Logo

ინტერვიუ

"ქმარს რაღა შემარიგებდა, გურამი უკვე თავდავიწყებით მიყვარდა" - გურამ ფირცხალავას თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია

"ქმარს რაღა შემარიგებდა, გურამი უკვე თავდავიწყებით მიყვარდა" - გურამ ფირცხალავას თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

დღეს გურამ ფირცხალავა 86 წლის გახდებოდა. უდიდესი ქარიზმის მქონე მსახიობს იცნობდნენ, როგორც ქალთა გულთამპყრობელს; სანამ თანგული სიხარულიძეს გაიცნობდა, უკვე მის ბიოგრაფიაში სამი ცოლი არსებობდა; მათ შორის იყო კინოვარსკვლავი - ლეილა აბაშიძე. რაინდული თვისებების, დიდი იუმორის მქონე ცნობილი არტისტის ხიბლს, ვერ უმკლავდებოდნენ ქალბატონები... თუმცა ცოტა მოგვიანებით, 37 წლის ასაკში მოსულმა სიყვარულმა, მას თავად დაახვია თავბრუ, ყურებამდე შეყვარებული გურამ ფირცხალავა, გადასაღებ მოედანს ტოვებდა ფოთში და საყვარელი ქალისთვის, რამდენიმე საათით, თვალი რომ შეევლო, ღამით თბილისში გამორბოდა. დილით ისევ "სეტზე" იყო. ამ სიყვარულმა წერილების წერაც დააწყებინა.

ასეთივე შეყვარებული იყო მასზე თანგული სიხარულიძეც. ის "ზმნა"-სთვის მიცემულ გულახდილ ინტერვიუში ამბობს, რომ უბედნიერესი 34 წელი იცხოვრა, რადგან მის გვერდით ღირსებით შემკობილი, რაინდული გურამ ფირცხალავა ცხოვრობდა...

გურამ ფირცხალავა

თანგული სიხარულიძე: გურამი რომ გავიცანი, მეუღლეს, ვაჟა დარჩიას, ახალი დაშორებული ვიყავი. ჩემი შვილი, დათო მეოთხე კლასში იყო.

