Logo

ინტერვიუ

"ხალხმა ადვილად ჩაიხუტა ბეთხოვენა. ის არავის ჰგავს, უჩვეულოა..." - ნახეთ, როგორ გამოიყურება 74 წლის "ღიმილის ბიჭი" ახლა

"ხალხმა ადვილად ჩაიხუტა ბეთხოვენა. ის არავის ჰგავს, უჩვეულოა..." - ნახეთ, როგორ გამოიყურება 74 წლის "ღიმილის ბიჭი" ახლა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ის "ღიმილის ბიჭებიდან" ერთ-ერთია, ყველაზე დაბნეული, გაოცებული და მუსიკალური. ბუნებრივად ამგვარმა თვისებებმა "ბეთხოვენას" როლში აღმოაჩინა. რეჟისორ მამას, რომელიც ფილმისთვის ბიჭებს გარეთ ეძებდა, სცენარის ავტორმა, სულიკო ჟღენტმა, ერთ-ერთი, საკუთარ სახლში აპოვნინა - აი, ზუსტად ეს არის ბეთხოვენაო.

რეზო ჩხეიძის "ღიმილის ბიჭებში" (1969 წ.), ვიოლინოს ჩანთიანი ბეთხოვენას როლს, სწორედ მისი ვაჟი - ბიძინა ჩხეიძე ასრულებს. მაშინ 16-17 წლის იყო, ისევე როგორც, სხვა ღიმილის ბიჭები... და ამ დაუვიწყარ ფილმში შთამბეჭდავი სახეები შექმნეს.

ბიძინა ჩხეიძეღიმილის ბიჭები

"ზმნა" კინოხელოვანს შინ ეწვია. შვილთან და შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. მსახიობი და რეჟისორი ახლა 74 წლისაა, მაგრამ მის თვალებსა და ღიმილს დრომ ვერაფერი დააკლო. ამბობს, რომ განიცდის ფიზიკურ ცვლილებებს, იმას, რომ უკვე ადვილად იღლება.

ბიძინა ჩხეიძე: გული შეგტკივა. გინდა რაღაც აკეთო, მაგრამ ვერ უკეთებ ორგანიზებას. რთული დროა... რეალიზაციას ვეღარ ვახერხებ. ფილმი მზად მაქვს გადასაღებად, მაგრამ საშუალება არ მაქვს, რომ გადავიღო.

ფილმების გადაღების თემაც რადიკალურად შეიცვალა. კინოს გადაღება მილიონები ჯდებოდა, ახლა, ჩემი პენსიით, ორი ფილმი გადავიღე.

როცა შენ თვითონ ხარ რედაქტორიც, მხატვარიც, მსახიობიც, ოპერატორიც, კომპოზიტორიც - რა უნდა გააკეთო? ამ ხალხს მოიწვევ და ფული ხომ უნდა გადაუხადო? ფული რომ არ იყო, მეგობრების ხარჯზე გადავიღე „თეთრი წერტილი“.

მეორე ფილმიც ჩემი სიზმარია. დიდ სისულელეს გეტყვით, ყველაზე მეტად ძილი მიყვარს, ოღონდ ძალიან ცოტა მძინავს. რეალურ ყოფაში, ჩემ თავს შეკვეთას ვაძლევ, რისი ნახვა მინდა და ხილვების სახით, სიზმრად, სხვადასხვა ვარიანტებს ვხედავ. ჩემი ფილმები ჩემი წარმოსახვაა. ჩემი პროფესიის მთავარი სტრუქტურაც ხომ წარმოსახვაზეა აგებული.

ბოლო ფილმს ჰქვია „ბუდე ზოოპარკთან". ეს ფილმი გავიდა ეთერში და მაყურებელს დააინტერესა; ვერ გავიგე, რამ დააინტერესათ?! როცა ფილმს ვიღებ, მე ხალხზე არ ვფიქრობ, რას იტყვიან, მიიღებენ თუ არა. ხალხი ჩემშია. ვფიქრობ, მხოლოდ იმაზე, მე რა მომწონს. თუმცა გამიხარდა, რომ ეს ფილმი მოეწონათ.

ბიძინა ჩხეიძე

- რისი გაკეთება გინდათ და რას ვერ ასწრებთ?

