რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
22 თებერვალი წმინდა მამა გაბრიელის, აღმსარებლისა და სალოსის წმინდა ნაწილთა აღმოყვანების დღეა. წმინდა სინოდის 2012 წლის 20 დეკემბრის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელ ურგებაძე წმინდანად შეირაცხა და მას ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებელი და სალოსი ეწოდა.
2014 წლის 22 თებერვალს გაიხსნა ღირსი მამა გაბრიელის საფლავი. წმინდა ნაწილები სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს, სადაც მღვდელმთავრებმა და სხვა სასულიერო პირებმა პარაკლისი გადაიხადეს. ამის შემდეგ, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სამთავროს ფერისცვალების სახელობის ტაძრიდან სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს.

2014 წლის 24 თებერვალს, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს, სადაც მას შეეგება უწმინდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე.

მრევლს საშუალება ჰქონდა მოელოცა წმინდა ნაწილები. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან, მთელი საქართველოდან, მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა და იმ დღეებში, ასი ათასობით ადამიანი მიეახლა სიწმინდეს.
2014 წლის 1 აპრილიდან, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები დაბრძანებულია მცხეთაში, სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში.
2015 წლის 29 ნოემბერს, სამთავროს წმიდა ნინოს დედა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარში, წირვა აღასრულა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, წმიდა სინოდის წევრ მღვდელმთავართა თანამსახურებით, რა დროსაც, ღირსი მამა გაბრიელის წმიდა ნაწილები ჩაბრძანებულ იქნა ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან სპეციალურად მოწყობილ ქვის ლუსკუმაში.

მამა გაბრიელი ჩვენი დროის უდიდესი ქართველი წმინდანია და მან, ამ კუთხით, აღიარება მთელს მსოფლიოში ჰპოვა. ის მორწმუნეთა და გულმხურვალედ მლოცველთ სასწაულებს უვლენს, კურნავს, შვილებს ჩუქნის, აბედნიერებს...
უბრალოდ მოუხმეთ, ილოცეთ მის სახელზე და შეგეწევათ... მნიშვნელობა არ აქვს, სად იმყოფებით. ლოცვა ნებისმიერ ადგილას შეგიძლიათ. მთავარი ხომ წრფელი გულია.
***
ოთარ ნიკოლაიშვილი მამა გაბრიელის გვერდით ახსოვს ყველას, ვისაც ჩვენი ეპოქის უდიდესი წმინდა მამა ნანახი ჰყავს.
ბატონი ოთარი "ზმნასთან" იხსენებს 2014 წლის 22 თებერვალს...

ოთარ ნიკოლაიშვილი: იცით, რომ ისე გამკაცრებული იყო სამთავროს ეზოში შესვლა და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანებაზე დასწრება, რომ სპეციალური საშვის გარეშე, ვერავინ მოახერხებდა იქ შესვლას. მეუფე თადეოზს ვთხოვე, იქნებ ორიოდ საშვი მიშოვოთ, რომ ოჯახის წევრთან ერთად შევიდე სამთავროს ეზოში-მეთქი. არქიმანდრიტმა კირიონმა ერთი საშვი გადმომცა, მაგრამ არ მყოფნიდა. მეუფემ მითხრა, შეიძლება არ დამიჯერო, მაგრამ ჩემი ოჯახისთვისაც არ მყოფნის, სულ ორი-სამი საშვი მაქვს, ნეტა ვინმე დაგვეხმარებოდესო...
მერე, მამა გაბრიელის მადლით და ღვთის შეწევნით (თან მე ხომ განებივრებული ვიყავი მამა გაბრიელის სასწაულებით), საღამოს 11 საათზე, უკვე იმდენი საშვი მქონდა, რომ სასურველ ადამიანებს ვეძებდი, რომ ეს საშვები დამერიგებინა. მეუფე თადეოზს ცხრა საშვი მივეცი. მეგობრებს დაძინებულს ვაღვიძებდი, საშვი უნდა მოგცეთ-მეთქი. ჩემი მანქანის საშვი ცალკე მქონდა. ორჯერ-სამჯერ ჩავედი ალაყაფის კარამდე და ხალხი ამოვიყვანე ეზოში. მინისტრივით ხელშეუხებელი ვიყავი და მანქანით ვმოძრაობდი თავისუფლად.
- თუ შეგიძლიათ გაიხსენეთ, რა ხდებოდა წმინდა ნაწილების აღმოყვანების დროს იმ ტერიტორიაზე?
- შესასვლელთან და ეზოშიც ენით გამოუთქმელი, თავისებური მადლი ტრიალებდა. ციოდა, მაგრამ ამ სიცივესაც ვერავინ გრძნობდა. სხვა სითბოთი, სიყვარულით იყო სავსე იქაურობა.

მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები ხის ნარზე იყო დასვენებული. მამა გაბრიელს რომ ვკითხე, როგორ უნდოდა დაკრძალულიყო, სახელდახელოთ სამი ძელი შეკარით და ზედ დამასვენეთო, გვითხრა. ასე ჩავასვენეთ კიდეც საფლავში. მისი გარდაცვალებიდან 19 წლის შემდეგ, მისი წმინდა სხეული რომ ამ ნარზე ესვენა, ეს ნარიც უკვე სიწმინდედ აღიქმებოდა.


ეს ხის ნარი მორბილებული იყო. კუთხეში ხელი მოვკიდე და მინდოდა ჩამომეტეხა და ამომეტანა, როგორც სიწმინდე. ამ დროს მაღლიდან ერთმა სასულიერო პირმა თქვა, საფლავიდან არაფერი წაიღოთო. ხელი უნდა გამეშვა, რომ ამ დროს ჩემმა მოძღვარმა, მიტროპოლიტმა იოსებმა მითხრა: ოთარ, მოტეხე ხელში რაც მოგყვება, ამოიტანე და დაგვირიგეო... მეტი რა მინდოდა, მოძღვარმა მაკურთხა. მოვტეხე, ამოვიტანე და იქ ყველას ვუწილადე. ამ ნარის ნამცეცები დღესაც გამაჩნია... ადამიანები მადლობას მიხდიდნენ, შენ რომ არა, ვერ დავესწრებოდით ასეთ ისტორიულ ამბავსო. უკვირდათ, ამდენი საშვი საიდან გაქვსო. განსაკუთრებულ მადლობას მიხდიდნენ.

ათ დღეში გამოვუშვი წიგნი და "ეპოქალური მოვლენა" დავარქვი. საქართველოს საეკლესიო ისტორიაში, პირველი შემთხვევა იყო წმინდა ნაწილთა აღმოყვანების, რომელსაც ორი დღით ადრე წინ უსწრებდა მამა გაბრიელის მოძღვრის საფლავის გახსნა ბეთანიაში.

ეს არის ეპოქალური მოვლენა, ეს არის საქართველოს გადარჩენა, გაბრწყინება და ბედნიერებაო, თქვა პატრიარქმა ამ დღესთან დაკავშირებით.
რამდენი დიდებული საერო და სასულიერო პირი წაბრძანებულა ამქვეყნიდან, მაგრამ იმ ერთი თვის მანძილზე, რაც სამების ეკლესიაში, 24 საათის მანძილზე ხდებოდა, მსგავსი არავისზე ყოფილა. სიცივეში, წვიმაში, ქარში, უწყვეტ რიგად მიდიოდა მომლოცველები მამა გაბრიელის ახლად აღმოყვანებულ წმინდა ნაწილებთან. რიგში საათობით იდგნენ...
მას შემდეგ დღე არ გავა, რომ ქართველი კი არა, უცხოელი მომლოცველი არ მივიდეს მამა გაბრიელის ლუსკუმასთან, სამთავროს დედათა მონასტერში. ნამდვილად მსოფლიო წმინდანია ჩვენი მამა გაბრიელი. ვის იცნობს მთელი მსოფლიო საქართველოდან? მამა გაბრიელს. მსოფლიო მასშტაბით, ამხელა პატივის მიგებით, სხვას ვის შევადარებთ, ვერც ვერავის...

