ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში, აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ L'Oréal-ის პროდუქციაში კიბოს გამომწვევი ნივთიერება აღმოაჩინეს.
ამან რა თქმა უნდა, კითხვები გაუჩინა მილიონობით მომხმარებელს, რომლებიც კომპანიის კოსმეტიკურ საშუალებებს ყოველდღიურად იყენებენ.
რა ხდება სინამდვილეში და არსებობს თუ არა პანიკის რეალური საფუძველი?
გავრცელებული ინფორმაციით, საქმე აკნეს საწინააღმდეგო კრემს - La Roche-Posay Effaclar Duo-ს ეხება, რომელიც L'Oréal-ის ჯგუფში შემავალი La Roche-Posay-ის ბრენდის პროდუქტია.

აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ (FDA) შეისწავლა აკნეს საწინააღმდეგო პროდუქტები, რომლებიც ბენზოილ პეროქსიდს შეიცავს. კვლევისას რამდენიმე პროდუქტში, მათ შორის La Roche-Posay Effaclar Duo-ში, ბენზოლის მომატებული დონე აღმოჩნდა.
შემოწმების შედეგების გახმაურების შემდეგ L'Oréal-მა აშშ-ის ბაზრიდან აღნიშნული პროდუქტის გარკვეული პარტიების ნებაყოფლობითი ამოღება დაიწყო.
ბენზოლი მსოფლიოში ცნობილია, როგორც ნივთიერება, რომელიც დიდი დოზითა და ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში კიბოს განვითარების რისკთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ მისი არსებობა სამომხმარებლო პროდუქტებში განსაკუთრებულ ყურადღებას იწვევს.
მნიშვნელოვანია, რომ ბენზოლი ამ კრემში ინგრედიენტად არ დაუმატებიათ. სპეციალისტების განმარტებით, ის შესაძლოა წარმოიქმნას ბენზოილ პეროქსიდის დაშლის შედეგად, განსაკუთრებით მაშინ, თუ პროდუქტი, ხანგრძლივი დროის განმავლობაში არასათანადო ტემპერატურაზე ინახება.

FDA ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აღმოჩენილი რაოდენობები არ ნიშნავს, რომ მომხმარებლებს დაუყოვნებლივი საფრთხე ემუქრებათ. სააგენტოს შეფასებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი ასეთ პროდუქტს ყოველდღიურად, მრავალი წლის განმავლობაში გამოიყენებდა, მხოლოდ ამ აღმოჩენილი ბენზოლის გამო კიბოს განვითარების რისკი ძალიან დაბალი იქნებოდა.
ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს შემთხვევა არც L'Oréal-ის ყველა პროდუქტს ეხება და არც La Roche-Posay-ის მთლიან ხაზს. საუბარია მხოლოდ კონკრეტულ აკნეს საწინააღმდეგო პროდუქტსა და მის გარკვეულ პარტიებზე, რომლებიც აშშ-ის ბაზარზე იყიდებოდა.

თუ Effaclar Duo-ს იყენებთ, პირველ რიგში შეამოწმეთ, რომელი ვერსიაა თქვენი პროდუქტი და რომელი ქვეყნის ბაზრისთვის არის ის განკუთვნილი.
სპეციალისტები მომხმარებლებს ასევე ურჩევენ, აკნეს სამკურნალო საშუალებები ინსტრუქციის შესაბამისად შეინახონ, მოარიდონ მაღალ ტემპერატურას და საეჭვო შემთხვევებში, კონსულტაცია დერმატოლოგთან გაიარონ.
მიუხედავად ხმაურიანი სათაურებისა, ამ ეტაპზე არ არსებობს მტკიცებულება, რომ L'Oréal-ის ფართო ასორტიმენტი საფრთხეს წარმოადგენს. შემთხვევა ერთ კონკრეტულ პროდუქტს ეხება, რომლის მიმართაც კომპანიამ და მარეგულირებელმა ორგანოებმა შესაბამისი რეაგირება უკვე მოახდინეს.
06/29/2026