- ძალიან დამთრგუნველი იყო ჩემთვის ის ვითარება, რაც დატრიალდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ მე მაინც ვმუშაობდი ჩემთვის. დავწერე სცენარი „მზის ელვარებაში ჩაკარგული სულები". ასევე მზად მაქვს 300 გვერდიანი მონოგრაფია მამაჩემზე - „უკანა სვლის საათი“. წიგნად მინდა გამოვცე. მჭირდება ადამიანი, ვინც დამეხმარება წიგნის გამოცემაში, მის ფრომოუშენში. ძალიან მინდა ასეთი ადამიანი გამოჩნდეს.

- რას წერთ ამ წიგნში მამაზე?

- ეს არის სხვადასხვა თავებისგან შემდგარი წიგნი რეზო ჩხეიძის ცხოვრებაზე, მის პირად ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაზე. არის იუმორი, ფაქტები, საინტერესო ამბები... ბევრ უცხო ისტორიას ვყვები.

რეზო ჩხეიძე

მამა კინოსტუდია "ქართული ფილმის" დირექტორი იყო და ზრუნავდა იმაზე, რომ კარგი ფილმები გადაეღოთ. მეც იმ დროს კინოსტუდიის ნაწილი ვიყავი, ჩემი 10-11 ფილმი, სწორედ იმ დროს მაქვს გადაღებული.

მოსკოვში "ვგიკის" სარეჟისორო ფაკულტეტი რომ დავამთავრე, მამა იმ პერიოდში გახდა კინოსტუდიის დირექტორი. სადიპლომოდ თბილისში გადავიღე ფილმი „ბენზინის ჩამსხმელი“. ძალიან მოეწონათ, ფილმს უმაღლესი შეფასება მისცეს. პროფესორებმა მთხოვეს მოსკოვში დარჩენა, მაძლევდნენ ბინას, სამსახურს... მე დავფიქრდი... მერე ვუთხარი მამაჩემს, დავრჩები, ხან ჩამოვალ, იქაც გადავიღებ ფილმებს და აქაც-მეთქი. და გაგიჟდა, რად გინდა იქ დარჩენა, ან ბინა? ტყუილად ისწავლე? ჩამოდი და აქ აკეთე შენი საქმეო. ვერ წარმოედგინა, რომ მე სხვაგან მეცხოვრა. ჩემი სიტყვები იმდენად არ მოეწონა, რომ გაბრაზებული იყო და რამდენიმე დღე არ მელაპარაკებოდა. რა მექნა? დავბრუნდი და გავხდი კინოსტუდიის ნაწილი, თუმცა მე სულ ვცდილობდი, სადღაც ბოლო რიგში ვყოფილიყავი. ზედმეტად არ გამოვჩენილიყავი.

ძალიან ძნელი იყო რეზო ჩხეიძის შვილობა. ფილმს დამიმტკიცებდნენ და ამბობდნენ, იმიტომ დაუმტკიცეს რომ... იმიტომ რომ... იმიტომ რომ იმის შვილია.

- პროტესტის გრძნობაც გაგიჩნდათ, ალბათ და მამის ჩრდილიდან გამოსვლაც გსურდათ...

- მე შემოქმედებითად ჩემი თვითმყოფადობა გამაჩნდა. ჩემი ფილმიდან ერთი კადრიც რომ ენახათ, ხვდებოდნენ, რომ ჩემი ფილმია... თუმცა პიროვნულად, ჩრდილში ვიყავი. ბოლომდე ვერ ვიბრძოდი ისე, როგორ საჭირო იყო. დამუნათებაში სამიანი მეწერა.

- ცნობილი რეჟისორის და კინოსტუდიის დირექტორი მამის რეპუტაციით არ სარგებლობდით?

- სანამ ფილმის გადაღება დაიწყებოდა, წინ უძღოდა კომისიის წინაშე სადადგმო პროექტის დაცვა, დისერტაციის დაცვის მსგავსი. უნდა წარგედგინა მსახიობების სინჯები, ნატურა - სადაც უნდა გადაგეღო, კოსტიუმები, ჩანაფიქრი რა გაქვს და ა.შ. ამგვარი დაცვის დროს, როცა მე წარვადგენდი ჩემი ფილმის მასალებს, მამაჩემი ოთახიდან უცებ გაქრებოდა. წავიდოდა და შემოსასვლელში კარისკაცებთან ჩამოჯდებოდა. ჩემი ფილმის დაცვას არ ესწრებოდა. თავს არიდებდა. მე კი მინდოდა მამას ენახა, ბევრ ჭკვიანურ რამეს მეტყოდა, მაგრამ ასე იქცეოდა. აქცენტი თვითმყოფადობაზე იყო გადატანილი. საკმარისი იყო მე მამაჩემის ჭკუაზე წავსულიყავი, მაშინ რეალისტურად უნდა გადამეღო, მე კი სიზმრები მიყვარდა.

