Logo

სასარგებლო რჩევები

ქედმაღლობა, როგორც თავდაცვის მექანიზმი - რას მალავს სხვებზე მაღლა დგომის სურვილი?

ქედმაღლობა, როგორც თავდაცვის მექანიზმი - რას მალავს სხვებზე მაღლა დგომის სურვილი?

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ქედმაღლობა ხშირად თავდაჯერებულობად გვეჩვენება. ქედმაღალი ადამიანი კი ადამიანად, რომელმაც საკუთარი ფასი იცის, მტკიცე პოზიცია აქვს და სხვის შეფასებაზე ნაკლებად არის დამოკიდებული.


თუმცა ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ამპარტავნული დამოკიდებულების უკან შესაძლოა სრულიად განსხვავებული განცდები იდგეს, მათ შორის დაუცველობა, შეცდომის დაშვების შიში და საკუთარი არასრულყოფილების მიღების სირთულე. ამ მდგომარეობას ყოველთვის თვალსაჩინო ფორმა არ აქვს. ზოგჯერ ის ვლინდება სხვისი მოსმენის უუნარობაში, განსხვავებული აზრის მიუღებლობაში, ბოდიშის მოხდის სირთულესა თუ საკუთარ შეცდომებზე თვალის დახუჭვაში. სწორედ ამიტომ ქედმაღლობა მხოლოდ ადამიანებთან ურთიერთობას კი არ ართულებს, არამედ პიროვნულ განვითარებასაც აფერხებს.
განვითარება ხომ იწყება იქიდან, სადაც ადამიანი აღიარებს, რომ ყველაფერი არ იცის და ყოველთვის მართალი ვერ იქნება.

ფსიქოლოგი ნინო ეფხოშვილი განმარტავს, რატომ შეიძლება ქედმაღლობა არაჯანსაღი თვითშეფასებისგან თავდაცვის ფორმა იყოს და რატომ არ არის მისგან გათავისუფლების გზა საკუთარ თავთან ბრძოლა. მისი თქმით, გაცილებით მნიშვნელოვანია გავიგოთ, რა იმალება ამ ქცევის მიღმა და ვისწავლოთ საკუთარი არასრულყოფილების მიღება.

ნინო ეფხოშვილი

" ქედმაღლობა, ამპარტავნება, როგორც შინაგანი ნგრევის ძალიან ძლიერი მექანიზმი - მდგომარეობა, რომელიც გვაშორებს საკუთარ თავს და, შესაბამისად, სხვებსაც.

და ეს მხოლოდ ის არ არის, რომ თავი უბრალოდ ვინმეზე უკეთესი გგონია, მას ცხოვრებაში ბევრად უფრო დახვეწილი და ფარული გამოვლინებები აქვს.

პირველი ალბათ მოსმენაა - როცა არ შემიძლია სხვისი მოსმენა, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ყველაფერი ვიცი.

სხვა ფორმაა, როცა ბოდიშის მოხდა სისუსტე მგონია; სხვისი განსხვავებული აზრი მაღიზიანებს; მგონია, რომ რაღაც უფრო მეტად მე მეკუთვნის, ვიდრე სხვას; როცა სხვის შეცდომებს ძალიან მარტივად ვხედავ, საკუთარის დანახვა კი მიჭირს.

ქედმაღალი

საბოლოოდ, ეს ყველაფერი განვითარების შესაძლებლობას მართმევს.

რადგან განვითარებისთვის აუცილებელია იმის აღიარება, რომ რაღაც არ ვიცი, რაღაც მეშლება და რაღაცაში სხვა ჩემზე უკეთ ერკვევა.

ამიტომ ქედმაღლობა თავდაჯერებულობა არ არის, უფრო არაჯანსაღი თვითშეფასებისგან თავის დაცვის ფორმაა.

და ყოველთვის, როცა საკუთარ თავში ასეთ დესტრუქციულ თვისებებს ვამჩნევთ, ბუნებრივად ვფიქრობთ - რა შეიძლება ამას დავუპირისპიროთ, რომ ჩვენი ცხოვრება უფრო კონსტრუქციული გახდეს?

მაგრამ ასე შეიძლება იმავე ხაფანგში აღმოვჩნდეთ - საკუთარ თავს ისევ „კარგ“ და „ცუდ“ ნაწილებად ვყოფთ და ვცდილობთ, ცუდი ნაწილი კარგი თვისებით ჩავანაცვლოთ.

მე მგონია, უფრო ჯანსაღი გზაა დავინახო ეს ჩემში, მივიღო, არ შემრცხვეს ამის გამო და ვეცადო გავიგო, რას ცდილობს ჩემთვის ეს ნაწილი.

ქედმაღლობის ქვეშ ხშირად დაუცველობაა.
ამიტომ სანამ ქედმაღლობას თავმდაბლობას დავუპირისპირებ, ალბათ ჯერ საკუთარი არასრულყოფილების ატანა გვაქვს სასწავლი.

მხოლოდ ამის შემდგე გამოგვივა ნამდვილი თავმდაბლობა, არა როგორც საკუთარი თავის დაპატარავება, არამედ
უნარი, იყო საკუთარი თავის ღირსების განცდაში ისე, რომ სხვაზე მაღლა დგომა აღარ დაგჭირდეს.

ასე შეიძლება ქედმაღლობის ენერგია გადაიქცეს თავდაჯერებულობად, ცნობისმოყვარეობად, მოსმენის უნარად და განვითარების სურვილად.

ქედმაღალი

საკუთარი თავის მიღება ნიშნავს, ვხედავ, რომ ეს ჩემშიც არის; მესმის, საიდან შეიძლება მოდიოდეს და ახლა უკვე შემიძლია არჩევანი გავაკეთო, როგორ მოვექცე მას," - განმარტავს ფსიქოლოგი.

ავტორი: ზმნა

09/01/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024