Logo

ინტერვიუ

"ეს იყო ესპანურ რიტმებში დაკრული ტაში..." - როგორ მიიღეს ქეთევან ქემოკლიძის თამამი კარმენი

"ეს იყო ესპანურ რიტმებში დაკრული ტაში..." - როგორ მიიღეს ქეთევან ქემოკლიძის თამამი კარმენი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქეთევან ქემოკლიძე მსოფლიო საოპერო სცენის წარმატებულ მომღერალთა სიას ამშვენებს. ნოდარ ანდღულაძეს საგამოცდოდ რომ მოუსმენია, უთქვამს – ამ გოგონას პირდაპირ კარმენის არია მიეცითო. და აი, რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, წარმატებულ კარიერულ ლაბირინთებში, კარმენადაც იქცა, 21-ე საუკუნის კარმენად. მაგრამ აქ მთავარია ის, რომ ესპანელებს, მათ სამშობლოში და კარმენის სამშობლოში, ეს საკულტო საოპერო გმირი ისე გაუცოცხლო, რომ ქართველი მომღერლის მისამართით საქებარი სიტყვები არ დაიშურონ.

ქეთი კარმენად ჯერ სევილიაში, ახლა კი - მადრიდში გარდაისახა. ძლიერი ქალის ხასიათი და ტემპერამენტი რომ არ ჰქონდეს, ვფიქრობ, კარმენის სამშობლოში ასე ვერ მიიღებდნენ... ამ ყველაფრის სარჩული კი მაინც ის ფაქტორია, რომ ესპანეთი, მთელი კულტურით და არსით, ბავშვობიდან, მისი საოცნებო ქვეყანა იყო.

მეცო სოპრანო "ზმნას" მკითხველს თავის კარმენსა და ცხოვრებაზე უყვება.

ქეთევან ქემოკლიძე: საქართველოდან შორს თუ რომელიმე ქვეყანაში ვიცხოვრებდი, ეს აუცილებლად ესპანეთი უნდა ყოფილიყო. ბავშვობიდან მიტაცებდა ესპანური მუსიკა, ლიტერატურა, კულტურა... ესპანეთთან ჩემმა ამგვარმა მაგიურმა მიზიდულობამ და მიდრეკილებამ, შემდგომში როლებზეც იმოქმედა. როლების 70 პროცენტი ესპანელ გმირ ქალებზე მოდის. მეცო სოპრანოები კაცების როლებსაც ვასრულებთ. ესპანური ხასიათი და როლები, ჩემს შემოქმედებაში, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს.

კარმენი

- სრულიად თანამედროვე კარმენი განასახიერეთ, თამამი კოსტიუმებით, სცენებით, თანაც კარმენის სამშობლოში. მოგვიყევით ამაზე...

- დიახ, კარმენის სამშობლოში გავაცოცხლე კარმენი. სევილიაში რომ ვიმღერე, ეს იყო კარმენის დაბრუნება 25 წლის შემდეგ. ბოლოს ეს ოპერა პლასიდო დომინგომ და ტერეზა ბერგანცამ შეასრულეს. და 25 წლის შემდეგ, როცა დაბრუნდა კარმენი სევილიაში, მე მხვდა წილად ბედნიერება, რომ მემღერა ეს სპექტაკლი. ნამდვილად განსხვავებული ემოცია იყო, როდესაც სევილიურ სცენაზე მოკვდა ჩემი კარმენი. მაშინ ვიფიქრე, რომ კარმენს აქვს რაღაც მომხიბვლელი. მის სამშობლოშიც კი მიკრავდნენ ტაშს. ეს არ იყო ჩვეულებრივი აპლოდისმენტები, ეს იყო ესპანურ რიტმებში დაკრული ტაში. ძალიან სასიამოვნო იყო.

