Logo

საზოგადოება

კაცი, რომლის მიერ სოხუმიდან ჩატანილი ლიმონი, წმინდა მიწაზე, "სურვილის ხედ" იქცა

კაცი, რომლის მიერ სოხუმიდან ჩატანილი ლიმონი, წმინდა მიწაზე, "სურვილის ხედ" იქცა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

მერაბ მიხაელი ნატო გელაშვილმა წმინდა მიწაზე გაიცნო. ამბობს, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ, ეს კაცი, ღმერთმა გამოუგზავნა. მას ნათლია ეძახის, რადგან მდინარე იორდანეში განბანა. იერუსალიმში მოსალოცად ჩასულს, მერაბი ნათლია მასპინძლობს. 

მერაბ მიხელაშვილი მარტვილის რაიონის სოფელ ბანძაში დაიბადა და როგორც ამბობს, მეგრულთან ერთად, შვიდ ენაზე საუბრობს. მოგვიანებით ოჯახი საცხოვრებლად დედაქალაქში ჩამოვიდა. მოსწავლე მერაბმა ორი წელი ბორჯომში გაატარა. სწორედ იქიდან სმენია ნატოს მამის შესახებ.

ნატო გელაშვილი: - ისრაელში ჩემს კონცერტზე მოვიდა ადამიანი, რომელმაც საუბარში მამა და მისი მეგობრები მიხსენა. გავგიჟდი! თან იმ დროს მამა ახალი გარდაცვლილი მყავდა. ამ კაცმა, თავისი მოულოდნელი გამოჩენით, ეს ტკივილი გადამატანინა. წმინდა მიწაზე ის ღმერთმა გამომიგზავნა... მე მას ნათლიას და მამას ვეძახი. და ახლა, როცა არც ჩემი მშობლები აღარ არიან და არც ჩემი ძმა, ეს ღირსეული კაცი ჩემი ოჯახის გაგრძელებაა. ანუ ისრაელში მე ოჯახი მყავს და სტუმრად მასთან ჩავდივარ. ორი თვე რომ გადის, მერაბი მირეკავს, მომენატრე, ნათლი, აიღე ბილეთი და გამოფრინდიო...

ნატო გელაშვილი

მერაბ მიხაელი: - თბილისში ცხოვრების დროს, 1994 წლიდან 2001 წლამდე, რესტორან „არაგვის“ დირექტორი ვიყავი.

ქრისტიანული ცოდნა იერუსალიმში შევიძინე. ერთადერთი ებრაელი ვარ, რომელიც ქრისტიანულ მოძღვრებას ვიღებ, ლოცვას, წესებს ვიზიარებ. ჩემთვის მართლმადიდებლობა და ქრისტიანული მოძღვრება ცხოვრებისეულია და თაყვანისცემას იმსახურებს. ბიბლია წაკითხული მაქვს. მიცნობენ, როგორც მერაბ იერუსალიმელს.

ერთ-ერთი ვარ, ვინც ბერძნებს, დაკეტილი ჯვრის მონასტერი 1974 წელს გავახსევინე.

სოხუმიდან გამოგზავნილი ლიმონის ნაყოფი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ეზოში ჩავრგე. დღემდე იქ არის, თითქმის ნახევარი საუკუნის ხნისაა უკვე და „სურვილების ხედ“ არის ცნობილი. ყოველ წელიწადს ისხამს ნაყოფს. სურვილს იფიქრებენ, ლიმონს კრეფენ და მიაქვთ.

მერაბი მიჰაელი

მერაბ მიხაელი იერუსალიმიდან 20 კილომეტრის მოშორებით, ქალაქ მოდიინში ცხოვრობს. მანამდე, წლების მანძილზე იერუსალიმში ცხოვრობდა. ორი შვილი და სამი შვილიშვილი ჰყავს.

მერაბ მიხაელი: - სასოფლოში ვსწავლობდი. აგრონომი ებრაელი არავის უნახავს, მაგრამ ფაქტია, ეს სასწავლებელი დავამთავრე.

ყველაფერი ღვთის ნებაა, რაც გადამხდენია. უფალი ყველაფრის ძალას მაძლევს. ყველაფერს გულით ვაკეთებ. ზემოდან არის. როდესაც ადამიანი იბადება, უნდა იცოდეს, რომ ჩვენთან არს ღმერთი! არის და იქნება. მამაზეციერის სახელს ვენაცვალე. რწმენით უნდა ვიცხოვროთ. რწმენაა ყველაფერი. ადამიანი წინ მიჰყავს ცხოვრებაში. ვისაც ჰგონია, ვინმეს მოტყუებით გამდიდრდება და იცხოვრებს, მწარედ ცდება. თუ მოინანიებს, უფალი დაეხმარება, თუ არადა, ჩიხში მოექცევა. უფალი მაძლევს წმინდა ადგილებზე მისვლის და სხვისთვის ამ ადგილების გაზიარების ძალას. მისი წყალობით ყველა ტკბილ ადამიანთან ერთად შემიძლია მოვიარო ადგილები, სადაც უფალმა ფეხი დადგა და მადლი დათესა. ამ მადლით აგრძელებს კაცობრიობა ცხოვრებას. ჩემი ნატო ძალიან მორწმუნეა, ღვთისშვილია და ეს მომწონს. მიხარია, რომ წილად მხვდა ბედნიერება მისი ნათლია ვყოფილიყავი.

ნატო გელაშვილი

ავტორი: თამარ გონგაძე

04/10/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024