Logo

კულტურა

"კენტი ქალ-ვაჟი დააწყვილა რბილმა საწოლმა..." - გაიხსენეთ შოთა ჩანტლაძე, ანტისაბჭოთა პოეტი

"კენტი ქალ-ვაჟი დააწყვილა რბილმა საწოლმა..." - გაიხსენეთ შოთა ჩანტლაძე, ანტისაბჭოთა პოეტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

სულ 4 ათეული წელი იცოცხლა. მის ვნებით ანთებულ პოეზიაში მოგზაურობა, ძალზედ საინტერესოა... მისი ლექსი არავის ლექსს არ ჰგავს. თავისუფალი, გაურითმავი, მაგრამ განუმეორებელი სტროფებით. ბევრი ქვეტექსტი რომ ეშლება შლეიფად ფილმს რომ ჰგავს, ევროპულ კინემატოგრაფიას...

ისე წავიდა, ერთი ლექსიც არ დაუბეჭდიათ. ალბათ, იმ დროზე წინ იყო, რომელშიც ეს მცირე ხანი იცხოვრა.

არადა, 60-იანელთა თაობის ხელოვანებს შორის იყო, გახრწნილ სოციალიზმში რომ ნათელი შუქი მოჰფინეს ქვეყანას. მისი შემოქმედება, გააზრებული კი, დღემდე არ არის.

ყველაზე ხშირად უნივერსიტეტის ბაღში, აჩემებულ ადგილას ნახავდით, პოეზიისა და ლიტერატურის მოყვარულებით გარშემორტყმულს. და იმ დროს, ხშირად ასე ხუმრობდნენ, ორი უნივერსიტეტი დავამთავრე, ერთი ჯავახიშვილი და მეორე - ჩანტლაძისო.

ის არ გამხდარა თავისი დროის ლიტერატურული მეინსტრიმის ნაწილი. ცხოვრებაში მისი პოპულარობა პოეტურ დამსახურებებთან ერთად, ან უფრო მეტადაც, მის პიროვნულ როლს უკავშირდებოდა – ერთგვარ ალტერნატიულ სივრცეში, არააკადემიურ და არაოფიციალურ გარემოში, უნივერსიტეტის ბაღში, სადაც ის მისი თაობის მიერ უცვლელ „რექტორად“ იყო აღიარებული.

შოთა ჩანტლაძე პირველი პოეტია, რომელიც მის დროში ლექსს დაწერს მე-ს სახელით. ის არამარტო ახლობლების წრეში ნახევრად ხუმრობით ან სერიოზულად ამბობს, რომ ესმის საკუთარი თავის ფასი, არამედ მისი ტექსტებიც ხმაურიანად განაცხადებს ამას. ქართულ პოეზიაში „მე“ ასე ხმამაღლა აღარ გახმიანებულა მას შემდეგ, რაც საბჭოთა იდეოლოგიის მიერ საჯაროდ იქნა დაგმობილი ინდივიდუალიზმი.

საბჭოთა რეჟიმში ანტისაბჭოთა პოეტი გახლდათ...

შოთა ჩანტლაძეს „ურბანულ პოეტს“ უწოდებენ ხოლმე. ქალაქი - თბილისი - მის ტექსტებში ის უბრალოდ კი არ ფიგურირებს, არამედ გვევლინება ცოცხალ ორგანიზმად, თავისი ადგილებით, პერსონაჟებით, შეხვედრებით, განწყობებით...

მისი მეგობრები იყვნენ: რეჟისორი რეზო ესაძე, პოეტი იზა ორჯონიკიძე, პოეტი და მთარგმნელი ბესიკ ადეიშვილი, ფილოლოგი ზურაბ კიკნაძე, თეატრმცოდნე დალი მუმლაძე.

1968 წლის 29 ნოემბერს, ორმოცი წლის ასაკში, აღიარების და კეთილდღეობის მიღწევის გარეშე, ბრმა ნაწლავის ოპერაციის შემდეგ თრომბით იღუპება. მელიქიშვილის ქუჩაზე, სადაც ოჯახთან ერთად პატარა ბინაში ცხოვრობდა, ახლა მემორიალური დაფაა; მისი არქივი გიორგი ლეონიძის ქართული ლიტერატურის მუზეუმში ინახება.