კარმენი

რაც შეეხება მადრიდის დადგმას, ეს იყო იტალიელი რეჟისორის - დამიანო მიკელეტოს დადგმა. აბსოლუტურად თანამედროვე და თამამი სცენებით, თამამი კოსტიუმებით. ჩემი პარტნიორები იყვნენ ამერიკელი ტენორი - ჩარლზ კატსრონოვო, სოპრანო ადრიანა გონსალესი.

კარმენიკარმენიკარმენი

კარმენი ისეთი ოპერაა, რა პერიოდშიც არ უნდა წაიყვანო და ამოგზაურო, მასში მაინც მნიშვნელოვანი საკითხებია წამოჭრილი, აქტუალური თემები ყოველთვის არსებობს და ჟღერს. ფართე მსმენელს მოსწონს ეს ოპერა და მისი მოსმენა. განათლებული და კრიტიკული მსმენელი კი, ხშირად წუწუნებს იმაზე, რომ ბოლო დროს, სულ თანამედროვე დადგმებია, აღარ არის კლასიკური ოპერაო.

კარმენი

თუ დადგმა კარგია, ის მისაღებია ყველანაირ პერიოდში, შეიძლება ტრადიციული დადგმაც ცუდი იყოს. კარმენს, ესპანელიც და არა ესპანელი მსმენელიც, იღებს დიდი სიყვარულით. მათ ეროვნულ თემებს ეხება, მათი ეროვნული მუსიკის ელემენტები ჟღერს. რაც არ უნდა გათანამედროვდეს, ესპანეთს ვერ გაცდები.

კარმენი

- თქვენი კარმენი როგორი იყო?

- ჩემთვის მთავარია კარმენი იყოს კარმენი და არ იყოს დაკარგული პერსონაჟი. ის ისეთი კაშკაშა პერსონაჟია, რთულია მისი დაკარგვა. თუ ხაზგასმულია ამ ქალის სიძლიერე, სიცოცხლის სიყვარული, მებრძოლი ხასიათი, ჩემთვის არ აქვს მნიშნელობა დადგმას, ტანსაცმელს; თამამად ვირგებ ყველა ტიპის კოსტიუმს, რასაც შემომთავაზებენ, როგორიც არ უნდა იყოს, თანამედროვე თუ კლასიკური.

კარმენი

- როგორ მიიღო ის პრესამ?

- პრესა არასდროს არის ერთგვაროვანი, ზოგს მოსწონს, ზოგს - არა. ჩემს კარმენს, ძირითადად, კარგი გამოხმაურებები აქვს. აღნიშნავენ, რომ განსხვავებული კარმენია, როგორც ვოკალურად, ისე სცენიურად, ხასიათით. ეს მახარებს.

კამენი

- თანამედროვე ოპერის მომღერალი ქალი ფორმაშია. ახალი სტანდარტი თავისთავად დამკვიდრდა? რამ მოიტანა ის, რომ ოპერის მომღერლის წელი დაწვრილდა, თამამი გახდა მისი კოსტიუმები...?

- ვფიქრობ, ეს ტენდენცია, ზოგადად, სილამაზის თანამედროვე აღქმამ მოიტანა. ჩვენც, რაღაც წილად, ვიზუალური ხელოვნება ვართ.

არ ვიცი, რამდენად სწორია ის, რომ ფიზიკურ მხარეს ოპერაში დიდი ყურადღება ექცევა. თანამედროვე დადგმებში რეჟისორის ფუნქცია ძალიან გაძლიერდა. ოპერაში უკვე მოთხოვნაა, რომ მომღერალი ძალიან კარგ ფორმაში იყოს. თუმცა, ცხადია, მხოლოდ ფიზიკურ ფორმას ვერ გამოვიყენებთ. ძალიან მნიშვნელოვანია მუსიკალური მხარე. თუ ორივე ემთხვევა, ძალიან კარგი. თუ არადა, კოსტიუმებით ლავირების საშუალება არის.

კარმენი

ზოგჯერ რეჟისორები კონკრეტული გარეგნობის მომღერალს ითხოვენ. თუმცა ამას არანაირად არ აქვს დისკრიმინაციის სახე. არ არის აუცილებელი, ოპერის მომღერალი ჟურნალიდან "გადმომხტარი" ქალის სილამაზის იყოს.