თბილისში ლენინგრადის კინოსტუდია იყო ჩამოსული და აქ ფილმს იღებდა. მიხეილ კაზაკოვი თამაშობდა მთავარ როლში. მთავრობის სახლის წინ მივდიოდით, დათო მიმყავდა ცეკვაზე ახალგაზრდულ სასახლეში. ლამაზი ბავშვი იყო. ქუჩაში კინო პროდიუსერებმა გაგვაჩერეს და მთხოვეს, ხვალ მოიყვანეთ ბავშვი კინოსტუდიაშიო. გამიხარდა და მეორე დღეს მივიყვანე გადასაღებად. თეთრი პერანგი გადააცვეს, შემოსვეს კიბეზე და გადაიღეს. "მასოვკისთვის" მეც შემათვალიერეს, ჩამაცვეს მწვანე, გულაღმოღებული ხავერდის კაბა. უნდა გამევლო, კაზაკოვის პერსონაჟი ჩამივლიდა, გამომხედავდა და ამოიხვნეშდა - უუუფ. ეს იყო ჩემი "როლი" და ჩემი კინოგადაღებებიც ამით ამოიწურა. ჰონორარი - 120 მანეთი გამოგვიწერეს. დიდი ფული იყო. მე ინჟინერი ვარ, მშენებელი და ხელფასი მქონდა ამდენი. დათოსაც გამოუწერეს ჰონორარი. დამირეკეს, მობრძანდით, აიღეთო. რომ მივედი, მთელი კინოსტუდია ხელფასის რიგში დამხვდა. დავდექი მორიდებით. შემოვარდა გურამი, გიჟივით. რას ქვია ეს უცხო ქალი აქ დაგიყენებიათ და თქვენ წინ დგახართო, ისე, რომ რეაგირებაც ვერ მოვასწარი, შემათრია ბუღალტრის სალაროსთან. ავიღე თანხა, დიდი მადლობა-მეთქი, ამოვიკნავლე და წამოვედი. ეზოში ჩამომიქროლა მანქანით, წინ ბაადურ წულაძე ეჯდა, უკან მამა თემურ ჩიხლაძე, "თვითმფრინავის ბიჭების" წრიდან, სასულიერო პირი. გურამმა გააჩერა, თუ გნებავთ, წაგიყვანთო. როგორ არ მინდოდა, მეჩქარებოდა სამსახურში, მაგრამ არ ჩავჯექი, მომერიდა. კაი ბატონოო და წავიდა. მამა თემურს უთქვამს, გურამ, შენ გგონია, ყველა ლამაზი ქალი მანქანაში ჩაგიხტება, ნახე, მშრალზე დარჩიო. წაუქეზებია. ამ სიტყვებზე "ავარდნილა" და გაბრაზებულმა ნახევარი კილომეტრი "ზადნით" იარა და ლამის ფეხებზე გადამიარა; თავისი ვოლგა ისე დაამუხრუჭა, ნაწილები იქეთ-აქეთ გაცვივდა ლამის. გადმოხტა, მივიდა ბაადურთან, ეს ასკილოიანი კაცი გადმოაგდო მანქანიდან, მომკიდა ხელი და ჩამსვა. გაოცების მეტი ვერაფერი მოვახერხე. ერთი გადახარხარება ყველაფერს მერჩია. მაგრა მომერიდა, ეს ბუმბერაზი კაცი გადმოაგდო და მე ჩამსვა. მკითხა, გათხოვილი ხართო? კი-მეთქი და მერე ხმა არ გაუცია, ისე მიმიყვანა სამსახურთან და ჩამომაგდო. კინოსახლის ორი მოსაწვევი მომცა. ტელეფონის ნომერი არ გამოურთმევია. ეს გამიკვირდა. სამსახურში შევედი და იქაურობა ავიკელი, იცით, ვინ მომიყვანა სამსახურში? ლეილა აბაშიძის ქმარმა-მეთქი. ვაი, შენს პატრონს, ეგ ისეთი მექალთანეა, ჩიტს არ უშვებს ისე ზევითო... მე, ალბათ, არ მოვეწონე-მეთქი, ვშაყირობდი.

გურამ ფირცხალავაგურამ ფირცხალავა

მოკლედ, ფილმის სანახავად წავედი და წავიყვანე მეგობარი, მანანა ძნელაძე. ფილმი მთავრდებოდა, გურამი დარბაზში რომ შემოვიდა. მერე სახლში წაგვიყვანა და აქედან დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. მერე დათო წავიყვანეთ ერთად ცეკვაზე. სანამ გამოვიყვანდი, მითხრა, წამოდი დიდუბეში ჩემთან, ყავა დავლიოთო... ტელეფონის ნომერი გამომართვა და დავიშალეთ.

არ დაურეკავს... ერთხელაც საბურთალოს ქუჩაზე მოვდიოდი, წვიმდა. გამიჩერა მანქანა და რახან უკვე ნაცნობი იყო, ჩავხტი უცებ. ამ წვიმაში თავი არ გენანება, ქოლგა არ გქონდაო, ხუმრობა დამიწყო. პატიოსნად მიმიყვანა სახლში. და აი, მაშინ მომეწონა. რაინდული თვისებები ჰქონდა. სისუფთავე დავინახე მასში. შვიდი თვე ისე დავდიოდით, უბრალოდ წამიყვანდა, მომიყვანდა. ზედმეტად არ შემოუხედავს.

გურამ ფირცხალავა

იუმორი ჰქონდა საოცარი. ისეთ რამეს იტყოდა, ძაან ცუდ ხასიათზე რომ ყოფილიყავი, გაგაცინებდა.

იმ დროს გენო ხოჯავამ ფილმის - "მიზანის" გადაღებებზე ფოთში წაიყვანა. და რამდენიმე თვით დავშორდით ერთმანეთს. ეს ტრაგიკულად გადავიტანე. ვრეკავდი ფოთში მასთან სახლში. დედამისი აიღებდა ყურმილს, გურამს თხოვეთ-მეთქი, რომ ვეტყოდი, უკვე მერიდებოდა, რამდენჯერ უნდა მეთქვა. არადა, გურამი ბრაზობდა, დარეკე ჩემთან სახლში, ნუ გერიდებაო.

