ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
"კეტი პერის ბიჭი" - ასე შეარქვეს 22 წლის გიორგი ბრეგვაძეს ბერლინის კონცერტის შემდეგ, სადაც მას ამერიკელმა ვარსკვლავმა მიკროფონში სიტყვის თქმის საშუალება მისცა. გიორგიმ პლათფორმა გამოიყენა და შეკითხვაზე, თუ საიდან არის, ყველას გასაგონად პერის უპასუხა:
"მე საქართველოდან ვარ. ევროპიდან. ჩვენი ქვეყანა არის თურქეთის მეზობლად. ჩემი ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ჩვენი მთავრობა პრორუსულია. ყოველდღე პროტესტში ვართ. მე ციხეშიც კი ვიჯექი. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას დემოკრატიისთვის, მშვიდობისა და თანასწორობისთვის."
პერიმ მხარი დაუჭირა გიორგის და იყვირა: "ჩვენ მხარს ვუჭერთ დემოკრატიას!"

21 ოქტომბერს უბერის არენა სავსე იყო ამერიკული პოპმუსიკის მოყვარულებით, რომელთა შორის იყო ქართველი ბიჭი, რომელიც ცხრა წლიდან უსმენს კეტი პერის. ბაბუსგან მოპარული ფულით ყიდულობდა თინეიჯერულ ჟურნალს - "ოსკარს" და მომღერლის პლაკატებს აგროვებდა. მეოთხე კლასელმა სკოლაში პერიზე პრეზენტაციაც გააკეთა.
"ქეითი ბავშვობიდან მიყვარს. ძალიან ფერადია. მის კლიპებზე ვიძინებდი. თითქოს დიდი ბავშვია. მეც მინდა ჩემი ბავშვობა, სულ შევინარჩუნო" - ამბობს "ზმნასთან" ინტერვიუში გიორგი.
კონცერტზე მოსახვედრად ფულს აგროვებდა. ვარსკვლავის ყურადღება რომ მიექცია, შესაბამისი "ლუქიც" ააწყო. ჩვენთვის მოცემულ ინტერვიუში, გიორგი დეტალურად იხსენებს მისთვის ამ დაუვიწყარი კონცერტის ამბავს.
გიორგი ბრეგვაძე: ინგლისურში ვამზადებ მოსწავლეებს და თანხას ვაგროვებდი იმისთვის, რომ კონცერტზე წინ დასადგომი ბილეთი მეყიდა. ძალიან მინდოდა ქეითისთან ინტერაქცია (გასაუბრება). თუმცა ამ ყველაფერს საერთოდ არ ვგეგმავდი. მე მქონდა პლაკატი, რომელიც პერიმ აიღო და აფრიალა. მასზე მეწერა - "მე იმიტომ ჩამოვფრონდი, რომ ჩაგეხუტო". და ჩამეხუტა. შინაგანად ვემზადებოდი, თავში ვგეგმავდი დეტალებს, თუმცა არა სათქმელს. რახან ფერადი სამოსი უყვარს, მეც ვიზრუნე რომ ჩემი ჩაცმულობა ფერადი ყოფილიყო. რახან მას აქვს სიმღერა "ფარშევანგი", მეც ფარშევანგის ფორმით მივედი.

ტელეფონი წამართვა და წუთნახევრიანი ვიდეო ჩემი ტელეფონით გადაიღო. სპეციალურად ვიდექი ისეთ ადგილას, სადაც გამოივლიდა. მე წინ ვიდექი პლაკატით. ჩავეხუტეთ ერთმანეთს, თვალებში ავხედე. ერთადერთი, რაც ვუთხარი იყო, ძალიან კარგი სურნელი გაქვს-მეთქი. რა გქვიაო და იმდენად აჟტირებული ვიყავი, ძალიან ხმამაღლა ვუპასუხე.
მას აქვს ფრაზა სიმღერაში, "ყოველთვის იყავი გვირილა სარეველა ბალახში". ეს ფრაზა ჩემს ცხოვრებასთან ძალიან რეზონირებს-მეთქი, ვუთხარი. საიდან ხარო რომ მკითხა, აი, უკვე მანდ ამენთო და ვთქვი, რაც ვთქვი. ყველა ტაშს გვიკრავდა. მთელი არენა სადღაც სამი წუთი - Georgia-ს ყვიროდა.

