სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
თანამედროვე სამყაროში, სადაც სოციალური ქსელები ყოველდღიურად გვთავაზობენ იდეალური, ბზინვარე კანის მისაღებად საჭირო ფორმულებს, სულ უფრო მეტი ადამიანი, პრობლემური კანის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე.
ხშირად, სურვილი უკეთ მოვუაროთ საკუთარ თავს, არასწორად შერჩეული პროდუქტების გამო, საპირისპირო შედეგით სრულდება.
რა არის კანზე გამონაყარისა და აკნეს რეალური მიზეზები? როგორ მოქმედებს ჩვენს კანზე ჰორმონალური დისბალანსი, სტრესი და „ბიუთი ტრენდებზე“ ბრმად აყოლა?
დერმატოლოგი ნათია თოდუა საუბრობს იმ გავრცელებულ შეცდომებზე, რომლებსაც პაციენტები კანის მოვლისას უშვებენ და განმარტავს, თუ რატომ არის „ყველაფერი გენიალური სიმარტივეში“ მაშინაც კი, როცა საქმე ჩვენს კანს ეხება.
„აკნეს არ აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი... სხვადასხვა ჰორმონების გავლენას შეუძლია ცხიმიანობა გაზარდოს, რის საფუძველზეც ვიღებთ გამონაყარს კანზე. ეს ძირითადად არის ანდროგენული ჰორმონები, ინსულინის დონის ზრდა და პოლიკისტოზური საკვერცხეები, თუმცა ძალიან ხშირია ბოლო პერიოდში სტრესის ფონზე განვითარებული აკნე და არასწორი კანის მოვლის რუტინის შედეგად მიღებული გამონაყარი სახეზე.
ხშირად პაციენტები აღნიშნავენ, რომ სახეზე გამონაყარი არასოდეს ჰქონიათ და პრობლემები მაშინ გაჩნდა, როცა კანის საგულდაგულოდ მოვლა გადაწყვიტეს.
ამის მიზეზი ის გავრცელებული ვიდეოებია, რომელიც მოგვიწოდებენ, რომ გამოვიყენოთ სხვადასხვა აქტიური ინგრედიენტები სახის მოვლის რუტინაში. შედეგად გვპირდებიან იდეალურ, მბზინვარე კანს...
ამ რჩევების გათვალისწინებით, ადამიანები ისვამენ სახეზე სხვადასხვა ინგრედიენტს, არ ეცნობიან წესებს, შემდეგ ეს იწვევს კანის გაღიზიანებას და გამონაყარს.
ასევე ხშირად იყენებენ ცხიმიანი ტიპის კანის მქონე ადამიანები მძიმე საცხებს სტრუქტურულად, რაც კიდევ უფრო მეტად ახშობს ფორებს, შესაბამისად ვეღარ სუნთქავს კანი და გამონაყარი მწვავდება ან მრავლდება.
ამიტომ არავის ვურჩევ, ასე ბრმად გამოიყენოს სხვადასხვა უცნობი პროდუქტი და რამდენიმე აქტიური ინგრედიენტი ერთდროულად ან ერთი დღის რუტინაში. მგონია, რომ ყველაფერი გენიალური სიმარტივეშია და რაც უფრო მარტივად მივუდგებით კანს, პრობლემებიც ნაკლებად შეგვექმნება,"- ამბობს ნათია თოდუა.
07/01/2026