ინტერვიუ

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ორიოდ დღის წინ ექიმი-პარაზიტოლოგი - თემიკო ჩირგაძე მის თანამშრომლებს გავახსენებინე. ინტერვიუს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. "ზმნას"ეს სტატია, სოციალურ ქსელში, ბევრმა გააზიარა. სხვა მოლოდინი არც მქონია. "ვაჟა ზაზაევიჩი" ხომ თბილისის კოლორიტი გახლდათ.
თბილისის საპატიო მოქალაქე იყო, მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი. ის ამ ქალაქში ძალიან უყვარდათ...
ცნობილია, რომ მასთან ერთად, სუფრაზე მოხვედრა, იყო ჩვეულებრივი დღესასწაული. მღეროდა, ხუმრობდა, იგონებდა ენებს, ვითომ ფრანგულად საუბრობდა. კითხულობდა პოეზიას. შესაბამისად, მის გარემოცვაში მოხვედრა, ყველას სურდა. ჰყავდა ხელოვანებისა და არტისტების დიდი სამეგობრო წრე. ამიტომაც მოხვდა ექიმი - ფილმებში. მაგრამ აბა, ვის შეუძლია თქვას, რომ ვაჟა ზაზაევიჩის როლის შემსრულებელი პროფესიონალი მსახიობი არ არის?

რუსუდან ბურდილაძე, პარაზიტოლოგი: თემიკოს მეუღლე, კლარა მეშველიანი ჩვენი თანამშრომელი გახლდათ. კლინიკის წამყვანი სპეციალისტი იყო.
ბატონი თემო იყო ბობოქარი, ისეთი როგორიც ვაჟა ზაზაევიჩის როლშია, იქ თავის თავს თამაშობს, მისი მეუღლე კი, ძალიან გაწონასწორებული და მშვიდი.
ცოლ-ქმარს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ. ქალბატონი კლარა მისთვის ყველაფერი იყო.
დილას კლარა რომ იტყოდა, თემიკო წასულია სამინისტროში ან საქმეზეო, ვიცოდით რომ "პახმელიაზე" იყო. ბორჯომი აუცილებლად ჰქონდა კაბინეტში. ჩვენთან ხშირად იყო ვაჟა ზაზაევიჩის ისტორიები...

ქალბატონი კლარა უაღრესად განათლებული ქალბატონი გახლდათ. "ვეფხისტყაოსანი" იცოდა ზეპირად. თავისუფალ დროს უბრალოდ დამჯდარს ვერ ნახავდით, სულ კითხულობდა.
არ მახსოვს, თემიკო კლარას გარეშე სადმე წასულიიყო. ცოლი სულ მის გვერდით იყო. ერთმანეთის მიმართ სხვანაირი პატივისცემა ჰქონდათ.

ორი შვილი ჰყავთ - ნინკა და ბუბა. ბუბა ბიოლოგია. მისი შვილი, ლადო იუმორით ძალიან ჰგავს თემო ბაბუას.
მარინა მანჯგალაძე, პარაზიტოლოგი: თანამშრომლებს სახელებს გვარქმევდა. მე "ტალკვესას" მეძახდა; შენ გაუჩინარს გააჩენო, ამბობდა.
ვიცოდი, რომელი სიგარეტი უყვარდა და სახლიდანაც კი მიმქონდა მისთვის. ეს რომ იცოდა, მეტყოდა, შენ გექნება სიგარეტი ჩემთვის, მომეცი და კლარას არ უთხრაო. რომ ეწეოდა, ბოლოს უკვე მალავდა.
მეტყოდა, პურმარილი ამოიტანე და ფულს მერე მოგცემ, ოღონდ კლარას არ უთხრა, მარტო მე და შენ ვიცოდეთო...
ერთხელ მასთან სახლში მივედი, დისერტაციაზე რაღაც უნდა ჩაესწორებინა ჩემთვის და ცოლს ეუბნება, მოამზადე "შეხვედრა წარსულთან"? ეს ის დროა, ყველაფერს ნავთქურაზე რომ ვამზადებდით. ვიფიქრე, რას ეძახის "შეხვედრა წარსულთან" და აღმოჩნდა, რომ ხაჭაპურს! დიდი იუმორი ჰქონდა... მის გარემოცვაში ვერ მოიწყენდი.
ამბობდა, მე "ცისფერ მთებში" კი არ ვითამაშე, ეს მე ვარ და ჩვენ ინსტიტუტში დირექტორს ვთამაშობო. ხანდახან გვეტყოდა ხოლმე, გოგოებო, მივდივარ ბანკში, იცოდეთ, სესხ ბანკში მივდივარო...
თემიკოს ღიმილისა და სითბოს გარეშე, ვერავინ გაიხსენებს. ასეთ ადამიანს ვერ იპოვით...

02/02/2026