Logo

საზოგადოება

ქართველი ექიმები, რომლებმაც საბჭოთა ხელისუფლება, 9 აპრილის შემდეგ ამხილა

ქართველი ექიმები, რომლებმაც საბჭოთა ხელისუფლება, 9 აპრილის შემდეგ ამხილა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

უნდა გვახსოვდეს იმ ექიმების სახელები და გვარები, რომლებიც საბჭოთა კავშირის პირობებში, საბჭოთა ბოროტებას მსოფლიო მასშტაბით ამხელდნენ. გაეცანით 1989 წლის აპრილის ბოლოს, ქართველი ექიმების მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის. ეს 9 აპრილის უსასტიკესი სადამსჯელო ოპერაციის შემდეგ მოხდა.

1989 წლის 9 აპრილის საზარელი ღამის მერე, ასობით მძიმედ მოწამლული გადაყვანილი იყო საავადმყოფოებში. მშვიდობიანი საპროტესტო აქციის სისხლში ჩახშობის ორგანიზატორები არ ამხელდნენ, რა მომწამვლელი ნივთიერება გამოიყენეს დემონსტრანტების წინააღმდეგ, ნივთიერების შემადგელობის დასახელება კი აუცილებელი იყო მოწამლულებისთვის ზუსტი სამედიცინო დახმარების გასაწევად და მათ გადასარჩენად.

იმ უმძიმეს ვითარებაში, ცნობილმა ქართველმა ექიმებმა მიმართეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას და მოითხოვეს - საერთაშორისო ექსპერტებს გამოევლინათ, საბჭოთა სადამსჯელო მანქანის მიერ თბილისში გამოყენებული ქიმიური ნივთიერების შემადგენლობა. „შეუძლებელია მოწამლულთა მკურნალობამ შედეგი გამოიღოს, სანამ ცნობილი არ იქნება მომწამვლელი ნივთიერების ბუნება" - აღნიშნული იყო მიმართვაში. მისი ავტორები ასევე ითხოვდნენ, საქართველოში გამოეგზავნათ „მსგავს მსხვერპლთა მკურნალობის“ გამოცდილების მქონე ექიმები.

ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, 1989 წლის აპრილის ბოლოს თბილისიდან გაგზავნილ მიმართვს ხელს აწერდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტები: ბოჭორიშვილი, ნანეიშვილი, ქავთარაძე, ახვლედიანი, კახიანი, შაქარაშვილი, გამყრელიძე, ჩხიკვიშვილი, მანჯგალაძე, ქორიძე.

1989 წლის პრესაში შემორჩენილ ცნობაში ამ პირთა სახელები არ არის მითითებული. ბოჭორიშვილში, ვახტანგ ბოჭორიშვილი იგულისხმება.

ვახტანგ ბოჭორიშვილი

ცოტა მოგვიანებით,1989 წლის ივნისში საქართველოს მსოფლიოში სახელგანთქმული კათოლიკე მისიონერი, ნობელის პრემიის ლაურეატი - დედა ტერეზა ესტუმრა და 9 აპრილის ღამეს მოწამლულები მოინახულა.

ექიმებიექიმები

დედა ტერეზამ მაშინ თბილისში სათნოების სახლი დააფუძნა და იქ ოთხი მოწყალების დაც დატოვა.

ისტორიული ფოტო, რომელზეც ვხედავთ დედა ტერეზას თბილისში, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის ლიდერებთან - ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავასთან ერთად - ეროვნული ბიბლიოთეკის არქივიდანაა.

დედა ტერეზადედა ტერეზა

1989 წლის 9 აპრილის ღამეს თბილისში უცნობი ქიმიური ნივთიერებით მძიმედ მოწამლული დემონსტრანტების რეაბილიტაციას დიდი დრო დაჭირდა. საბჭოთა რეჟიმმა, თბილისში მშვიდობიანი აქციის დასაშლელად მომაკვდინებელი დოზის მხუთავი ნივთიერება გამოიყენა და მერე მისი შემადგენლობა დამალა.

9 აპრილი

ავტორი: ელენე ლომთაძე

12/06/2025

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024