- ამ განშორებით მიხვდით, რომ გიყვარდათ?

- დიახ, ამ დროს მივხვდი, რადგან ძალიან მომენატრა. წერილებს ვწერდით ერთმანეთს. შაყირობდა, წერილების წერა დამაწყებინაო. უამრავი წერილი მაქვს მიწერილი. ვეღარ ვძლებდი უმისოდ, ძალიან გამიჭირდა. ღამე ჩამოდიოდა, გვნახავდა მე და დათოს და უკან მიდიდოდა.

იმ დროს ოფიციალურად გაყრილი, არ ვიყავი ქმართან. მომწერა, შერიგებას თუ აპირებ, დროზე შეურიგდი. მე არ მინდა თქვენი დაშორების მიზეზი ვიყოო. ქმარს რაღა შემარიგებდა, გურამი უკვე თავდავიწყებით მიყვარდა.

გურამ ფირცხალავა

ზაფხული იყო, გურიაში წავედით მე და დათო. იქ დამეკონტაქტა გურამი და წაგვიყვანა ზღვაზე, ფოთში. ჩემებს ვუთხარი, მიყვარს-მეთქი. პატარა წინააღმდეგობა შემხვდა მათგან. მე კატეგორიული ვიყავი - ერთი წელიც რომ ვიყო მისი ცოლი, ვიქნები-მეთქი და ამით დავამთავრე საუბარი. ერთის ნაცვლად 34 წელი ვიყავით ცოლ-ქმარი.

- მაგრამ ერთი წელივით გაირბინა ამ 34 წელმა, არა?

- სწრაფად გაირბინა. მე 31 წლის ვიყავი, გურამი 37 წლის იყო.

მერე ამბობდა, ვფიქრობდი, აწი ცოლს აღარ შევირთავო...

იმ დროს, ხელი რომ მოვაწერეთ, გურამს გოდერძი ჩოხელის "ადამიანთა სევდაში" იღებდნენ და იქიდანვე წავიდა გადაღებაზე. ჩვენს ერთოთახიანში გავშალეთ სუფრა და სტუმრები მოვიდნენ, გურამი არ ჩანდა. უმეფო ქორწილიაო, - ხუმრობდნენ მეგობრები.

- თქვენი ოჯახის წინააღმდეგობა, ალბათ, იმით იყო განპირობებული, რომ გურამ ფირცხალავას მანამდე სამი ცოლი ჰყავდა...

- ასეა და ბუნებრივია. გურამის პირველი ცოლი სუხიშვილების მოცეკვავე იყო, შემდეგ მხატვარი ჰყავდა ცოლად. მერე ლეილა აბაშიძესთან მოაწერა ხელი. წელიწადნახევარი ცოლქმარნი იყვნენ. დედამთილი მიყვებოდა მაგათ ამბებს, ძლიერი სიყვარული ჰქონდათ... მერე დაშორდნენ... ლეილა ბავშვობიდან მიყვარდა. ქუჩაში რომ შემხვდა, ერთი-ორჯერ სახლში მანქანით მივიყვანე, მაგრამ არ მითქვამს, გურამის ცოლი რომ ვიყავი. ლეილა სახლში მივიყვანეთქო, გურამს რომ ვუთხარი, მართლა გურული ხარ, აფრენო, მითხრა.

- არ იქნებოდა ადვილი ასეთი დაკავებული და პროდუქტიული არტისტის გვერდით ცხოვრება...

- არ იყო ადვილი ადამიანი, მძიმე ხასიათი ჰქონდა. "აზიატი" იყო, მაგრამ იმდენად მიყვარდა, რამე "ისეთი" რომ ეთქვა, მეორე წუთში არ მახსოვდა.