ბიძინა ჩხეიძე

- როგორც რეჟისორს ან მსახიობს როგორ გაფასებდათ?

- დიდი კარგი ფილმები არ მაქვს გადაღებული. პავლე ჩარკვიანმა გადაიღო ფილმი „ჩემი ძვირფასი სანატრელი ბაბუა“, სადაც ვთამაშობ როლს - კაცი ზაპოროჟეცით. მამაჩემს ჩემი თამაში მოეწონა. გაგიჟდა, არც ერთ ფილმში ასე არ გითამაშიაო, შემაქო.

- მსახიობი ბიძინა ჩხეიძე უფრო შედგა თუ რეჟისორი - თქვენ როგორ თვლით?

- მე მგონი, ბოლომდე არც ერთი, ვერც მსახიობად შევდექი, ვერც - რეჟისორად. როგორც რეჟისორს ხალხის დამუნათება ძალიან მიჭირდა. დამუნათება სხვადასხვა ხერხით შეიძლება, როგორც ტკბილი სიტყვით, ასევე - მათრახით. მე ტკბილი სიტყვით ვცდილობდი დამუნათებას, მაგალითად, ასე: ამ ფილმის შემდეგ, შენ მიდიხარ დასასვენებლად პიცუნდაში. არ ვიცი, ჭრიდა თუ არ ჭრიდა. ეტყობა, არ ვიყავი რეჟისორის თვისებების. მე შინაგანი ამბის გააზრებით ვიყავი დაკავებული და საერთო დისციპლინის და ორგანიზების საკითხში მოვიკოჭლებდი. თუმცა მე თვითონ დისციპლინირებული გახლდით. მაგრამ მთელ ჯგუფს სულ სხვა ორგანიზება სჭირდება. მსახიობის ამპლუაში როცა ვარ, რეჟისორს ვებრძვი ხოლმე. მსახიობის და რეჟისორის პროფესია გადაბმული პროფესიებია. გუგული მგელაძის ფილმში „მაცივარში ვიღაც იჯდა“ მთავარ როლში ვარ. ოპერატორი იღებდა როგორც ავალებდა რეჟისორი, მე მინდოდა ბევრი სუბიექტური კადრი ყოფილიყო. გამზადებული კადრები არ მიყვარს. დინებას უნდა მიჰყვეს, ჩვეულებრივ დინებას უნდა მიჰყვეს და ამ ჩვეულებრივ დინებაში, სასწაულები ხდება.

ბიძინა ჩხეიძე

- სიტყვა "დამუნათება" უკვე ორჯერ ახსენეთ. ასე გინდოდათ ამ თვისების ქონა?

- ფსიქოლოგიაშია ასეა: როდესაც ადამიანი ბევრს ლაპარაკობს, ითვლიან, რა სიტყვა თქვა ყველაზე მეტჯერ და იმ სიტყვას ეძახიან ღუზას. ხშირად ეს სიტყვა-ღუზა ის არის, რაც მან თავის ცხოვრებაში ვერ გააკეთა, უნდოდა, მაგრამ ვერ შეასრულა. გამოდის, რომ ჩემი ღუზაა - დამუნათება. ეს ის არის, რასაც ვერ ვაკეთებდი. ადამიანი უნდა იყოს მობილიზებული, რომ საქმე გააკეთოს. მიკა ოძელი, ჩემი ფილმების კომპოზიტორია და მეუბნება, შესანიშნავი ფილმები გაქვს, მაგრამ რაღაც აკლია, ზუსტი მოტორი არ ჩანსო. ალბათ, ისევ ჩემი იმ თვისების გამო, რომ ვერ შევძელი გადაღებისას სიმკაცრე და გადამღები ჯგუფის დამუნათება...

ბიძინა ჩხეიძე

- და რეზო ჩხეიძე როგორი მმართველი იყო?

- მამა გლახა მმართველი იყო.

- რას გულისხმობთ?

