Logo

ეს გემრიელია

"ხბოსგან და ქათმისგან ნუ იგონებთ სისულელეს, ჩაქაფული არის ბატკნის!" - გია დავითიანის რეცეპტი

"ხბოსგან და ქათმისგან ნუ იგონებთ სისულელეს, ჩაქაფული არის ბატკნის!" - გია დავითიანის რეცეპტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ჩაქაფულს, მართალია, ქართველები ძირითადად სააღდგომოდ ამზადებენ და გასაგებიცაა, ახლად ამწვანებული, ქორფა მწვანილის და ტყემლის გამო; თუმცა ხორცის კერძების მოყვარულები, მას ნებისმიერ დროს გემრიელად მიირთმევენ და შენახული ტყემლითაც კოხტად ამზადებენ.

"ზმნა" თავის გემრიელ რუბრიკაში "რეცეპტები" სწორედ ამ კერძს გთავაზობთ. მას მომღერალი გია დავითიანი გვიზიარებს. "ალილოს" სოლისტმა აღნიშნა, რომ თუ ამ კერძში, ტყემალი ჩაიშალა და კურკა ცალკე შეგხვდათ, ესე იგი, დიასახლისია სუსტი. მაშ ასე...

გია დავითიანი: მამა აკეთებდა გადასარევად და მისგან ვისწავლე. კაცის ხელით გაკეთებული ჩაქაფული, სულ სხვაა.

არ ვიტრაბახებ, მაგრამ ჩემი საძმაკაცო ჩემს ჩაქაფულს რომ მიირთმევს, თითებს იკვნეტს. კი ბატონო, ეს კერძი ხბოსგანაც მზადდება, მაგრამ არც ეგაა ჩაქაფული და არც ქათმისგან დამზადებული. იგონებენ სისულელეს. ჩაქაფული არის ბატკნის!

გია დავითიანი

მაშ ასე: ბატკნის დუმა წვრილად უნდა დაჭრათ და მოხრაკოთ იმ  ქვაბშივე, სადაც შემდეგ ხორცს მწვანილთან ერთად ფენებად ჩაალაგებ. თავსახურს დააფარებ და მოხარშავ, ტყემალი კი, გამორთვის შემდეგ უნდა დააყაროთ, რომ ვიზუალიც შეინარჩუნოს და არომატიც გაუშვას. 15 წუთი უნდა, რომ გამორთულ ქვაბში ტყემალმა ნახევრად ჩახარშვა მოასწროს და შემდეგ ამოიღეთ. კურკა ხომ შეგხვედრიათ ჩაქაფულში? ეს უკვე სუსტი დიასახლის ამბავია. ტყემალი კერძში ჩაშლილი არ უნდა იყოს. 

200-გრამიანი ჭიქით კახური ღვინო უნდა ჩაუშვათ, ახალი ნიორი, მწვანე წიწაკა... გემრიელად მიირთვით.

ჩაქაფული

ავტორი: ლილიანა ფალიანი

01/27/2026