შოთა ჩანტლაძის (1928-1968) გარდაცვალების შემდეგ არაერთხელ გამოვიდა მისი კრებული.

სწორედ მუხრან მაჭავარიანმა გამოსცა მისი პირველი წიგნიც, "წავიდა თოვლი", 1972 წელს, გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ. შემდეგ, 1984 წელს ემზარ კვიტაიშვილის მიერ მომზადებული კრებული გამოვიდა, "თენდება, ღამდება", მოგვიანებით, 90-იან წლებში მისი კრებულები ორჯერ გამოსცა იზა ორჯონიკიძემ, ერთი კრებულიც ბესიკ ხარანაულმა შეადგინა 1995 წელს.

მისმა დაძაბულმა თუ მწარე ირონიით სავსე სტრიქონებმა, სხვადასხვა თაობის არაერთი პოეტი შთააგონა, მაგრამ ამის მიუხედავად, შოთა ჩანტლაძე ჯერ კიდევ რჩება მომავლის ავტორად და იგი მკითხველს დღემდე ელის.

შოთა ჩანტლაძე

ტრამვაის

(რეკვიემი)
მას მალე გადმოაბრძანებენ ლიანდაგებიდან და
გრძელ
ბოსელში კამეჩთან ერთად მიირთმევს თივას.
საკუთარი

შენ გამოგაღვიძებენ ალიონზე,
დაგალევინებენ უგემურ სითხეს,
მყრალსა და მათრობელს,
ქალაქის თავზე ბადესავით გასროლილ მავთულებს
შენ ეხები ფრთით ერთადერთით
და იდუმალით იმუხტები ელექტრონებით...
და შენ ცახცახით ერთვი სამყაროს,
სხეულში გივლის ჟრუანტელი გამოღვიძების,
სხეულში გივლის ჟინი ხეტიალის,
თითქოს დასცალე ვეებერთელა „ბორჯომის“ ბოთლი.
ამ დროს ქუჩებში სიმშვიდეა და არის სიცივეც,

ამ დროს ქუჩებში,,სინათლეა დღის“
და არ არის ნათელი დღის,
ამ დროს არ არის ქუჩებში ხალხი,
არის მილიციელი მხოლოდ,
რომელიც წუხს, რომ ვერ იყენებს
თავის უფლებებს.
ქუჩაში არის მეეზოვე, რომელსაც სძინავს
და ხვეტავს ქუჩას,
ცოცხი ეხება დავარდნილ ფულს
და იდუმალი სხივები ფულის
აწუხებს თვალებს მზის სხივზე მეტად
და მეეზოვე დააჭყეტს თვალებს...
მაღაზიასთან თვლემს დარაჯი,
მოხუცი კაცი
და ეზმანება ფეხსაცმელი № 90,
ვიტრინაში რომ დაყუდებულა.
შენ ამ დროს იწყებ სიარულს შენსას,

მიდიხარ ნელა და ჩერდები “გაჩერებასთან“,
სადაც გელოდება მოქალაქე რამოდენიმე,
შენ იხვეჭ მათ და განაგრძობ გზას.
თანდათან თენდება,
თანდათან ამოდის მზე მანათობელი,
ქუჩები იტვირთება ხალხით და ტრანსპორტით...

***

აქ ერთ დროს რეკავდნენ ზარები თამამი
და თითქოს დიდებას ამბობდნენ ღმერთების,
აქ ერთ დროს ილოცდნენ წმინდანი მამანი
და ბოლოს დასტოვეს მონასტრის კედლები.

და ბოლოს დასტოვეს მონასტრის არენი -
სიკვდილის ჟამმა თუ დარეკა,
ქარსა და ქვიშაზედ უმიზნოდ ნარენი,
ქარმა და ქვიშამვე წალეკა.

დაინგრა მონასტრის ზეცა და გუმბათი,
დაინგრა კარები აღსავლის,
დადუმდნენ ზარები და დუმილს უმატეს
და ხმა არ ისმოდა არსაით.

წავიდა წვიმა და მოვიდნენ არები,
წვიმები, ქარები მეასედ,
ციოდა მარიამს და დედის მკლავებში
ციოდა პატარა იესოს.