- ტექნიკური საკითხები არ ეხერხებოდა, საერთოდ ვერ ერკვეოდა. სამაგიეროდ, შესანიშნავი რედაქტორი იყო. ქუჩიდან ვინმე რომ მოსულიყო და სისულელე წარმოედგინა, მამა მასში კარგს დაინახავდა, შეაფასებდა. ყველაფერს გააკეთებდა, რომ იმ ადამიანს ფილმი გადაეღო.

კინოსტუდიაში გამართულ სამხატვრო საბჭოზე სცენარებს, ფილმებს განიხილავდნენ. საბჭოს წევრები საგულდაგულოდ იყო შერჩეული - მწერლები, დრამატურგები, ღირსეული ადამიანები იყვნენ. სცენარით რომ აღფრთოვანდებოდნენ, ამ დროს, მამაჩემი ერთი სიტყვით დაიწუნებდა და იმ სცენარზე ილაპარაკებდა, რომელიც საბჭოს ჰქონდა დაწუნებული. იმაზე ილაპარაკებდა, რატომ სჯობდა ეს მათი დაწუნებული სცენარი იმას, რომლითაც აღფთოვანდნენ. მერე, საბჭო გაფართოებული თვალებით უსმენდა და მამაჩემის მხარეს გადადიოდა. რეზოს ამის უნარი ჰქონდა - საწინააღმდეგო აზრიდან გადმოეყვანა თავისაზე. საქმეში წინააღმდეგობა თუ არ არის, მაშინ აღარ გინდა ის საქმე. მთელი მოტივი წინააღმდეგობაშია. მასაც უხაროდა, რომ იმას აკეთებდა, რაც ძნელი გასაკეთებელი იყო.

- დედაზე გვიამბეთ...

- დედა, თინა ღამბაშიძე გახლდათ. ისიც მოსკოვში სწავლობდა, თუმცა სასწავლებელი არ დაუმთავრებია. იქ ჩემი მშობლები უკვე ერთად ცხოვრობდნენ. რეზო "ვგიკში" სწავლობდა, თავისი პლეადის სხვა რეჟისორებთან ერთად. ერთხელ თბილისიდან მიიღეს ამანათი - ლობიო, მჭადის ფქვილი, წვრილმანები და სარეცხის საპონი. მამა გაგიჟდა სიხარულით, შეკრიბა იმ დროს იქ მცხოვრები ქართველები - ეთერ გუგუშვილი, გიგა ლორთქიფანიძე, სულხან ცინცაძე, ალბათ, სულიკო ჟღენტიც იქნებოდა... და სუფრაზე მოიწვია. დედამ დიასახლისობა, მაშინ, არ იცოდა და სათითაოდ ურეცხია ლობიოს ყველა მარცვალი. ჩადგა მოსახარშად. ლობიო ჩუხჩუხებდა, ოხშივარი დადგა და გაზქურის თავზე, თაროზე დადებული საპონი ნელ-ნელა გადმოცურდა და ჩავარდა ქვაბში. ეს არავის შეუმჩნევია და საპონიც ჩაიხარშა ლობიოში. ელოდებიან ლობიოს და მჭადებს. მიირთვეს, თითქოს კარგი იყო ლობიო, მაგრამ ლაპარაკისას ბუშტებს ბერავდნენ, თურმე, პირიდან. არაფერი ვიცი, მოიწამლნენ თუ არა... ეს ამბავი იმ წიგნიდანაა, მამაზე რომ დავწერე.

დედა ჯერ მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდა, შემდეგ სერგო ზაქარიაძის სახელობის ტექნიკუმში მეტყველებას ასწავლიდა.

მე დედას ვგავარ ძალიან. გარეგნულადაც და ხასიათით. კეთილი და დამთმობი იყო დედაც და ბებიაც. მე მინდოდა ვაჟკაცური ვყოფილიყავი. თუმცა როგორიც დავიბადე, ისეთი დავრჩი.

ბიძინა ჩხეიძე

- "ღიმილის ბიჭები" გაიხსენეთ...

- შორიდან დავიწყებ. ნელა ვიცოდი ლაპარაკი. პასუხის გაცემა მიგვიანდებოდა. არ ვარ სწრაფი ადამიანი. მამაჩემმა იფიქრა, ეს ბავშვი დებილი არ ეგონოთო და გვიან შემიყვანა სკოლაში. ჩემი კლასელები იყვნენ პატარები, მე - დიდი. მაშინ კინოთეატებში გადიოდა ფილმი „ქალი და მამაკაცი“, შესანიშნავი ფილმია, ყველას აინტერესებდა. მე შევდიოდი კინოში და ვუყურებდი. პროპორციებითაც დიდი ვიყავი. სკოლაში დამარქვეს „ყოჩი“. თავში ჩავარტყამდი და დამთავრდებოდა საქმე. მერე განვიცდიდი და იმ ადამიანთან ნამცხვრები მიმქონდა.

