიდებდა, რომ კვერცხი შებოლილიყო და ის გემო მისცემოდა, რაც ასე გემრიელს ხდიდა გურულ, საშობაო ღვეზელს.

საშობაო ღვეზელი

ღვეზელის ცომი რბილი და თვინიერი უნდა იყოს.

მე და ჩემი ოჯახიც არ ვარღვევთ ტრადიციას და ყოველ წელს, სახლში გამომცხვარი გურული, საშობაო ღვეზელით ვხვდებით შობის ბრწყინვალე დღესასწაულს.

გთავაზობთ რეცეპტს

ცომი: 1 ქილა მაწონი, 2 საშ/ზომის კვერცხი, 1 ჩ/კ სოდა, მწიკვი მარილი. კარგად გადავურიე ერთმანეთში ხის კოვზით და ბოლოს დავიწყე ფქვილის დამატება ნელ-ნელა ისე, რომ ცომი უცებ არ გასქელდეს, უმაღლესი ხარისხის, გაცრილი ფქვილი (თვალის ზომით), ცომი უნდა იყოს რბილი და თვინიერი. ბოლოს, ცომი კარგად მოვაგუნდავე, ოდნავ ფქვილი მოვაყარე ზემოდან და ცომიანი თასი შევფუთე თხელი, სამზარეულოს გრინის პარკით, დავდგი სითბოში. დაახლოებით ორ საათში ცომი მზადაა.

პარალელურად, მოვხარშე კვერცხი, რაოდენობა სურვილისამებრ, დავხეხე რბილი, უმარილო ყველი.

საშობაო ღვეზელი

ცომი დავყავი გუნდებად, გავაბრტყელე საშუალო ზომაზე, ცომის ნახევარ ნაწილში მოვათავსე ყველი, ყველის ზემოდან მოვათავსე მრგვალად დაჭრილი კვერცხი, შემდეგ ყველიან ნაწილს გადმოვაფარე ცომის მეორე ნაწილი, მივეცი ნახევარმთვარის ფორმა, რამდენიმე ერთად მოვათავსე ფქვილმოყრილ ფორმაში, ზემოდან სილიკონის ფუნჯით გადავუსვი წინასწარ მომზადებული კვერცხის სოუსი, (3კვ. გულს დავამატე 50-100გრ. რძე, გააჩნია კვერცხის ზომას) და შევდგი წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.

ვაცხობთ: 180 გრადუსზე,ზედა/ქვედა ცხობა გაოქროსფერებამდე

დრო: 20 წუთი

შობას გილოცავთ

საშობაო ღვეზელი

ავტორი: ეკა ალმონდელი

01/06/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024