რელიგია

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
მანანა ხორბალაძე 33 წლის იყო, თბილისში, უმძიმესი დიაგნოზი რომ დაუსვეს. ჰქონდა სისხლის გათეთრება და ძვლის დაშლა. ექიმმა მშრალად და გარკვევით უთხრა, სამი თვის სიცოცხლე დაგრჩაო... სამედიცინო "განაჩენი" მოულოდნელი და მკაცრი იყო. ქმარ-შვილი ტიროდა. მანანას ხერხემლის გაუსაძლის ტკივილს მხოლოდ მორფინი უხსნიდა. სწორედ ამ დროს, უფალმა ჩვენი დროის წმინდანის, მამა გაბრიელის მხურვალე ლოცვა შეისმინა და... ფაქტობრივად მომაკვდავმა ქალმა ცხოვრება განაგრძო.
მამა გაბრიელის სულიერი შვილი, მანანა ხორბალაძე "ზმნას"ექსკლუზიურ ინტერვიუს აძლევს.
მანანა ხორბალაძე: რომ არა ის განსაცდელი, რაც გამოვიარე, მე ასეთი ბედნიერი არასდროს ვიქნებოდი. არაფერია მიწიერი სიმდიდრე, თუ გულში სიყვარული არ გაქვს. ეს ზე ბედნიერებაა. ამას მხოლოდ ის შეიგრძნობს, ვისაც უფალი მთელი გულით უყვარს. მე სამშობლოც მთელი გულით მიყვარს. ის ღმერთთან მაქვს გაიგივებული.
ვმადლობ უფალს ჩემი ავადმყოფობის გამო. როცა განსაცდელს გაძლევს, ღმერთი მისი დათმენის უნარსაც გაძლევს. მის გარეშე შეუძლებელია ამდენი ოპერაციის გადატანა. კისერზე, ხერხემალზე, კიდურებზე - 45 ოპერაცია! არ გინდა უფლის მადლის გარეშე ამას გაუძლო?!

***
ათეისტი ვიყავი და მეგონა, რომ ჩემს ქმარ-შვილთან ერთად ბედნიერად ვცხოვრობდი. დედა მორწმუნე იყო, ლოცულობდა. მე არ მივყვებოდი ტაძარში. ძალით მომნათლა სვეტიცხოველში. ვეუბნებოდი, აბა, მაჩვენე, სად არის უფალი? შენ რატომ ხდები ავად-მეთქი?
31 წლის ასაკში დაიწყო ჩემი ავადობის პერიოდი. საკვერცხეებზე სიმსივნე ამომკვეთეს. ისე დამთრგუნა სიკვდილის შიშმა, რომ მხოლოდ მასზე ფიქრობდი. როცა უფალი არ გყავს გულში, გეშინია. ოპერაციის წინ ვიხილე მაცხოვარი, თეთრი გრძელი პერანგით, ელვარებდა. ზუსტად ისეთივე, როგორც ხელთუქმნელ ხატზეა. 33 წლის ასაკში ღვთის გზას შევუდექი, მძიმე ავადმყოფობებით.
როცა 9 აპრილის დღეებში, ქაშვეთში სანთლის დასანთებად შევედი, იქ მამა არჩილ მინდიაშვილმა მტირალი მნახა და საკუთარი ისტორია მომაყოლა, მან მითხრა: შენ ქრისტეს შეებრალე და მოგაბრუნა, რომ მის გზას შეუდგე. ამგვარად, უფალმა ჩემი ცოდვილი სული დიდ მოძღვარს, მამა არჩილს ასე ჩააბარა.
გასაძლიერებლად უამრავი სასწაული მომევლინა, უამრავი ხილვა. მადლობა უფალს ყველაფრისთვის.
პირველი ოპერაციებიდან სამი წელი რომ გავიდა, ათი კილო დავიკელი. ქაღალდივით გავთეთრდი. თავბრუსხვევა მქონდა. გაქრა ენერგია. დადგინდა სისხლის გათეთრება, ძვლის დაშლა. სამი თვის სიცოცხლე დაგრჩაო, ექიმმა პირდაპირ მითხრა. მაშინ ექიმები ასე პირდაპირ, ამგვარ განაჩენს არ გეუბნებოდნენ. მაგრამ ესეც ღვთის ნებით მოხდა. არანაირი დრტვინვა არ მქონია. იყოს ნება შენი, უფალო. მადლობა ყველაფრისთვის-მეთქი. სამდურავი არ მითქვამს.

სახლში მოვედით. ჩემი ქალიშვილი ჯერ მე ჩამეხუტა, მერე მამამისს და ორივე ატირდნენ. გული ჩამწყდა... სამ წელში სკოლა უნდა დაემთავრებინა ჩემს ქალ-ვაჟს. როცა დავჭირდები, მე მათ გვერდში აღარ უნდა ვიყო-მეთქი, დავიწყე ფიქრი. ჩემი მეუღლე ობოლი გაიზარდა. ჩემი დიაგნოზი რომ მოისმინა, მითხრა, თავს არ ვიცოცხლებო. მე თავს არ ვგლოვობდი, ქმარ-შვილს აქეთ ვამხნევებდი. ნოდარ, ნუ გეშინია, მე ვიცოცხლებ-მეთქი, გაღიმებულმა ვუთხარი მეუღლეს.
12/31/2025