"ღიმილის ბიჭებში" რომ გადამიღეს, 16-17 წლის ვიყავი. სულიკო ჟღენტს, მივხვდი, ჩემში რაც მოეწონა და რატომაც უთხრა მამას, ეს არის ბეთხოვენაო. არ ვიყავი მიწაზე, დავფრინავდი. ვცდილობდი, გმირისთვის ამ კუთხით შემეხედა. ვიოლინოს ჩანთა რომ მომცეს, შიგნით ჩააწყეს აგურები, მე არ ვხსნიდი ამ ჩანთას. იქ, ჩემთვის, "სიმდიდრე" ინახებოდა. ჩემი აქცენტი იმ "იშვიათობაზე" მქონდა გადატანილი, რასაც დავატარებდი. ამაშია ბეთხოვენას ძალა.

ბიძინა ჩხეიძე

ერთი სცენის გადაღება იყო ძველ სამებასთან. ნათელა აკაციის ყვავილის მოსაწყვეტად რომ აუშვებს ბეთხოვენას ხეზე. კედელზე უნდა ავმძრალიყავი. ბინდდებოდა. ვთამაშობ, მიღებენ და ისე გართული ვიყავი, რომ არც შემინიშნავს ის პატარა ქუჩა, როგორ გაივსო ხალხით. ეტყობა, ისე ვთამაშობდი, რომ მათთვის საინტერესო აღმოვჩნდი. ერთმა ახალგაზრდამ მითხრა კიდეც, შენ მსახიობობას ვერ აცდები, ისე დამაჯერებლად თამაშობო.

ბიძინა ჩხეიძე

ვითომ ფეხს რომ ვიღრძობ, თემურს რომ ვატყუებ, მაგ სცენის გადაღებისას, მამაჩემმა მაჩვენა, როგორ შემესრულებინა "ტირილის" სცენა.

ბეთხოვენა იცით, როგორი როლია? არავის არ ჰგავს. უჩვეულოა, არასტანდარტული ამბის მთხრობელია. აქაც ფეხი იტკინა, იქაც ფეხშეხვეულია მერე ომში, რატომ დაემთხვა... ქუჩაც დაემთხვა. ერთმანეთს ბევრი რამ დაუკავშირდა. ამ ბიჭების ხასიათიც, თითქოს ბეთხოვენაში გაერთიანდა. ეს უმნიშვნელო წერტილი, ამ ფილმის იდეის მატარებელი აღმოჩნდა. ხალხმაც ადვილად ჩაიხუტა ბეთხოვენა...

ბიძინა ჩხეიძე

მახსოვს ნათელას - ლეილა ყიფიანს ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკი მოსწონდა. მე და ნუგზარი, ანუ ბეთხოვენა და ჭკუისკოლოფა, ფიზიკურად ცოტა ვგავდით ერთმანეთს. და შევამჩნიე, ერთხელ, ლეილა ყიფიანი ხან ნუგზარს გახედავდა, ხან მე გამომხედავდა, თავს ატრიალებდა აქეთ-იქეთ. გვადარებდა ერთმანეთს...

ღიმილის ბიჭები

- "ღიმილის ბიჭებს" გქონდათ ცხოვრებაში ერთმანეთთან კონტაქტი?

- ნუგზარ ბაგრატიონი და თემურ ბაბლუანი რამდენიმეჯერ ვნახე, კახა ქორიძეც. სუფრაზე შევიკრიბეთ. ყველა სხვადასხვა გაგების ვართ და ამიტომ ხშირად არ გადავკვეთილვართ. ყველაზე ახლოს თაზო თოლორაია იყო ჩვენთან, ცხონებული...

თაზო თოლორაია

სცენარისტი და დრამატურგი - სულიკო ჟღენტი მამას მეგობარი იყო. მოდიოდა ჩვენთან, სცენარებს ამუშავებდნენ.

მამა, ფოთში თუ ბათუმში, "ზღვის ბილიკს" იღებდა... სულიკო ბათუმელი იყო, მოვიდა სასტუმროში და მოიტანა 5 ფურცელზე დაწერილი „ჯარისკაცის მამა“.

