Logo

საზოგადოება

"ხმით ვტიროდი, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა, „უფალი მოწყალეა, ყველაფერი კარგად იქნებაო!“ - ნინი ქარსელაძე პატრიარქს იხსენებს

"ხმით ვტიროდი, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა, „უფალი მოწყალეა, ყველაფერი კარგად იქნებაო!“ - ნინი ქარსელაძე პატრიარქს იხსენებს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

საქართველოს პატრიარქთან ურთიერთობის ემოციურ დეტალებს იხსენებს მომღერალი ნინი ქარსელაძე. მომღერალი აღნიშნავს, რომ პატრიარქთან 5 წლის ასაკიდან ურთიერთობდა, თუმცა მის მეხსიერებაში განსაკუთრებულად ის დღე ჩაიბეჭდა, როცა უწმინდესმა დედის ავადმყოფობით შეწუხებული ანუგეშა და გააძლიერა.

„წილად მხვდა ბედნიერება, 5 წლის ასაკიდან, ვყოფილიყავი მის სიახლოვეში. მასთან გატარებული ყველა წუთი, ჩემთვის ერთი დიდი დღესასწაული იყო!

ნინი ქარსელაძე

ხათუნა რომ ავად გახდა, თითქოს მთელი სამყარო თავზე დამემხო, ცა ჩამომექცა და ფეხებში მიწა გამომეცალა… მეგონა, ჩემი ცხოვრება აქ დასრულდა. გვქონდა პატივი, თითქმის, ყოველდღე მივსულიყავით ჩვენს უწმინდესთან დასალოცად, მისგან ნუგეშის მისაღებად. ერთადერთი ადგილი იყო, სადაც იმედი ცოცხლობდა და იქ შესვლისთანავე ვიცოდი - მთებს გადავდგამდი, ყველა ომს მოვიგებდი!

პირველ მისვლაზე ხმით ვტიროდი, რომ დამინახა, დამიძახა და ყურში ჩამჩურჩულა, „უფალი მოწყალეა, არ ინერვიულო, ყველაფერი კარგად იქნებაო!“ თან იქვე, მისი ჩვეული, ჩუმი, დინჯი ტონით სწრაფადვე დაამატა კალენდულას ჩაი დაალევინე, იგივე გულყვითელაო.

მიუხედავად იმისა, რომ მასთან გავიზარდე, ეს დღე დაუვიწყარი იყო. გამოვედით და ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი ძალიან რთული ომი, რომელსაც ვიწყდებით უკვე მოგებული გვქონდა!

ეს პატარა ისტორია ჩემთვის მთელი სიცოცხლე და ცხოვრებაა!

ჩვენო უწმინდესო! დიდი მადლობა ყველაფრისთვის, სიყვარულისთვის, სიკეთისთვის, გვერდში დგომისთვის და ჩვენი ქვეყნის სადარაჯოზე დგომისთვის! ვუსამძიმრებ მთელს საქართველოს და მსოფლიოს მართმადიდებლურ სამყაროს, ძალიან ძვირფასი ადამიანის, ჩვენი ერის მამის გარდაცვალებას!

გვიყვარხართ, მოგვენატრებით და უთქვენოთ ძალიან გაგვიჭირდება ცხოვრების გაგრძელება!
დასრულდა ჩვენი ქვეყნის ყველაზე ძლიერი და მნიშვნელოვანი ეპოქა!“, - წერს ნინი ქარსელაძე.

ავტორი: ზმნა

03/19/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024