სულ გადაღებებზე იყო. ჩემს პერიოდში ბევრ ფილმში გადაიღეს - "ვალსი პეჩორაზე", "დღეს ღამე უთენებია", "გზა შინისაკენ", "თეთრი ბაირაღები"... მოსფილმში, უკრანულ კინოში, იღებდნენ სომხეთში... დაახლოებით 80-მდე ფილმშია გადაღებული. საქართველოში ყველაზე ბევრ ფილმშია ნათამაშები.

გურამ ფირცხალავა

- როგორ გგონიათ, რაში იყო მისი, როგორც მსახიობის ქარიზმა?

- ფილმს სძენდა თავისებურ ხიბლს. მისი თამაში მართალი და დამაჯერებელი იყო. ისეთ რამეს იტყოდა ექსპრომტად, რომ მერე რეჟისორები ტოვებდნენ და არ ჭრიდნენ ფილმიდან. მეგრულად დაითვალა გოდერძი ჩოხელის "ადამიანთა სევდა"-ში, სადაც გადაღება გუდამაყარში იყო. არ ამოიღო გოდერძიმ.

ძალიან ნიჭიერი იყო. უყვარდა ჩხირკედელაობა. სახლში მისულს, დამხვდებოდა მეზობლის უთო, ტელევიზორი, მტვერსასრუტი დაშლილი და ეს იჯდა და აკეთებდა. მერე მორჩებოდა ნაწილები, ეს ზედმეტიაო, ხუმრობდა. დათო უკუღმა მიაჭედებს ლურსმანს კედელზე, იმას ყველაფერი შეეძლო.

გურამ ფირცხალავა

დედაჩემს და მამაჩემს - მამას და დედას ეძახდა. დედა რომ ჩამოდიოდა ჩვენთან და როცა გურამს ვეკითხებოდი, სადილი რა გავაკეთო-მეთქი, დედას შეეკითხეო, მეტყოდა. ძალიან სხვანაირი იყო.

ბევრი ვეცადეთ, მაგრამ საერთო შვილი არ გვეყოლა. თუმცა ძალიან მინდოდა...

- როგორ ურთიერთობაში იყვნენ დათო და გურამი?

- გურამი არ იყო გამოხატულად თბილი, მაგრამ ეძმაკაცებოდა დათოს. დათო თავის ამბებს სულ გურამს უყვებოდა. თავისი საიდუმლოებები ჰქონდათ.

ლეო ფილფანი, იმედა კახიანი რომ მოდიოდნენ სტუმრად, დათო მათთან იჯდა და პირდაღებული უსმენდა. მსახიობობა, ალბათ, მათ გამო მოუნდა. ეს არჩევანი არ მოეწონა გურამს, არ გინდა მსახიობობა, მშიერი მოკლავ ცოლ-შვილსო, ურჩია. მე გავბრაზდი, რას ქვია, ბავშვს თუ უნდა, ჩააბაროს-მეთქი. დათოს მამა რეჟისორი იყო. მისგანაც ჰქონდა არტისტული გენი.

დათო დარჩია და გურამი

დათოს შვილებზე გიჟდებოდა. გუგა ჩვენთან იყო უფრო მეტად. გურამი ბოლო თეთრებს ხარჯავდა გუგასთვის. გადაღებებში კარგად უხდიდნენ და ბაქსვუდის სკოლაში სულ თვითონ იხდიდა სწავლის თანხას. სკოლის მანქანას არ ელოდებოდა, წყნეთში ჩააკითხავდა გუგას და სკოლიდან სახლში მოყავდა.

სხვათა შორის, გურამს ერთმა ქალმა გაუჩინა შვილი. და არაჩვეულებრივი ქალიშვილი ჰყავს, ხათუნა ფირხალავა. მაშინ, ცხადია, ძალიან ცუდად მივიღე ეს ამბავი და რომ გავიგე, სახლიდან წავედი. სამი თვე არ ვურიგდებოდი. მოდიოდა სიგნალებით, ერთი ამბით, წამოდი სახლშიო... მეზობლებს აწრიალებდა. ყოველდღე მაკითხავდა, მშია, მაჭამეო. დათო სტუდენტი იყო. დედა, შენ როგორც გინდა, ისე იქნებაო. არ ერეოდა...

- აპატიეთ?