ქეთევან ქემოკლიძე

თანამედროვე დადგმები შემოვიდა. თანამედროვეა შემოქმედებითი ჯგუფი. ვერ ვიტყვი, ოპერა კინოსთან და თეატრთან კონკურენციას წევდეს, მაგრამ მათ გვერდით რომ დავდგეთ, ვიზუალურადაც საინტერესო უნდა იყოს მომღერალი. აქედან გამომდინარე, გამკაცრდა მოთხოვნები. დიახ, არის ეს ტენდენცია, რომ ფიზიკურ ფორმას მიექცეს ყურადღება.

ქეთევან ქემოკლიძე

- რთულია დაკავებულ კარიერას ოჯახი შეუთავსო... როგორ ახერხებთ?

- რთულია, მაგრამ სწორი მენეჯმენტით ვახერხებ... მყავს მეუღლე, ორი შვილი. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ორი შვილი მომცა. კარგი იქნებოდა მეტი მყოლოდა, მაგრამ პროფესიიდან და უკვე ასაკიდან გამომდინარე, ეს აღარ არის შესაძლებელი. არ არის ადვილი სიმღერა და დედობა. ყველა ჩემი კოლეგა ჩემგან დიდ პატივისცემას იმსახურებს. ვიცი, ეს რამდენად ბევრ შინაგან და გარეგან მობილიზებასთან არის დაკავშირებული. როდესაც სხვაგან მივდივარ, მაქვს მონატრება, ფიქრი, როგორ არიან. ორგანიზებას ოჯახის წევრების დახმარებით ვახერხებ. ჩემი მეუღლე კარგი მამაა, კარგი თანამგზავრია, ხელს მიწყობს.

ქეთევან ქემოკლიძე

არ არის ადვილი, მაგრამ ყველა საკითხი იგეგმება. ყოველთვის არის გეგმა B-იც. ამგვარად, ყოველდღიური მენეჯმენტი გაწერილია. ყველაფერი უნდა დაგეგმო, რომ ხელი არავის შეეშალოს.

- როგორ ჩანს საქართველო ევროპიდან დღეს?

- საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია. კულტურულად თუ სულიერად, ერთსა და იგივე საფუძვლებზე ვდგავართ. ყველა ევროპული ჰუმანიზმიდან გამოვდივართ. რაღაც პერიოდი, ისეთი ისტორიული რეალობა გვქონდა, რომ ეს ხიდი დააზიანა, რომელიც დარწმუნებული ვარ ნელ-ნელა აღდგება.

ქართველი მომღერლები ევროპაში რომ ჩამოვდივართ და სცენაზე ვდგავართ, ჩვენ ევროპული, იტალიური სკოლით ვმღერით. აქ გრძნობენ, რომ ჩვენ მათი ნაწილი ვართ და ხელოვნებაში იქნება ეს, თუ მეცნიერებაში, ჩვენი დიდი თვითმყოფადობა გვახასიათებს.

ქეთევან ქემოკლიძე

მიყვარს სიტყვები - "მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ევროპელი." ჩვენ, ჩვენს კულტურას, ხელოვნებას წარმოვაჩენთ, რომელიც ევროპული კულტურით არის ნასაზრდოები. საქართველო ყველა მხრიდან, ყველა რაკურსიდან ძალიან ლამაზი და საყვარელია.

მე ვისურვებ, რომ ყველა ქართველი, ვისაც ამის სურვილი გვაქვს, მალე დავბრუნდეთ ჩვენს სამშობლოში და ჩვენი გამოცდილება, რაც მივიღეთ, ჩვენი ქვეყნის სასიკეთოდ გამოვიყენოთ.

სამშობლო, როგორც უფალი, ერთია ქვეყანაზედა...

ქეთევან ქემოკლიძე

ავტორი: ზმნა

02/11/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024