Logo

კულტურა

ქართველი რეჟისორის კიდევ ერთი წარმატება

ქართველი რეჟისორის კიდევ ერთი წარმატება

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქართველმა რეჟისორმა ანა ურუშაძემ სარაევოს კინოფესტივალზე ფილმისთვის „მეორეხარისხოვანი როლი“ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო.

ჟიურიმ განსაკუთრებით აღნიშნა ანას მიერ ბანალურისა და სიზმრისეულის შერწყმა და მისი გამორჩეული კინემატოგრაფიული ხედვა.

ანა ურუშაძეანა ურუშაძე

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე დაჯილდოვდა როტერდამისა და პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალებზეც.

ფილმი გვიყვება პენსიაზე გასულ კინოვარსკვლავზე, რომელიც მსახიობობას მეორეხარისხოვანი როლით უბრუნდება. ახალგაზრდა ქალ რეჟისორთან სინჯებზე ვიზიტი საბედისწერო ხდება.

დავით ბახტაძე

მთავარ როლს დათო ბახტაძე ასრულებს. ფილმში ასევე მონაწილეობენ: ნატო მურვანიძე, ლაშა მებუკე, ელენე მაისურაძე, ნინო კასრაძე, ეკა დემეტრაძე, სანდრო სამხარაძე, ირაკლი კვირიკაძე, მურმან ჯინორია, ზურა სტურუა, დავით დვალიშვილი.

სარაევოს წარმატებამდე ურუშაძის ფილმი პეკინის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მუსიკალური გაფორმებისთვის დაჯილდოვდა. პრიზი ფილმის კომპოზიტორს, ესტონელ სტენ შერიპოვს (Sten Sheripov) გადაეცა.

„მეორეხარისხოვანი როლი“ სამი ქვეყნის – საქართველოს, ესტონეთისა და თურქეთის კინოპროდუქციაა. ფილმის მსოფლიო პრემიერა 2026 წლის დასაწყისში როტერდამის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა.

მეორეხარისხოვან როლს“ ქართველი მაყურებელი ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალზე იხილავს.

ანა ურუშაძე

„მეორეხარისხოვან როლზე” რამდენიმე ქვეყნის კინო საპროდუქციო კომპანია მუშაობდა: Zazafilms (საქართველო), Enkeny Films (საქართველო), Allfilm (ესტონეთი), Zeyno Film (თურქეთი), Cinetrain (შვეიცარია) და Melograno Films (აშშ).

ფილმი საქართველოში ესტონელმა ოპერატორმა რეინ კოტოვმა გადაიღო. პროექტი დააფინანსეს საქართველოს ეროვნულმა კინოცენტრმა, ესტონეთის კინოინსტიტუტმა, ესტონეთის კულტურის ფონდმა, Creative Europe-ის MEDIA პროგრამამ, Eurimages-მა და Cinetrain-მა.

„მეორეხარისხოვანი როლი“ უკვე მოხვდა მსოფლიო კინომიმომხილველი პრესის ყურადღების ცენტრში. ფილმზე სტატიები ჟურნალმა Variety-მ და სხვა არაერთმა გავლენიანმა გამოცემამ გამოაქვეყნა.

ანა ურუშაძე

ანა ურუშაძის სადებიუტო ფილმია „საშიში დედა“ (2017 წ.), რომელიც ლოკარნოს კინოფესტივალის საუკეთესო სადებიუტო ფილმის პრიზის მფლობელი გახდა, მოგვიანებით კი სარაევოს კინოფესტივალის მთავარი ჯილდოც დაიმსახურა. ფილმი ასევე ნომინირებული იყო ევროპული კინოაკადემიის Discovery Award-ზე და წარდგენილი იყო „ოსკარის“ 90-ე დაჯილდოებაზე საქართველოს სახელით.

აქვე დავსძენთ, რომ "ოსკარზე" წარდგენილი იყო ანას მამის, რეჟისორ ზაზა ურუშაძის ქართულ-ესტონური ნამუშევარი - "მანდარინები".

***

26 წლის რეჟისორი ამჟამად ახალ პროექტზე მუშაობს. “პეპლების შიში“ დეტექტივისა და მისტიკის ჟანრებს აერთიანებს.

ქართველი კინემატოგრაფისტების მიერ კინოცენტრის ბოიკოტის ფონზე, ანა ურუშაძე პროექტისთვის დაფინანსების მოძიებას საზღვარგარეთ გეგმავს. “არ მინდა შევწყვიტო იმის კეთება, რაც მიყვარს“, - თქვა რეჟისორმა The Hollywood Reporter-თან.

ავტორი: ზმნა

08/24/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024