ერთდერთი, რასაც ვგეგმავდი, იყო მასთან შეხვედრა, რომ ჩემი შინაგანი ბავშვი გამებედნიერებინა. ეს იყო პლათფორმა და მნიშვნელოვანია, სადაც მიდიხარ, შენი სათქმელი თქვა. მე იქ ვიყავი გიორგი ბრეგვაძე, ჩასული საქართველოდან. ვცხოვრობ იმ ქვეყანაში, სადაც ქეითის ფერადი ტექსტები და კლიპები ძალიან მნიშვნელოვანია. პოპ მუსიკა გვჭირდება.
ქეითი ამერიკის წინასაარჩევნო კამპანიებში აქტიურადაა ჩართული. ღირებულებების დასაცავად თავის პლათფორმას ყოველთვის იყენებს ხოლმე. მისი მხარდაჭერა ძალიან გამიხარდა. მივხვდი, რომ ბავშვობაში სწორი კუმირი ამირჩევია.

სხვათა შორის, კონცერტიდან რომ გამოვედი, ვიღაც ქალბატონი მეძახდა, boy from Georgia! მოვიდა, გერმანელი ქალი და თქვა, 52 წლის ვარ, ცხოვრებაში ბევრი რამ გამოვიარე, ყველაფერს მივაღწიე, და თუ ტრავმებთან მუშაობა დაგჭირდა ან ფსიქოლოგიური ან ფიზიკური დახმარება, ყოველთვის შეგიძლია მომმართოო. მომცა საკონტაქტო.
კონცერტის შემდეგ მერსედეს არენადან რომ გამოვედით, დიდი დინამიკი გვქონდა, ვცეკვავდით, ვმღეროდით, ერთმანეთს ვულოცავდით ამ დღეს. უცხოეთში, სრულიად უცხო ადამიანებთან, ბუნებრივი და ორგანული კავშირი რომ დგება, ძალიან მავსებს. ამ კონცერტის შემდეგ ძალიან სავსე წამოვედი.
კონცერტზე მარტო ვიყავი. ზოგადად მგონია, ოცნებები რაც გაქვს, მარტომ უნდა აიხდინო; არავის არ უნდა დაელოდო, უნდა ადგე და მარტომ უნდა იმოგრზაურო.
- ბავშვობის კერპთან შეხვედრა როგორ დარჩება შენს ცხოვრებაში?
- ძალიან რთული კითხვაა. ჯერ ისევ არ მაქვს ეს ყველაფერი გადახარშული. ეს იქნება დღე, რომელიც არასდროს დამავიწყდება. კერპს რომ ხვდები, წარმოდგენა იმსხვრევა და ტყდება კერპი. ჩემს შემთხვევაში - არ გატყდა. პერი ადამიანია. ის ტყუილად არ არის ამერიკის და დემოკრატიის სიმბოლო. დემოკრატიაც ისაა, მიკროფონი გამომიშვირა და სიტყვის თქმის უფლება მომცა. ეს იმას ნიშნავს, რასაც ამბობს, ასრულებს.
პატარა ვიყავი ჰარი პორეტი რომ აღმოვაჩინე - როგორ იბადება გმირი, მერე ამ გმირს, რა შინაგანი კონფლიქტები აქვს. სკოლაში, სათვალეების გამო, ჰარი პოტერსაც მეძახდნენ, მაგრამ დიდად არ მიხაროდა. ვკითხულობდი უცხოპლანეტელებზე. მიყვარს სტივენ კინგი. 12 წლის ვიყავი მისი "ნათება" რომ წავიკითხე და მგონია, რომ საუკეთესო გადაწყვეტილება არ იყო.
10/27/2025