სულიკო ჟღენტი და რეზო ჩხეიძე

რეზოს ძალიან მოეწონა, გადავიღებო, უთხრა, ოღონდ სცენარის სახე მიეციო. მოკლედ, არ გაზარდა სულიკომ სცენარი. რეზო გაბრაზდა და დაუხია ნაწერი. სულიკომ აკრიფა ნაფლეთები და წავიდა. კარგა ხანს არ ჩანდა. მერე მოვიდა და ის ნაფლეთები თაფლით დაეკრა თაბახზე. მამას არაფერი უთქვამს. მბეჭდავმა რომ გადაბეჭდა, სულ დათაფლული იყო...

სულიკო ჟღენტი ომში მოხალისედ იყო ნამყოფი. კარგად იცოდა ომის ქარტეხილები. მამა სამხედრო სამსახურში არასდროს ყოფილა. ამიტომ სულ კითხულობდა ომის თემატიკაზე ლიტერატურას. და ასე წარმოდგენით, შექმნა ფილმები ომზე.

- თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდებოდა?

- ბევრ რამეში ჩავიჭერი... 24 წლის ვიყავი, მშობლები რომ მეუბნებოდნენ, ცოლის მოყვანის დროაო. ჩვენს დიდ ოჯახში ყველას მისი აზრი ჰქონდა, იყო დიდი ალიაქოთი. ხმაურიანი ოჯახი გვქონდა. ვიფიქრე, მე რომ ცოლი შევირთო, ჩემმა ოჯახის წევრებმა არ დაჯაბნონ-მეთქი. ამიტომ მჭირდებოდა ძარღვიანი ქალი. პირველი მეუღლე იყო ზეინაბ ჯოხაძე. შემდეგ ნათია მეგრელიშვილზე ვიქორწინე. აღმოჩნდა, რომ სხვადასხვა ადამიანები ვიყავით. ორი შვილი გვყავს - რეზო და თინა. მერე სხვა გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში... მერე კიდევ სხვა... ბოლო მარიამ ხარიტონაშვილი გახლავთ, ის მევიოლინეა. რუსთაველი. მასთან დამნაშავე ვარ. ტელევიზიით ვთქვი, რომ ყველა ჩემი მეუღლე მიყვარს და ზოგჯერ, მათ სიზმარში ვხედავ-მეთქი. ამის შემდეგ ჩვენს შორის დიდმა შავმა კატამ გაირბინა... დავშორდით, თუმცა იმედი მაქვს, ისევ შევრიგდებით.

ქალები ხომ ამბობენ, ყველა კაცი ერთნაირიაო. მე ეს არ ვიცი, თუმცა ვიცი ის, რომ ყველა ქალი სხვადასხვანაირია და როგორც ჩანს, ამ განსხვავებულობამ გამიტაცა...

ჩემი მესამე შვილის, ნინოს დედა, ნუცა ყველაფერში მემორჩილებოდა, არაფერზე არ მეწინააღდეგებოდა, მისთვის ავტორიტეტი ვიყავი. მაგრამ, მე ხომ ბრძოლა მინდოდა? ის ყველაფერზე მეთანხმებოდა და საბრძოლველი არაფერი დამიტოვა. ამიტომ ორივე შევიკეტეთ ჩვენთვის. აქაც ვერ აეწყო... დღეს ის ცოცხალი აღარ არის...

- დღევანდელ რთულ დროებაზე რას იტყვით?

- სულ სხვა სამყაროში ვარ, ის ქვეყანა, რომელსაც მე ვიცნობდი, აღარ არსებობს. ეს ადამიანებთან ურთიერთობებში ვლინდება. ადამიანებს შორის დიდი კონტრასტები გაჩნდა; თითქოს მეგობარი იყო, ეს იცი, მაგრამ რომ უსმენ, უცხოა უკვე... ყველაფერი შეიცვალა... მძიმე დროა... თუმცა მე მაინც, ცხოვრება იქნებოდა ეს, თუ კინო, ვცდილობდი ვყოფილიყავი ბუნებრივი. ბუნებრიობა ჩემი ხელწერაა... ჩემს შემოქმედებაშიც მთავარი, ბუნებრიობა გახლავთ.

ბიძინა ჩხეიძე

ავტორი: თამარ გონგაძე

01/21/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024