Logo

საზოგადოება

"კიბო არ უნდა იყოს ჩუმი სიტყვა. არც გადარჩენა უნდა იყოს იღბლის ამბავი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური პოსტი

"კიბო არ უნდა იყოს ჩუმი სიტყვა. არც გადარჩენა უნდა იყოს იღბლის ამბავი" - ქართველი ემიგრანტის ემოციური პოსტი

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ემიგრანტი ეთო ქურასბედიანი ესპანეთში ცხოვრობს. ის მძიმე სენს ებრძვის და 4 თებერვლის გარშემო, სოციალურ ქსელში, პოსტს აქვეყნებს, სადაც ამ ვერაგ დაავადებასთან მიმართებაში, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის მიდგომას ამხელს.

"ეს დღე არ არის სიმბოლური „შავი ლენტებისთვის“.
ეს დღე შეიქმნა იმისთვის, რომ კიბო აღარ იყოს ჩუმად ნათქვამი სიტყვა.
სიტყვა, რომელსაც არ ვამბობთ, არსად ქრება — ის უბრალოდ შიგნით გვრჩება და გვშლის.

2000 წელს, პარიზში, კიბოს წინააღმდეგ მსოფლიო სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება ამ დღის დაარსების შესახებ. იდეა მარტივი იყო:
კიბო არ არის მხოლოდ ინდივიდუალური ტრაგედია — ეს არის გლობალური გამოწვევა, რომელიც მოითხოვს საერთო პოლიტიკას, საერთო რესურსს და საერთო პასუხისმგებლობას.
საერთაშორისო მხარდაჭერა პაციენტისთვის ნიშნავს არა მხოლოდ მკურნალობას.
ეს ნიშნავს:

• დროულ დიაგნოსტიკას
• სწორად ინფორმირებულ პაციენტს და შესაბამის არჩევანს
• ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას
• სრულფასოვან რეაბილიტაციას
• და იმას, რომ ადამიანი არ უნდა იყოს მარტო სისტემის წინაშე.
როდესაც პაციენტი მარტო რჩება, ის იწყებს გადარჩენას არა მედიცინის, არამედ გამძლეობის ხარჯზე!

სამწუხაროდ, ჩვენს რეალობაში კიბო ისევ იმ სიტყვად რჩება, რომლის წარმოთქმისაც კი ეშინიათ.
ადამიანები შენს დანახვაზე ჩურჩულებენ.
ოჯახები მალავენ.
პაციენტები დუმილს ამჯობინებენ და ეს სიჩუმე კლავს ისე, როგორც თავად დაავადება!

ზოგჯერ უფრო ჩუმად. ზოგჯერ უფრო სწრაფად...

მე ამ გზას დღემდე გავდივარ.
ეს არ არის გმირობის ისტორია.
ეს არის მუდმივი მოლაპარაკება საკუთარ სხეულთან, შიშთან, გაურკვევლობასთან.
ეს არის ბრძოლა არა მხოლოდ დაავადებასთან, არამედ ბიუროკრატიასთან, უგულებელყოფასთან, ინფორმაციის დეფიციტთან.

არის დღეები, როდესაც ფიზიკური ტკივილი მეორეხარისხოვანია —
მთავარი ტვირთი ხდება ის, რომ სისტემა ვერ გხედავს, ვერ გამჩნევს, ან მეტიც, სჯერა, რომ ძალიან ცოტა დრო გაქვს და არ უღირხარ "რესურსის" ხარჯვად. ეს შეხედულება ჩამოსანგრევია.

სტატისტიკა ცივია, მაგრამ ცოდნისთვის აუცილებელი:
მსოფლიოში კიბოს მრავალი ფორმა დღეს უკვე ითვლება ქრონიკულ დაავადებად, არა - სასიკვდილო განაჩენად.
რემისიის მაჩვენებლები იზრდება იქ, სადაც სისტემა მუშაობს — სადაც პაციენტი პროცესის სუბიექტია და არა ტვირთი!

იქ, სადაც სიცოცხლე ფასდება არა საბუთებით, ან მატერიალური შესაძლებლობებით, არამედ - ადამიანით!

საქართველოში კი ჯანდაცვის სისტემა ონკოპაციენტისთვის ხელოვნურად უსუსურია.
ფორმალურად — არსებობს.
რეალურად — პაციენტი რჩება მარტო.
არ არსებობს სრულფასოვანი სერვისი.
არ არსებობს სისტემური ფსიქოლოგიური მხარდაჭერა.
არ არსებობს გრძელვადიანი ხედვა ადამიანის ცხოვრებაზე დიაგნოზის შემდეგ.
და ეს არ არის რესურსის არქონის შედეგი —
ეს არის პასუხისმგებლობის არქონის შედეგი!

პასუხისმგებლობის, რომელიც სიცოცხლეზე მძიმე უნდა იყოს.

დღეს, 4 თებერვალს, არ გთხოვთ სიბრალულს.
გთხოვთ გაცნობიერებას.
ხმამაღალ საუბარს.
და იმ სისტემის მოთხოვნას, რომელიც ადამიანზეა მორგებული და არა ანგარიშზე.
კიბო არ უნდა იყოს ჩუმი სიტყვა.
და გადარჩენა არ უნდა იყოს არც გეოგრაფიის საკითხი და არც იღბლის ამბავი!

ჩვენ დაავადება არ გვხდის უხილავს! სისტემა, არასწორი აღქმა და "უხერხული" მზერები გვხდის...

და ეს უნდა შეიცვალოს!" - წერს ეთო ქურასბედიანი ფეისბუქზე.

ავტორი: ზმნა

02/04/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024