- კი გავუბრაზდი, მაგრამ მივხვდი, რომ უმისოდ ვერ ვიცხოვრებდი და ვაპატიე... ძალიან მიყვარდა. აღიარა, არ ვიყავი სწორი, ნასვამი ვიყავიო და ასე მოხდაო... ისიც ძალიან წესიერი ქალია, პედაგოგი იყო. მესმის, შეუყვარდა, როგორც ჩანს, გურამი. იცით, ცხოვრებაა, ადამიანები შეცდომებზე ვსწავლობთ. ანგელოზი არავინაა.

მერე, ასაკში რომ შევედი, ბედნიერი ვიყავი, რომ თავისი შვილი გურამსაც ჰყავდა. მე და ხათუნას დღესაც ურთიერთობა გვაქვს.

- ბოლოს იავადმყოფა. მალე მოერია ვერაგი სენი...

- უცებ აღმოაჩნდა სიმსივნე. ექიმთან რომ მივიდა, სასწრაფო საოპერაციო იყო. ერთ კვირაში, ბიძინა ივანიშვილის დაფინანსებით, გერმანიაში გაიკეთა ოპერაცია. და ამ ოპერციის შემდეგ, ორ წელიწადნახევარი იცოცხლა. საშარდე ბუშტზე ჰქონდა პოლიპი, ისე როგორც კახი კავსაძეს. მან დროულად აღმოაჩინა და რვა წელი იცოცხლა. გურამს 2 წელი და რვა თვე აჩუქა ოპერაციამ...

ათი ქიმია ისე გაიკეთა, თვითონ მიდიოდა მანქანით. მერე უკვე ბოლო ექვსი თვე იყო ჩაწოლილი, გაუჭირდა. საკმარისიაო, ამბობდა. სანამდე გაქაჩა, გაქაჩა. 76 წლის იყო, რომ გარდაიცვალა.

ჩემთან არ იმჩნევდა, მაგრამ ჩემს მეგობრებს ეუბნებოდა, ცოტა კი მეშინია სიკვდილისო.

გვერდით ვეწექი, ღამის ოთხ საათზე ტელევიზორს ვუყურებდი. მითხრა, გუგა უსწავლელი არ დამიტოვოო. ამ შუაღამეზე გუგა რამ გაგახსენა-მეთქი, ვუთხარი. ამოიგმინა, ამოისუნთქა და აღარ იყო კაცი... შევაჯანჯღარე და უკვე არაადამიანური თვალები ჰქონდა. ორ წუთში წავიდა...

გურამ ფირცხალავა

- ახლა როგორ ცხოვრობთ?

- ახლა 80 წლის ვარ. ვმუშაობ თბილქალაქმშენში, 40 წელია.

გურამი რომ გარდაიცვალა, ძალიან ცუდად ვიყავი. დათოს ნახევარ დამ მითხრა, ჩამოდი ამერიკაში, ჩემთანო. გავფრინდი. მერე კოვიდი დაიწყო და ჩავრჩი. სამ წელიწადნახევრი იქ ვიყავი.

თანგული სიხარულიძე

- რა არის სიყვარული?

- როცა გიყვარს, სტიმული გაქვს. მაგაზე ბედნიერება არაფერია. ნუცუბიძეზე მანქანა რომ მოვიდოდა, სანამ ზევით ამოვიდოდა გურამი, მე გული მიჩქარდებოდა. ვგრძნობდი, რომ სახლში მოდიოდა. ამაზე დიდი ბედნიერება რა არის? გულის რიტმს მიცვლიდა. უბედნიერესი ვიყავი, რომ ასეთი ბუმბერაზი კაცის გვერდით გავატარე ცხოვრება.

გურამ ფირცხალავა

არ დაიჯეროთ, რომ სულ ღუღუნში გავატარეთ ცხოვრება, ყველაფერი იყო - ცუდიც, კარგიც, მაგრამ კაცი მყავდა გვერდით და ამით ბედნიერი ვარ. ნამდვილი სიყვარული განვიცადე. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. არაჩვეულებრივი ადამიანი იყო.

ღმერთმა ნათელში ამყოფოს...

ავტორი: თამარ გონგაძე

02/18/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024