ჩემი ქალაქი

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ვახტანგ გორგასლის და ხოხბის ლეგენდა ყველამ ვიცით. მეფის ნაპოვნი ბუნებრივ ცხელ წყალში ჩახარშული ხოხობი და შევარდენიც, ალბათ, ბევრს გვეცოდებოდა ბავშვობაში.
თბილისის დაარსების შესახებ არსებული ლეგენდის თანახმად, ამ ადგილას, რომელსაც მოგვიანებით აბანოთუბანი დაერქვა - იყო პირველი დასახელებაც. ამ უბანს და მიმდებარე ტერიტორიას - ტფილისს უწოდებდნენ. ის ქალაქის ციხეს - კალას ემიჯნებოდა. აბანოების უბანში და მის მიმდებარე სეიდაბადში (დასახელება გვიანდელია), შუა საუკუნეებში, უმეტესად სპარსელები სახლობდნენ.

ვახუშტი ბატონიშვილი წერს:
"ტფილისს დის ცხელი წყალი კლდიდამ, არს მით აბანო ექვსნი... აქ დაასხა შასეფიმ სეიდნი, მის გამო სპარსნი უწოდებენ სეიდაბადს... არიან მსახლობელნი ციხეს და სეიდაბადს სპარსნი მაჰმადიანნი".
X საუკუნის არაბი გეოგრაფის აღწერით: "აქ წყალი უცეცხლოდ დუღს"; ყაზანელი სოვდაგარი ვასილი გაგარა, რომელიც თბილისში გავლით იმყოფებოდა, XVII საუკუნის 30-იან წლებში გვატყობინებს: "საცარი რამ ვნახე, ღვთისგან შექმნილი ბუნებრივი ცხელი წყლის აუზები, სადაც ხალხი ბანაობს, მათ შორის ქრისტიანები და მუსლიმებიც. სხეულს თურქული ქისებით იბანენ და არა აბანოს ცოცხებით. იქ არ იციან, რა არის ცოცხებით ბანაობა ".

***
ეს ისე, მოკლედ. ახლა ვნახოთ, რას ამბობდა ფრანგი მწერალი ალექსანდრე დიუმა ჩვენს ქალაქში სტუმრობასა და ამ უნიკალურ აბანოებზე.
საქართველოში დიუმა 1858 წელს ჩამოსულა. მსოფლიოში სახელგანთქმულ ფრანგ მწერალს დაწერილი ჰქონდა თავისი თითქმის ყველა დიდი ნაწარმოები. მსოფლიო იცნობდა მის "სამ მუშკეტერს", "დედოფალ მარგოს"...
1858 წლის "ცისკარში" დაბეჭდილი სტატია: "სხუა და სხუა ანბავი - დეკემბერს პირველითგან ამაწლისა. ქალაქ ტფილისში იმყოფება ფრანციის უწარჩინებულესი მწერალი ალექსანდრე დიუმა, რომელნიცა იყო ამ ახლო ხანში ჩუენის ცისკრის ტიპოგრაფიაში, სადაცა გასინჯა ყოველი კუთვნილება რედაკციისა. მთელს ხმელეთზედ გამოჩენილი მწერალი ესე მოგზაურობს. ვისაც წაუკითხავს "გრაფი მონტე კრისტო", ის უეჭველია კარგათ იცნობს ამ მწერალს და ვისაც არ წაუკითხავს, ვეცდებით მომავალს წელს წავაკითხოთ, რადგანაც კიდევა გვაქვს რედაქციაში გადმოთარგმნილი".

***
ტფილისში ყოფნის დროს, თვენახევრის განმავლობაში, ალექსანდრე დიუმა ხშირად, „ორ დღეში ერთხელ“, დადიოდა ქალაქის აბანოებში. საკუთარ წიგნში „კავკასია“, დიუმა თბილისელ მექისეთა მომსახურების შესახებ აღნიშნავდა:
„ერთი ხის ტახტზე დამაწვინეს. თავქვეშ სველი ბალიში ამომიდეს და ხელ-ფეხი გამაჭიმინეს. მერე სათითაოდ ხელებში მეცნენ და სახსრების მტვრევა დამიწყეს. ეს ოპერაცია მხრებიდან დაიწყო და თითების უკანასკნელი სახსრებით გათავდა. შემდეგ ფეხებს მიჰყვეს ხელი. ფეხებს რომ მორჩნენ, კეფაზე, ხერხემალზე და წელზე გადავიდნენ. ეს ვარჯიში, რომელსაც თითქოს სახსრების სრული დამტვრევა უნდა გამოეწვია, სრულიად ბუნებრივად მიმდინარეობდა და არცთუ უმტკივნეულო იყო, არამედ ერთგვარად სასიამოვნოც. თუმცა ჩემს სახსრებს თავისდღეში ამგვარი არაფერი განუცდიათ, ისე გაუძლეს ამ მტვრევას, თითქოს მთელი სიცოცხლე ასე მევარჯიშოს. პირსახოცით რომ დამკეცონ და კარადის თავზე რომ დამდონ, მაინც არაფერი მეტკინება-მეთქი, ვფიქრობდი.

ზელვის პირველი ეტაპი რომ დაასრულეს, მექისეებმა შემატრიალეს და ვიდრე ერთი მათგანი, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, ხელებს მიზელდა, მეორე ჩემს ზურგზე ცეკვას შეუდგა, თან დროდადრო ფეხი უცურდებოდა და შლაპუნით იატაკზე ეცემოდა. უცნაურია, რომ ეს კაცი, რომელიც ალბათ, ასოც გირვანქას იწონიდა, პეპელასავით მსუბუქი მეჩვენებოდა. იგი ზურგზე მაძვრებოდა, შემდეგ გადადიოდა, ისევ მაძვრებოდა, და ეს ქმნიდა შეგრძნებათა მთელ ჯაჭვს, რომელიც აუწერელ ნეტარებას მგვრიდა, ისე ვსუნთქავდი, როგორც არასდროს.

კუნთებში სრულიად არ ვგრძნობდი დაღლილობას, პირიქით, ისინი უფრო მოქნილნი გახდნენ, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდა. იმ წუთში სანაძლეოს დავდებდი, რომ გაშლილი ხელებით მთელ კავკასიას ავწევდი“.
01/05/2026