***

მე თქვენ გიყურებთ და თვალები ჩემნი დნებიან.
თვალები ჩემნი გარს ევლებიან შენი სხეულის ნაკვთებს
იდუმალს და აღტაცება პირზე ღიმილს გააჩენს ელვად.
მე გარს ვევლები ჩემი თვალებით შენი სხეულის ყოველ
ნაწილს
და მე არ ძალმიძს არ დავკოცნო ჩემი სიტყვებით:
შუბლი შენი, როგორც ეს ფურცელი მაღალნათელი,
რომელზეც უნდა დაიწეროს შენი სხეულის ქებათა ქება.
დალალნი შენნი, დაბმულნი გრიგალნი, დალალნი შენნი —
ტევრნი უსიერნი, რომელშიც იხლართებიან ჩემი თითები და
კანკალებენ, როგორც ბალღები დაბნეულნი უსიერ ტყეში.
წარბები შენნი — ხიდნი შავნი, შავად გადასალტულნი,
რომლებიც ინგრევიან, ოდეს აბორგდება სისხლი შენი
რისხვით მოცული.
თვალები შენნი — ორნი დანნი ტყუპნი და ტოლნი,
თალხით შემოსილნი, წვიმიან ამინდში სატირალს მავალნი.
ყურები შენნი, რომელთაც ესმით ყველგან და მარად და
ყოველისაგან: — მონა ვარ შენი.
ლოყები შენნი, რომლებიც თრთიან ბაგეთა შეხებით,

როგორც ტბა ანკარა, რომელსაც ეცემა გაზაფხულზე
ყვავილი ატმის.
ბაგენნი შენნი, ბაგეთა უცხონი. ბაგენი შენნი
ღამის მომლოდინე ნატვრაა ჩემი.
ნიკაპი შენი-სიმორცხვე შენი.
კისერი შენი – ტალღა ატყორცნილი,
მკლავს რომ ენანება დაამსხვრიოს ბროლებად.
მკლავები შენი, რომელზედაც სულს ღაფავს კოცნა.
მკერდი შენი...
იღლია შენი — ჩიტის ბუდე დაცარიელებული,
რომელშიც ჩაფრინდებიან ჩემნი კოცნანი, როგორც ბარტყები.
თითები შენნი — შინაური მტრედები.
მუცელი შენი — ლოდი მარმარილოს, სიპი და გლუვი,
სხლტებიან ხელები.

ფეხები შენნი, ტანს რომ ატარებენ და რომელიც უნდა
ატარონ თავად,
მთლიანად შენ — შენ...

***

მახსოვს ზღვა ვრცელი, ღამე იყო თითქოს დუმილი
ჩვენი სხეულის შეედუღა ატომს ატომი
და ერთმანეთით დავიფერფლეთ ორი ღუმელი,
მე ვით ქვიშაზე, შენ სხეულზეც კვალი დავტოვე.

მე ვიცი ხვალვე, როცა ქმართან იგრძნობ სიამეს,
სათნო მეუღლე როს დაგსახავს თავის იმედად,
შენდაუნებურ დაგიდგება თვალწინ ეს ღამე
და სასთუმალში ჩაგეღიმება.

[1952]

სალონი

გრილი სალონი და ჭიქაზე ბაგის შეხება,
ოცნება ტკბილი, გრძნობისმიერი.
და ზოგჯერ შუბლზე მძლე ვეზუვის ცეცხლის შხეფები,
რბილი ჰაერის გადაცელვა ხელით ძლიერით.

გადაივიწყეს ყოველგვარი საიქიონი,
ხანძარი, ომი, პლატონი თუ რენე დეკარტე,
სისხლს წაეკიდა შამპანური და ლიქიორი
– ცეკვა, სიმღერა, სიგარები, კვამლი და კარტი.

კენტი ქალ-ვაჟი დააწყვილა რბილმა საწოლმა,
ერთურთს გადასცეს სასმელისგან ნაწოვი სიტკბო,
წამით იგემეს არნახული რამ გატაცება,
ზღაპარი თითქო.

ღიმილი ნელი, ღიმილი ვრცელი,
— ეს იღიმება სალონი მთელი.
[1952]

***

ავტორი: ზმნა

08/19/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024