Logo

ქართველი ებრაელი ექიმის გმირობა და Flydubai-ის რეისზე გადარჩენილი 174 სიცოცხლე

ქართველი ებრაელი ექიმის გმირობა და Flydubai-ის რეისზე გადარჩენილი 174 სიცოცხლე

10/01/2026

ტექსტის ზომა


ავიაკომპანია Flydubai-ის რეისზე მომხდარი დრამატული ინციდენტი შესაძლოა ტრაგედიით დასრულებულიყო, რომ არა ქართველი ებრაელი ექიმის, შოთა მუსაევის განსაკუთრებული სიმამაცე, პროფესიონალიზმი და თვითგადარჩენის ინსტინქტზე მაღლა დაყენებული სხვისი სიცოცხლის გადარჩენის ჟინი.

ჩინეთიდან დუბაის გავლით ისრაელის მიმართულებით მიმავალ თვითმფრინავში მგზავრები მშვიდი ფრენისთვის ემზადებოდნენ. თუმცა სიტუაცია წამებში შეიცვალა.


როგორც შოთა მუსაევი იხსენებს, ჰაერში მფრინავმა ლაინერმა მოულოდნელი და ძლიერი დაცემა დაიწყო. თვითმფრინავმა სულ რამდენიმე წამში 16 000 ფიტით დაიწია ქვემოთ, რამაც სალონში პანიკა, ყვირილი და აურზაური გამოიწვია.

თავიდან ექიმს ეგონა, რომ რაიმე ტექნიკურ ან სტანდარტულ ავარიულ სიტუაციასთან ჰქონდა საქმე, თუმცა მალევე ცხადი გახდა, რომ ბორტზე ტერორისტული თავდასხმა ხდებოდა.

შოთა მუსაევი

დაჭრილი პილოტის კაბინაში სხვა მგზავრებთან ერთად შესულ ექიმს, საკმაოდ მძიმე სურათი დახვდა.
ინდოელ პილოტს, რომელსაც მძიმე ჭრილობები ჰქონდა მიყენებული, უდიდესი ოდენობით სისხლი დაეკარგა.

მიუხედავად იმისა, რომ ბორტზე მძიმე დაძაბულობა და მუდმივი საფრთხე სუფევდა, შოთა მუსაევმა, დახმარების ყუთებთან წვდომის გარეშე ხელთ არსებული საშუალებებით შეძლო დაჭრილი მფრინავისთვის სისხლდენის შეჩერება.

შოთა მუსაევი

"რომ დაიწყო არეულობა და ქაოსი, დაიწყეს ტირილი ბავშვებმა, იმ წუთასვე ავდექი და გავედი პირდაპირ. არ ვიცოდი, თუ ექიმი სჭირდებოდათ, უბრალოდ ვიცოდი, რომ სჭირდებოდათ დახმარება.
ამ შემთხვევაში ჩვენ ვიცით, რომ თუ არ დაეხმარები, შეიძლება მთლიანი თვითმფრინავი დაიღუპოს და ეს გამოცდილება უკვე მთელ მსოფლიოს აქვს. იყო ასეთი შემთხვევები. გავედი წინ და დავინახე, რომ პილოტი ძალიან მძიმედ იყო დაჭრილი და ძირს ეგდო. პირველ რიგში ჩვენ დავაკავეთ ეს ტორორისტი, შევუკარით ხელები, შემდეგ ერთ-ერთი ჩვენგანი შევიდა კაბინაში, რადგან თვითმფრინავი ძალიან სწრაფად, 16 ათასი ფიტით დაეშვა დაბლა, რის გამოც მოხდა დაზიანება, ეს მხოლოდ შემდეგ გავარკვიეთ, უკანა ფრთა იყო მთლიანად დაზიანებული...

პილოტი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო. მე დავიწყე მისი რეანიმირება, სისხლის გაჩერება და სტაბილიზაცია. ჩვენ ვერ გავხსენით კარადები, რომ იქიდან პირველადი დახმარების საშუალებები აგვეღო, ამიტომ, რაც გვქონდა ხელში, იმითი გავაჩერეთ სისხლი. ხელი ჰქონდა ორად გაყოფილი, თავიც ასევე ჰქონდა გახსნილი და კარგავდა სისხლს.
50 წუთის განმავლობაში ვიყავი მასთან კონტაქტზე, გვეხვეწებოდა რომ გადაგვერჩინა და რომ არ სურდა სიკვდილი. ჩვენ გვეხმარებოდა სტიუარდესები. მაგრამ ეჭვი გვეპარებოდა, რომ შეიძლებოდა ტერორისტი მარტო არ ყოფილიყო. ამიტომ თვითმფრინავში ხალხი გავფანტეთ, რომ თუ რაიმე იქნებოდა, აგვეყვანა სიტუაცია ხელში.

შოთა მუსაევი


ძალიან გაგვიმართლა, რომ ბორტზე იყო კიდევ ორი დამატებითი პილოტი. პრინციპში ეგენი ბორტზე არ უნდა ყოფილიყვნენ. როგორც რიგითი მგზავრები ისე იყვნენ. რამდენიმე წუთში შევიდნენ კაბინაში და აიყვანეს სიტუაცია ხელში. თვითმფრინავმა იმდენად სწრაფად დაკარგა სიმაღლე, უკანა ფრთა ფაქტობრივად ნახევარზე იყო გატეხილი.

მე გადავიღე ვიდეო, სადაც აღვწერდი ამბავს და ვამბობ და ჩემს მეუღლესაც ვეუბნები, რომ თუ არ დავეშვებით, ხალხს ეცოდინება რა მოხდა-მეთქი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ვართ გმირები, მაგრამ ჩვენს ადგილას ყველა იმავეს გააკეთებდა, რადგან ეს იყო ბრძოლა სიცოცხლისთვის", - ამბობს შოთა მუსაევი.

გააზიარე სტატია

ავტორი: ეკა ზაქარეიშვილი

ბორტზეგმირიექიმითვითმფრინავიფლაი დუბაი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026