
09/28/2026
ალექსანდრე კორძაიას - "კორძის" გარშემო განვითარებული მოვლენები საზოგადოებისთვის ცნობილია. საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების მხარდამჭერ მუსიკოსს უკვე მეორე წელია ავიწროვებენ.
აქციების ცნობილი შეძახილი - „ოლე, ოლა“ "კორძიმ" მუსიკალურ ტრეკად აქცია. სიმღერის ტექსტში ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მისამართით მწვავე ფრაზები ისმის. ტრეკი პროტესტისა და დაუმორჩილებლობის სიმბოლოდ იქცა, რაც მუსიკოსზე თავდასხმისა და მისი კრიტიკის საფუძველი გახდა.
2025 წლის 9 ივლისს ალექსანდრე კორძაიას საკუთარ სახლთან უცხო პირები დახვდნენ და მასზე თავდასხმა სცადეს, მაგრამ მუსიკოსმა გაქცევა მოასწრო.
26 სექტემბერს კი, გორში „კამარა ფესტივალი“ უნდა გამართულიყო. ღონისძიების პროგრამა Kordz-ის კონცერტით უნდა დასრულებულიყო.
ფესტივალს დანიის კულტურის ინსტიტუტი, პროექტის Creative Compass Georgia ფარგლებში აწყობდა, რომელსაც ევროკავშირი აფინანსებს.
თუმცა 23 სექტემბერს ორგანიზატორმა განაცხადა, რომ ფესტივალი გადაიდო. ოფიციალურ მიზეზად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გარემოებები დასახელდა. მუსიკოსმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გორის ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, ღონისძიების ორგანიზატორებს, "გაბრაზებული ბრბოთი" დაემუქრა, თუ მის პერფორმანსს არ გააუქმებდნენ.
სამი დღის წინ მუსიკოსის დედამ, საზოგადოებას, ემოციურად მიმართა.
თამრიკო კორძაია: იქნებ დაფიქრდეთ ყველანი, რა მიზეზები აქვს ამ კამპანიას ალექსანდრეს წინააღმდეგ? და იქნებ ოდნავ მეტი წინააღმდეგობა გაწიოთ - ალექსანდრეს გამო კი არა, ან იმ ადამიანების გამო, რომლებიც ციხეში სხედან და წვალობენ, უბრალოდ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი თქვენც გეხებათ.

მუსიკოსსა და მეგობარს სოციალურ ქსელში სოლიდარობას ნიკოლოზ რაჭველი უცხადებს და წერს.
ნიკოლოზ რაჭველი: იმდენად მივეჩვიე და საკუთარ თავზეც იმდენჯერ გამოვცადე, რომ თავიდან საერთოდ ვერ აღვიქვი განსაკუთრებულ მოვლენად, მაგრამ თამრიკოს (დედის) ვიდეო მიმართვამ ძალიან დამთრგუნა…
ალექსანდრე, იგივე კორძი, არის ჩვენი დროის და ჩვენი ქვეყნის ერთერთი ყველაზე გამორჩეული, საუკეთესოთა შორის საუკეთესო მუსიკოსი, ნიჭიერი, პროფესიონალი, საერთაშორისო აღიარების მქონე ნათელი და გამოკვეთილი არტისტი, რომლის ყოველი გამოჩენა (სცენაზე თუ მეგობრების წრეში) არის დღესასწაული.

როდესაც პროპაგანდამ “ნაცების მომღერალი” შეარქვა, მაშინ ვიფიქრე, ნეტავ იოტისოდენად მაინც თუ იციან მისი ხარისხის და მნიშვნელობის შესახებ; ნეტავ თუ იციან, რომ მის შექმნილ სიმფონიურ თუ კამერულ ნაწარმოებებს სხვადასხვა ქვეყნის სიმფონიური ორკესტრები და კამერული ანსამბლები ასრულებენ; რომ მისი “საკამოტოს” პროექტი თავად დიდი კომპოზიტორის სიცოხლის ბოლო სიხარული აღმოჩნდა და ამქვეყნიური სამყარო ალექსანდრესადმი მადლიერების გრძნობით სავსემ დატოვა.

ნუთუ იციან, რომ ევროპული დარბაზები სიხარულით ეგებებიან მის კოლაბორაციებს, მის საინტერესო მოგზაურობებს ელექტრონული და აკუსტიკური ბგერების მისეული სინთეზის სამყაროში…
არა, მათ ეს არც იციან, არც აინტერესებთ და ვერც გაიგებენ, რადგან კორძის გაგებას და აღქმას ორი საბაზისო რამ ჭირდება: გემოვნება და ინტელექტი.

მე ვამაყობ, რომ ასეთი მეგობარი და კოლეგა მყავს და კარგად ვიცი, რომ ის უკვე წერს თავის ღირსეულ ფურცლებს ქართული მუსიკის ისტორიაში, მათ შორის, სახალხო საპროტესტო მელოდიის რემიქსის ჩათვლით.

გააზიარე სტატია