ჩვენი ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
14 ივლისი ეროვნული გმირის - ქაქუცა ჩოლოყაშვილის დაბადების დღე იყო. ეპოქების მიღმა, მისი სახელი რჩება არა მხოლოდ სამხედრო სიმამაცის, არამედ იმ უდრეკი მორალური იდენტობის ეტალონად, რომელმაც საბჭოთა ოკუპაციის მძიმე წლებში საქართველოს ღირსება შეინარჩუნა.
ოჯახური გარემო
თავადი იოსებ ჩოლოყაშვილი სოფელ მატანში დაიბადა და გაიზარდა. ოჯახი დარო გოგნიაშვილთან შექმნა. დაროს მამა, ზაქარია, შეძლებული კაცი გახლდათ და ქალიშვილს მზითვებში ვეებერთელა ზვრები გაატანა. იოსებმა და დარომ ჰარმონიულ და შეძლებულ ოჯახში ხუთი შვილი — შაქრო, სიკო, ანო, ქაიხოსრო (ქაქუცა) და კატო — გაზარდეს. ქაიხოსრო, ეროვნულ ცნობიერებაში ქაქუცად დარჩენილი, 1888 წლის 14 ივლისს დაიბადა.

ბავშვობა, ახალგაზრდობა, ქორწინება და საბრძოლო ნათლობა
ქაქუცამ დაწყებითი განათლება თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში მიიღო. 21 წლის ასაკში რუსეთის სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საიდანაც ოფიცრის ჩინით დაბრუნდა. 1913 წელს იქორწინა კახელი თავადის, ილია მეღვინეთუხუცესის ერთადერთ ქალიშვილზე ნინოზე. თუმცა, ბედნიერება ხანმოკლე აღმოჩნდა: პირველმა მსოფლიო ომმა ქაქუცა იძულებული გახადა, საყვარელი მეუღლე დროებით მიეტოვებინა. ომში მან მხედრული მამაცობით გამოიჩინა თავი, რამდენჯერმე მძიმედ დაიჭრა, რეაბილიტაციის შემდეგ კი სპარსეთის ფრონტზეც ისახელა თავი. შინ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობისგან წმინდა გიორგის ჯვრითა და ოქროს ხმლით დაჯილდოებული დაბრუნდა.

საქართველოსთვის
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ქაქუცა ჩოლოყაშვილი ქართული მხედრობის ყველა მნიშვნელოვან ბრძოლაში იღებდა მონაწილეობას.
მიუხედავად იმისა, რომ სოციალ-დემოკრატები უპარტიო თავადს მაინცდამაინც არ სწყალობდნენ, მისი პროფესიონალიზმი და სამშობლოს ერთგულება ეჭვს არ იწვევდა.
„შეფიცულები“
1921 წლის ოკუპაციის შემდეგ, როცა ბევრმა დატოვა ქვეყანა, ქაქუცა დარჩა და ბრძოლის გზას დაადგა.
პირველმა ძლიერმა წინააღმდეგობამ მთაში, სვანეთში იფეთქა, რამაც დიდი სტიმული მისცა ანტიკომუნისტურ მოძრაობას დანარჩენ საქართველოში.

