საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ცოტნე მაჭავარიანი ის ბიჭია, პატარა გოგონას სიცოცხლის გადასარჩენად, საკუთარ ოცნებაზე რომ თქვა უარი.
13 წლის ცოტნემ, მინდორში მდგარ ძველ სახლთან, პატარა გოგონა შენიშნა. ბიჭმა დაინახა, რომ სახლის კედელი იშლებოდა და დაუფიქრებლად გაიქცა ბავშვისკენ.
"ხელი ვკარი და დაბლა ჩამოვაგდე, მაგრამ კედელი ძალიან სწრაფად დაიშალა და მე გამოქცევა ვეღარ მოვასწარი" - იხსენებს 13 წლის გმირი.
ჩამოშლილი კედლიდან ჩამოვარდნილი მძიმე ბლოკი ბიჭს ფეხზე დაეცა. შედეგი უმძიმესი აღმოჩნდა. ცოტნეს მარცხენა ფეხზე ოთხი თითის მოკვეთა დასჭირდა. ის ახლა ყავარჯნებით გადაადგილდება.
ამბობს, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. ცოტნეს რომ არ გაერისკა, ჩამოშლილი კედელი გოგონას ქვეშ მოიქცევდა.

ახლა ცოტნე თავს კარგად გრძნობს, ამბობს, რომ ფეხი აღარ სტკივა, თუმცა წუხს, რომ მისი ოცნება ფეხბურთელობის შესახებ კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.
"მინდოდა ფეხბურთელი გამოვსულიყავი, ახლა არ ვიცი როგორ გამომივა, მაგრამ აუცილებლად ვცდი," - ამბობს 13 წლის გმირი "ერთსულოვნების" მიერ მომზადებულ სიუჟეტში.

ცოტნე მაჭავარიანის ამბავს სოციალურ ქსელებში ათასობით გამოხმაურება მოჰყვა. ადამიანები პატარა გმირს ბიჭობას უქებენ და ამხნევებენ.
"უფალი ღმერთი არასოდეს ტოვებს ადამიანს, მითუმეტეს მის რჩეულებს... ამიტომაც მოგცა ასეთი ძლიერი სული. ფეხბურთის თამაშს კი არა მსოფლიოს გადადგამს შენი სულის ადამიანი..."
"ჩვენ შენთან ვართ და გვჯერა შენი. შენ არსებობის ყოველი წამით დაამტკიცე, რა დიდი ადამიანური ღირებულებების პატრონი ხარ!" - წერენ ცოტნეს.
07/27/2026