საზოგადოება

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ნიკიტა ხრუჩოვს უკვე დაგმობილი ჰქონდა სტალინის კულტი, თბილისში დახვრეტილი იყო ახალგაზრდების ანტირევიზიონისტული გამოსვლები, უნგრეთში კი საბჭოთა კავშირი სისხლში ახშობდა ერთპარტიული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ სახალხო აჯანყებას.


1956 წლის დეკემბერი იდგა. საბჭოთა საქართველოში გაზეთმა „კომუნისტმა“ გამოაქვეყნა ვინმე ქებაძის ხელმოწერილი წერილი სათაურით - „სარეველა.“ დღეს საინტერესოა ამის გახსენება.
ნახეთ, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეობისას, რატომ მოექცნენ საბჭოთა პროპაგანდის სამიზნეში ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, გურამ დოჩანაშვილი, ვლადიმერ სიხარულიძე და მათი მეგობრები.
ეს წერილი თბილისელი ახალგაზრდების ერთ ჯგუფს ეძღვნებოდა, ავტორის სიტყვებით: „ხულიგნებს, უსაქმურებს, დებოშის რომანტიკოსებს, გარეგნულად მოხდენილებს, მაგრამ შინაგანად ცარიელებს, უკანასკნელ მოდაზე გამოწყობილებს, მშობლებისგან გატუტუცებულებს, რუსთაველის პროსპექტზე შორს გადაფურთხებაში გაწაფულებს, სარეველებს და სარეველასავით ამოსაძირკვებს.“

ალბათ, დაგაინტერესათ რაში იყო საქმე? რა მოხდა? რითი მიიქცია გაზეთ „კომუნისტის“ ამხელა ყურადღება თბილისელი ახალგაზრდების ჯგუფმა? და რაც მთავარია, ვინ იყვნენ ეს „გატუტუცებული“ და „სარეველასავით ამოსაძირკვი“ ახალგაზრდები?
„კომუნისტის“ სტატიის თანახმად: ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ანატოლი მიქაძე, ვლადიმერ სიხარულიძე, თამაზ გუნჯუა, თეიმურაზ ცერცვაძე, თემურ მეტრეველი, გურამ დოჩანაშვილი, ყველანი სკოლის მოსწავლეები.

მათ 1953 წელს შექმნეს იატაკქვეშა პატრიოტული ორგანიზაცია „გორგასლიანი,“ 1956 წლის ზამთარში კი, როგორც დიდ ხნის მერე, გურამ დოჩანაშვილმა გაიხსენა, გადაწყვიტეს შეედგინათ პროკლამაციებისთვის ტექსტი, რითაც სოლიდარობას გამოუცხადებდნენ უნგრელ ხალხს, დაგმობდნენ მოღალატე კომუნისტურ რეჟიმს და ქართველებს თავისუფლებისთვის ბრძოლას მოუწოდებდნენ.

იდეა თავდაპირველად ზვიად გამსახურდიას გასჩენია და მერე მეგობრებმა ჩანაფიქრი რეალობად ერთად აქციეს. დეკემბრის სუსხიან დილას, თბილისის ქუჩებში, მათ შორის, რუსთაველის პროსპექტზე გამვლელებს შემოხვდათ ხეებზე ან კედლებზე გაკრული ფურცლები ასეთი ტექსტით:
"ქართველებო! ხომ არ დაგავიწყდათ ცხრა მარტის სისხლიანი ღამე? ხომ არ დაგავიწყდათ სისხლიანი ოცდაოთხი და ოცდაჩვიდმეტი?
ბრძოლით უნდა მივაღწიოთ თავისუფლებას. დაე, ყველა დამონებული ერისთვის მაგალითად იქცეს უნგრელი ხალხის გმირობა. ხელები შორს უნგრეთისაგან! ძირს მოღალატე ქართველი კომუნისტები! გაუმარჯოს თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს!!"
ზვიად გამსახურდიამ ერთ თავის ინტერვიუში აღნიშნა: იმ დროს საქართველოში ბევრმა არც კი იცოდა, რომ რუსეთისგან დაპყრობილ ქვეყანაში ცხოვრობდა და 14 წლის ბავშვებმა დავიწყეთ დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაო.
ეს ის დრო იყო, როცა საოკუპაციო რეჟიმს სიმართლების მთქმელები დახოცილი ან დადუმებული ჰყავდა. პროპაგანდას სიმართლე ტყუილად, ტყუილი კი სიმართლედ ჰქონდა გასაღებული და მასების წარმოდგენაში დაპყრობა განთავისუფლება იყო. მთელი ამ ტყუილის, მთელი ამ ძალადობის წინააღმდეგ, სკოლის მოსწავლეების ხმამაღალი პროტესტი, ძალიან სარისკო იყო.

