სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ინტერიერის დიზაინში ფერი უკვე დიდი ხანია მხოლოდ დეკორატიული ელემენტი აღარ არის. 2026 წლის ტენდენციები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ სწორად შერჩეულ ფერს, სივრცის, განწყობის, მასშტაბისა და ხასიათის მთლიანად შეცვლა შეუძლია.
სწორედ ამიტომ, კედლის საღებავის არჩევა ბევრად უფრო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
როგორია 2026 წლის მთავარი ტენდენციები ინტერიერის დიზაინში და რას უნდა მიაქციოს ყურადღება მომხმარებელმა? - ამ კითვებით "zmna.ge" ჰიპერმარკეტი "მიჰაუსის" ექსპერტებს დაუკავშირდა.
როგორც"მიჰაუსში" დაგვიდასტურეს, 2026 წლის ინტერიერის მთავარი მიმართულება ბუნებრივი და მშვიდი ტონებია. განსაკუთრებით ხშირად იყენებენ მიწისა და ქვიშის ფერს, თბილ ბეჟს, ზეთისხილისფერს, ღია ტერაკოტისა და რბილ მწვანე ელფერებს...
ასეთი ფერები სივრცეს სიმყუდროვესა და სიმშვიდეს მატებს. თუმცა, აქტუალურობას არც თამამი, გამოკვეთილი ფერები კარგავს. ღვინისფერი, ღრმა ლურჯი, მუქი მწვანე - ეს ის ფერებია, რომელთა გამოყენებაც განსაკუთრებით პოპულარული ე.წ. აქცენტურ კედლებზეა.

აქცენტური კედლები 2026 წელსაც ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ დიზაინერულ გადაწყვეტად რჩება. აქცენტი შეიძლება გაკეთდეს მუქი ფერით, ტექსტურიანი საღებავით, დეკორატიული ეფექტით, ან უბრალოდ განსხვავებული ტონით, რომელიც ინტერიერში მთავარ აქცენტს შექმნის.
ყველაზე ხშირად აქცენტურ კედელს საძინებელში საწოლის უკან, მისაღებში ტელევიზორის ან ბიბლიოთეკის ზონაში, სასადილო სივრცეში ან სამუშაო კუთხეში იყენებენ.

ნეიტრალური თუ გამოკვეთილი ფერები?
ნეიტრალური ფერები ნებისმიერ შემთხვევაში უნივერსალურ არჩევანად რჩება. ისინი მარტივად ერწყმის სხვადასხვა სტილს, ავეჯსა და დეკორს, ინტერიერს ვიზუალურად ამსუბუქებს და დროის გასვლის შემდეგ ნაკლებად მოსაწყენი ხდება.
გამოკვეთილი ფერები უფრო ემოციურ და ინდივიდუალურ გარემოს ქმნის. ამიტომაც დიზაინერები გვირჩევენ, მათი გამოყენება დოზირებულად მოხდეს. მაგალითად, ერთი კედლის, ნიშის ან კონკრეტული ზონის გამოსაკვეთად.
ბოლო წლებში, განსაკუთრებით პოპულარული, სწორედ ამ ორი მიდგომის, ნეიტრალური ბაზა ტონალობისა და ერთი ძლიერი ფერადი აქცენტის შერწყმა გახდა.

კედლის საღებავის ტიპები
ინტერიერის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ფერი, არამედ საღებავის ტექსტურა და ფუნქციურობაც.
გლუვი (იგივე მატე) საღებავები, დღეს ყველაზე თანამედროვე და მოთხოვნად არჩევანად მიიჩნევა. ის კედელს რბილ, დახვეწილ ვიზუალს აძლევს და მცირე დეფექტებსაც კარგად ფარავს. განსაკუთრებით უხდება საძინებელსა და მისაღებ ოთახს.
რაც შეეხება პრიალა ტიპის საღებავს, ის სინათლეს ირეკლავს და სივრცეს უფრო დინამიკურს ხდის. თუმცა კედლის ყველა დეტალს უფრო მკვეთრად აჩენს, ამიტომ იდეალურად გასწორებულ ზედაპირს მოითხოვს.

"მიჰაუსში" ამბობენ, რომ ოჯახებისთვის, სადაც ბავშვები ან შინაური ცხოველები არიან, პრაქტიკული არჩევანი სარეცხი საღებავებია.
თანამედროვე სარეცხი საღებავები ვიზუალურადაც დახვეწილია და კედლის მარტივად გაწმენდის შესაძლებლობასაც იძლევა. განსაკუთრებით პრაქტიკულია მისი გამოყენება სამზარეულოში, დერეფანსა და საბავშვო ოთახში.

ყველასათვის ცნობილია, რომ ფერი სივრცის აღქმაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. მას ოთახის ვიზუალურად გაფართოება ან დაპატარავება შეუძლია.
ღია ტონები - თეთრი, კრემისფერი, ღია ნაცრისფერი, სივრცეს აფართოებს და მეტ სინათლეს ქმნის. ამიტომ ისინი პატარა ბინებისთვის განსაკუთრებით კარგი არჩევანია.
მუქი ფერები კი ინტერიერს სიღრმესა და სიმყუდროვეს მატებს, თუმცა პატარა სივრცეში გადაჭარბებულად გამოყენებისას შეიძლება ოთახი ვიზუალურად დააპატარაოს.
ყველაზე გავრცელებული შეცდომები ფერის არჩევისას
ინტერიერის დიზაინერები საუბრობენ რამდენიმე შეცდომაზე, რომლებსაც მომხარებლები ხშირად უშვებენ. ასეთ შეცდომებს მიეკუთვნება:

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რომელსაც ფერის არჩევისას უშვებენ, განათების უგულებელყოფაა.
რეალურად, ერთი და იგივე ფერი, მზიან და მოღრუბლულ ამინდში სრულიად განსხვავებულად ჩანს. განსხვავებულად აღიქმება ფერები ბუნებრივ შუქში, თბილ ხელოვნურ ან ცივ LED განათებაში...
ჩრდილოეთის მხარეს მდებარე ოთახებში ხშირად უფრო თბილი ტონები მუშაობს, ხოლო მზიან სივრცეებში შედარებით ცივი და ნეიტრალური ფერები. ამიტომ სპეციალისტები ყოველთვის გვირჩევენ, საბოლოო გადაწყვეტილებამდე ფერის ნიმუში კონკრეტულ სივრცეში გამოვცადოთ.

დღეს მომხმარებლისთვის არა მხოლოდ პროდუქტის ყიდვა, არამედ სწორი არჩევანის გაკეთება და ამ საქმეში სპეციალისტის პროფესიონალური დახმარების მიღებაა მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ, ინტერიერის დაგეგმვისას უმეტესად ირჩევენ სივრცეს, სადაც სხვადასხვა ფერის, ტექსტურისა და ტიპის საღებავების ერთად ნახვა და შედარებაა შესაძლებელი.

"მიჰაუსში" წარმოდგენილია როგორც თანამედროვე ფერთა პალიტრები, ისე სხვადასხვა ტიპის კედლის საღებავები - გლუვი, პრიალა და სარეცხი ვარიანტები, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მაქსიმალურად მოარგოს არჩევანი ინტერიერის სტილსა და ყოველდღიურ საჭიროებებს.
05/21/2026