სასარგებლო რჩევები

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მოგზაურობა და ფრენა ყოველთვის სასიამოვნო მოლოდინებთან ასოცირდება, თუმცა ხანგრძლივმა მგზავრობამ შესაძლოა ჩვენს ჯანმრთელობას, კერძოდ კი ვენურ სისტემას, სერიოზული საფრთხე შეუქმნას.
იცოდით, რომ თვითმფრინავში გატარებული საათები მნიშვნელოვნად ზრდის თრომბოზის რისკს?
როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები და როგორ ვიმგზავროთ უსაფრთხოდ? ამ თემაზე ექიმი ანგიოლოგი, გიორგი დეისაძე საუბრობს და მგზავრებს იმ ოქროს წესებს უზიარებს, რომელთა დაცვაც თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია.

„ხანგრძლივი ფრენა გარკვეულ რისკს წარმოადგენს ვენური უკმარისობის მქონე პაციენტებისთვის. თუ ჩვენ უკვე დიაგნოსტირებული გვაქვს ვენური უკმარისობა ან გადატანილი გვაქვს ანამნეზში ღრმა ვენების თრომბოზი, ფრენის დროს რეკომენდებულია გამოვიყენოთ ელასტიური კომპრესია.
კონკრეტული კლასის შერჩევა სპეციალისტთან შეთანხმებით უნდა მოხდეს, თუმცა თუ არ გვაქვს დიაგნოსტირებული, შესაძლებელია გამოყენებულ იქნას უბრალოდ პროფილაქტიკური წინდები.

ფრენის დროს ასევე სასურველია გააკეთოთ ვარჯიშები - ტერფის წინ და უკან მოხრა, რაც ხელს უწყობს წვივის კუნთების გააქტიურებას და სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას.
რეკომენდებული არ არის მჭიდროდ მოჭერილი ფეხსაცმლით მგზავრობა და ალკოჰოლის მიღება ფრენამდე.

და ბოლოს, გირჩევთ ფრენის წინ მიიღოთ ბევრი სითხე - წყალი," - გვირჩევს ექიმი გიორგი დეისაძე.
07/16/2026