1956 წლის 18 დეკემბერს გამოქვეყნებული წერილით გაზეთი „კომუნისტი“ არასრულწლოვნების მშობლებსაც დაესხა თავს. მერაბ კოსტავას შემთხვევაში მის ბაბუას.
„ განათლების დარგის მუშაკია ვლადიმერ დემურიაც, ვისთანაც იზრდება ამ ხულიგანთა „თაიგულის“ წევრი მერაბ კოსტავა, პატივცემული პედაგოგის შვილიშვილი.“
ახლა ამ ყველაფრის წაკითხვისას გაგვეცინება, მაშინ კი „კომუნისტის“ თავდასხმა განაჩენი იყო.

პროკლამაციების გაკვრისთვის „ხულიგნებს“ 5 წლით ციხეში გამოკეტვა დაუპირეს, მერე ასაკი გაითვალისწინეს და 4 თვიანი პატიმრობის ბოლოს პირობით მსჯავრით გაანთავისუფლეს. ეს კი მხოლოდ დასაწყისი იყო.
მერაბ კოსტავას წერილი - “ფიქრები საქართველოს მისიაზე” - 1984 წელს არის დაწერილი ანგარსკში, პოლიტპატიმრობაში.

„დიდ ერად მიაჩნიათ არა ის, ვინაც საკუთარ ღირსებას და მეობას იცავს მხოლოდ, არამედ ის, ვინც თავისი კულტურით და იდეებით ხანგრძლივად და ინტენსიურად ზემოქმედებს სხვა ხალხებზე და განაპირობებს მათ განვითარებას. მაგრამ, აქამდე რომ ვერ მოვხდით მსოფლიოს მეთაურ ერთა მცირერიცხოვან ნუსხაში, ეს როდი ნიშნავს, რომ ან არ ძალგვედვა, ან მომავლისთვის არ ძალგვიძს ამგვარი რამ. კმარა თავის შენარჩუნებაზე ფიქრი. დროა, დიდ ერად ქცევაზე ოცნების ჟამმა დარეკოს!“
ანგარსკის ჯოჯოხეთში წერდა ამას და იქვე აკეთებდა ჩამონათვალს მისეული გაგების „დიდი ერის“ მისაბაძი თვისებებისას, ცხადია, სიდიდეს და მსგავს პროვილეგიას კი არ გულისხმოდა, არამედ: სიმამაცეს, გამტანობას, ერთგულებას, სიყვარულს, სიბრძნეს, შემოქმედებით უნარს, თავისუფლების მოყვარეობას, ქედუხრელობას, შემწყნარებლობას, ხელგაშლილობას, სიუხვეს, კონცენტრაციის, შრომისა და სიძნელეთა გადალახვის უნარს, ორგანიზებულობას, მეობის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობის, ამავე დროს, სხვათა უფლებების პატივისცემის გრძნობას. ანუ დღევანდელი ენით ევროპულობას.
საბჭოთა საოკუპაციო რეჟიმის პროპაგანდამ სიყმაწვილეშივე ხულიგნები რომ უწოდა, მათ ისტორია შეცვალეს. ახალგაზრდების იმ ჯგუფიდან ორი საქართველოს ეროვნული გმირია.
01/11/2026