Logo

„ხომ არ გამიშვებ ხელს?“ - ნანა ქაჯაიას ისტორია შვილად აყვანაზე, სიყვარულსა და მადლიერებაზე

„ხომ არ გამიშვებ ხელს?“ - ნანა ქაჯაიას ისტორია შვილად აყვანაზე, სიყვარულსა და მადლიერებაზე

09/13/2026

ტექსტის ზომა

ერთ დღეს გაიგო, რომ ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება დედას და მამას ეძახდა, მისი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ. პირველი განცდა, როგორც თავად წერს, მხოლოდ საკუთარი ტკივილი არ ყოფილა... უფრო მეტად იმაზე ფიქრობდა, როგორ ეთქვა მათთვის, რომ სიმართლე უკვე იცოდა.

ნანა ქაჯაია

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ქალი, ნანა ქაჯაია სოციალურ ქსელში იმ დღეებს იხსენებს, როცა აღმზრდელ მშობლებს სიმართლე გაუმხილა...


"იმ დღეს, როდესაც გავიგე რომ ნაშვილები ვიყავი... თავზარდაცემულს ის კი არ მტკიოდა, მე რომ ტკივილის ნაკადი მომაწვა, მე ის მტკიოდა, როგორ მეთქვა სიმართლე ჩემი აღმზრდელი მშობლებისთვის... იმ მშობლებისთვის, რომლებმაც არაფერი დამაკლეს ამ დედამიწაზე! სულ, სულ რომ ხელისგულზე მატარეს, მე ნებიერა, თავნება ნანა...

ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე - უნდა გადამედგა ნაბიჯი, რაც იქნებოდა, ის იქნებოდა!

ზაფხულის უჩვეულო დღე იყო, როცა ყველაფერი ერთიანად დამატყდა თავს. დავიბარე მამაჩემი.

-მა...

-ჰო, მა, მშვიდობაა?!

-მა... გიყვარვარ??

- ნანა, რა ბავშვურად იქცევი?! რას ჰქვია „მიყვარხარ“... ან „გიყვარვარ“?! შენც ხომ იცი, ჩემს სიცოცხლეს შენს სიცოცხლეს ვანაცვლებ! მა, გიყვარს ვინმე, ვინმემ ხელი ხომ არ დაგაკარა?! მითხარი პირდაპირ... არ ვაცოცხლებ!

-მა... მე ვინ რა უნდა დამიშავოს! ან თუ დამიშავებს ვინმე, ხომ იცი, როგორი ქალ-ბიჭა შვილი გყავს?! მე თავად გავუმკლავდები... მა, უბრალოდ... მიყვარხარ იმაზე მეტად, ვიდრე ოდესმე... მა... რატომ არ მითხარი სიმართლე?! ის... ის, რომ ნაშვილები ვარ და შენ, დედასთან ერთად, არასდროს გისაყვედურია, რომ არ გავამართლე თქვენი იმედები...

სიჩუმე ჩამოწვა...

მამაჩემმა თვალებზე ხელი აიფარა და ატირდა...

აქვითინებულს მკითხა:

-ხომ არ გამიშვებ ხელს?! ხომ არ გაგვიშვებ ხელს?! შენი დაკარგვის ყველაზე მეტად მეშინოდა და ვერ გეუბნებოდი... მერე „მამა“ რომ არ დაგეძახა!

ავტირდი... ავტირდი და ღრმად ჩახუტებულს შუბლზე მეამბორა მამა! იმ დღის მერე შუბლზე კოცნა გიჟურად მიყვარს!" - წერს ნანა ქაჯაია.

ნანას მამა

ემიგრანტი ქალი იხსენებს, რომ ემიგრანტობა სწორედ იმ დღეს გადაწყვიტა, რომ მშობლების ზრუნვისა და ამაგის გადახდის საშუალება მისცემოდა.


"იმ დღის მერე სიგიჟემდე, გაასმაგებულად მიყვარს მამაჩემი! და იმ დღის მერე მე ემიგრანტობა გადავწყვიტე, რადგან სამუდამო ტვირთი არ ვყოფილიყავი მათთვის მე და მერე ნატალი! რადგან მათ ხომ ჩემი გაზრდა არ იკმარეს და ჩემი შვილიც კი გამომიზარდეს!

იმ დღის მერე, მე მამაჩემის აშენებული სახლის სრული დასრულების საკითხები ავიღე საკუთარ თავზე და დღეს იმდენად ამაყი ვარ... იმდენად ამაყი, რომ მინდა ვიყვირო: გამომივიდა!"


ემოციურად აღწერს ნანა ქაჯაია დედასთან მნიშვნელოვან საუბარსაც. იმ დღეს, როცა სიმართლე გაუმხილა დედას, ქალს, რომელმაც, მისი სიტყვებით, საკუთარი ბედნიერება შვილის გამო უხმოდ გადადო გვერდზე.

"ქალების ქალი, დედების დედა მინდა გაგაცნოთ… ქალი, რომელმაც საკუთარი ბედნიერება უხმოდ, ჩემ გამო გადადო გვერდზე. ქალი, რომელმაც დედობის მთელი სიტკბო და სიმწარე ჩემით, ჩემში და ჩემთვის იგემა. მას არასოდეს დასცდენია, რომ დაიღალა არც ჩემით და არც ჩემი შვილით… ქალი, რომელმაც შეუძლებელი შეძლო, დედობა იკისრა და საკუთარი სისხლისგან არ გამარჩია.

ის არის დედა, რომლისთვისაც ყველაზე მეტად გამიჭირდა სიმართლის თქმა… ღმერთმა, მხოლოდ უზენაესმა იცის, რა ქარტეხილები გამოვიარეთ ორთავემ იმ დღეს! იმ მძიმე დღეს, როცა თვალებში ვერ ვუყურებდი, არ მინდოდა სტკენოდა და შემოვლითი გზებით, კანკალით ვუთხარი: ვუთხარი, რომ სიმართლე ვიცოდი.

მისი ქვითინი მთელ დედამიწას ესმოდა. ჩემი ბღავილი კი, ღმერთამდე ასული, გამოუთქმელი მადლიერებით მათრობდა.

ღმერთო, ასეთი „უშვილო“ დედის დედაშვილობის ამოუცნობი სიმძაფრე დღემდე სულს მიფორიაქებს და მქენჯნის! დე, ჩემო ცისფერთვალებავ! ნანას ერთო, ცამდე დიდო და ღმერთის ტოლო… როგორ მიყვარხარ," - წერს ნანა ქაჯაია.

დედა

ნანა ქაჯაიასა და მისი აღმზრდელი მშობლების ისტორია ერთია იმ ათასობით ისტორიიდან, რომლებიც სხვადასხვაგვარად იწყება, სხვადასხვაგვარად ვითარდება და ხშირად სრულიად განსხვავებული დასასრულიც აქვს.

თუმცა და ნანა ქაჯაიას ამბავი, ერთი იმათგანია, რომლებსაც მნიშვნელოვანი რამ აერთიანებს - სიყვარული, ზრუნვა და მადლიერება... ის განცდები, რომლებიც ყველაზე მეტად ალამაზებს დედობას, მამობას და შვილობას და საბოლოოდ გვახსენებს, რომ ოჯახს მხოლოდ ბიოლოგიური კავშირი არ ქმნის.

გააზიარე სტატია

ავტორი: ზმნა

აღმზრდელიისტორიამშობლებიოჯახი
Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026