- და მაინც, როგორ აღმოჩნდით მასთან?
- ლოცვის გამო, ან მამა გაბრიელის გამო, ხომ არ მივსულვარ მონატერში. პირადი ცოდვა მქონდა და ცოდვის მიზეზმა მიმიყვანა. ჩემი ამბავი მიტრიალებდა თავში. მამა გაბრიელი ამბობდა, რომ შემთხვევითობა არ არსებობს. ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. უფლის ნების გარეშე ერთი ღერი თმა არ ჩამოგვარდებაო. ხან ღვთის ნებით, ხან დაშვებით ხდება ყველაფერი. ასეთი უცნაურობით შევხვდი მამა გაბრიელს. რომ დაღამდებოდა მეტყოდა, ხვალ ხო აუცილებლად ჩამოხვალ? ასე ინება, ყოველდღიური ურთიერთობა მქონოდა მასთან.
მადლობა უფალს.
თან გიზიდავდა, მაგრამ ჩვენი პირადი საქმეებიც ხომ გვაქვს... მაშინ თავისებური რაღაცებით ვიყავი გატაცებული. აი, ვთქვათ, შეთანხმებული ვიყავი ჩემთვის სასურველ ადამიანთან შეხვედრაზე, შევპირდებოდი, გნახავ-მეთქი. ამ დროს მამა გაბრიელი მეტყოდა, ხვალ ხომ აუცილებლად ჩამოხვალ, ხომ არ მიმატოვებო? მაშინ ყოველივე ამაზე ვნერვიულობდი, მაგრამ უარს ვერ ვეუბნებოდი. რომ შეატყობდა, სხვაგან მინდოდა წასვლა, მეტყოდა, იცოდე, განსაცდელი გელოდებაო და ამით დამითანხმებდა, რომ მაინც ერთად ვყოფილიყავით, ან სადმე წავსულიყავით ან იქვე მონასტერში დავრჩენილიყავი.
- შეგმთხვევიათ განსაცდელი როგორც გაფრთხილებდათ?
- ერთი-ორჯერ არ ჩავედი, მისი კურთხევა არ შევასრულე და მართლა მქონდა არასახარბიელო შემთხვევა. ამიტომ სულ მახსენდებოდა მისი ნათქვამი, განსაცდელი გელოდებაო. თითქოს ჭკუის სასწავლებლადაც.
სიტყვის გამოთქმის ისეთი ძალა ჰქონდა, ვერც ერთი მსახიობი ისე ხატოვნად ვერ გამოთქვამდა. ყურში მაქვს დამახსოვრებული ის ხმა, მაგრამ გამეორება არ შემიძლია.
დღეს უფალს ვმადლობ ამ ყველაფრისთვის.
ერთხელ, მანანა ხორბალაძისგან წამოსულებმა გზაში ვკითხეთ, ფულით რომ არ შეგიძლია დაეხმარო ადამაინს და არც ისეთი მლოცველი ხარ, რა უნდა გააკეთო მეორე ადამიანისთვის-მეთქი? თუ მისი ჯანმრთელობისთვის ერთი დღით იშიმშილებთ, ძალიან კარგი იქნება. წყალი დალიეთ, მაგრამ ერთ დღიანი შიმშილი შესწირეთო. ვიშიმშილეთ ერთი დღე და მანანა ხორბალაძე რომ გამოჯანმრთელდა, გულში გვიხაროდა, უფლის შეწევნის და მამა გაბრიელის ლოცვის შემდეგ, მისი გამოჯანმრთელების მონაწილე რომ ჩვენც ვიყავით.
ზოგჯერ ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ იყო ჩემ თავს ეს წყალობა - ამ სიმაღლის წმინდა მამასთან ურთიერთობა? ამაზე პასუხს იმ ქვეყნად თუ მივიღებ, ალბათ. ეს დღემდე საკვირველია ჩემთვის...

02/21/2026