ზაფხულში ქაქუცა ჩოლოყაშვილმა კახეთში „შეფიცულების“ რაზმი შექმნა. მის გარშემო გაერთიანდნენ: მიხა ბალაშვილი, ვასო თამარაშვილი, სოსო ლოსაბერიძე, მიშა ნაცვლიშვილი, ქიზიყელი ბიჭი ქარუმა, იაკობ ფანოზაშვილი, იოსებ ციქურიშვილი, მიტო და თედო შაქარაშვილები, ულუდაანთ დიმიტრი და ანტონა ქურთიშვილი. მოგვიანებით რაზმს შეუერთდნენ: ქაქუცას ძმა სვიმონ (სიკო) ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე სულხანიშვილი, ელიზბარ ვაჩნაძე, ლელო ჩიქოვანი, ალექსანდრე კარგარეთელი, სერგო მაისურაძე და სხვები.
ჩოლოყაშვილმა კახეთის მოსახლეობაში მოწოდება გაავრცელა
„სამშობლოს ერთგულნო! საქართველოს მტრების განკითხვის დროა მოახლოებული. მათ აამხედრეს თავის მოწინააღმდეგედ მთელი კულტურული კაცობრიობა. ვიყოთ მხნე, მტკიცე და გაბედულნი. სალამი თქვენ და გამარჯვება საქართველოს!“
პარტიზანული მოძრაობა ძალას იკრებდა. ქაქუცას რაზმები აღმოსავლეთ საქართველოს ყველა რაიონში მოქმედებდნენ, ტყეში გასულების მეთაურის სახელი კი მთელი საქართველოს პირზე ეკერა. ბოლშევიკური საოკუპაციო რეჟიმი გამუდმებით ეძებდა ქაქუცას და მის თანამებრძოლებს და ასეთ დროს გმირები ხალხში გაბედულად ჩნდებოდა.
ჩვენს მეხსიერებას გადმოცემით შემორჩა 1922 წლის ალავერდობა. ტაძრის ეზოში მოულოდნელად გამოჩენილა ქაქუცა ჩოლოყაშვილი მეგობრებთან ერთად. შეკრებილებს მთავრობის გამოგზავნილი ეგონათ, რათა მათთვის ქვეყნის განთავისუფლება ეხარებინა. ტაძრის გალავანში შესული ქაქუცას წინაშე ხალხი მუხლებზე დაეცა და ერთხმად დაიძახა: „საქართველოს გაუმარჯოს!“ — ეს დაპყრობილ საქართველოში მოხდა.

უთანასწორო ბრძოლაში ქაქუცამ და მისმა თანამებრძოლებმა ყველაფერი გაიღეს ქვეყნის ღირსებისთვის. რუს ოკუპანტებსა და მათ მარიონეტებს ქვეყანა უბრძოლველად არ ჩააბარეს. მერე ჩეკისტებმა ქაქუცას მოუკლეს მამა, იოსებ ჩოლოყაშვილი, დაუხვრიტეს სიმამრი — ილია მეღვინეთუხუცესიც. ლაგოდეხის ტყეში შეტაკების დროს მოუკლეს ძმა, სიკო ჩოლოყაშვილი, დაუპატიმრეს მეუღლე, ნინო, მცირეწლოვან შვილებთან ერთად.

1924 წლის აჯანყების შემდეგ ბოლშევიკებმა საქართველოში 7 000-მდე პატრიოტი დახვრიტეს, ძალიან ბევრი კი გადაასახლეს.
პარიზის ემიგრაციაში, თამარ პაპავა იხსენებდა, როგორ ტანჯავდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს სამშობლოს ნატვრა:
- გახსოვს თამარ, ალავერდობა?
- გახსოვს 26 მაისი? ის პირველი 26 მაისი...
- გახსოვს შუამთის დღესასწაული? ხატობა და ჩემი გაჭრა ტყეში?
- ხომ გახსოვს ჩვენი ცა რა ფერისაა? რამდენი ვარსკვლავია, რამდენჯერ მითვლია ტყეში, მიწაზე რომ ვიწექი და ძილი არ მერეოდა.

საქართველოს კიდევ ერთი ეროვნული გმირი მიხაკო წერეთელი ქაქუცა ჩოლოყაშვილის შესახებ წერდა:
„ქართველ ერს არც მეოცე საუკუნეში დაუკარგავს ძალა და სურვილი გმირული ბრძოლისა თავისუფლებისთვის, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში იყო მისი იდეალი. საქართველოში ამ დროსაც აღმოჩნდა გმირი, ღირსი და შემძლე ერის თავისუფლების დროშის ტარების“.

ქაქუცა ჩოლოყაშვილი სწორედ ის ფიგურაა, რომელმაც ქართული სახელმწიფოებრივი იდეა ყველაზე მძიმე ისტორიულ პერიოდში დაიცვა. მისი ცხოვრების გზა არა მხოლოდ პირადი ტრაგედიაა, ეროვნული უდრეკობის და ქმედითი პატრიოტიზმის კაშკაშა დოკუმენტია.
დიდება მის ხსოვნას.

07/16/2026