ჯანმრთელობა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
კომპანია BioNTech-ის დამფუძნებლები, გერმანელი მეცნიერები - უგურ შაჰინი და ოზლემ თიურეჯი, რომლებიც მსოფლიოში ცნობილნი COVID-19-ის mRNA ვაქცინის შექმნით გახდნენ, წლის ბოლოს კომპანიას დატოვებენ.
ამის გამო გერმანული ბიოტექნოლოგიური გიგანტის, BioNTech-ის აქციების ფასი 20%-ით შემცირდა და 2024 წლის აგვისტოს შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია.
ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ასეთი რეაქცია ბუნებრივია, რადგან კომპანია სწორედ იმ მეცნიერებთან ასოცირდება, რომლებმაც პანდემიის დროს მისი მსოფლიო წარმატება განაპირობეს.

მეცნიერი ცოლ-ქმრის ეს გადაწყვეტილება ბიოტექნოლოგიის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკადრო ცვლილებად მიიჩნევა. ინვესტორები და ექსპერტები აღნიშნული ფაქტის გამო შეშფოთებას არ მალავენ, თუმცა BioNTech-ის სამეთვალყურეო საბჭო მხარს უჭერს შაჰინისა და თიურეჯის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ კომპანიის მიმდინარე პროექტებს, მათ შორის კიბოსა და COVID-19-ის ვაქცინების წარმოებას, საფრთხე არ ემუქრება.
Reuters-ის ინფორმაციით, BioNTech-ის დამფუძნებლების წასვლის მთავარი მიზეზი კომპანიის მასშტაბების ზრდა და მისი სამეცნიერო ფოკუსის ცვლილება გახდა.
მას შემდეგ, რაც BioNTech გლობალურ გიგანტად იქცა, დამფუძნებლების დროის უდიდეს ნაწილს ბიზნესის მართვა, ბიუროკრატია და წამლების გაყიდვების კონტროლი იკავებდა. მეცნიერებს კი ურჩევნიათ, მთელი ენერგია ისევ ახალი მედიკამენტების შექმნასა და mRNA ტექნოლოგიის განვითარებას დაუთმონ. მათ სურთ, დაუბრუნდნენ ლაბორატორიულ კვლევებს და სამეცნიერო აღმოჩენებს. სწორედ ამ თავისუფლების მოსაპოვებლად აფუძნებენ ახალ კომპანიას, სადაც მთავარი აქცენტი არა კომერციაზე, არამედ სამეცნიერო აღმოჩენებზე იქნება.

მეცნიერი ცოლ-ქმრის ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ადამიანები მზად არიან წარმატებული კომპანიებიც კი დატოვონ ახალი იდეების შესაქმნელად. თუ უგურ შაჰინისა და ოზლემ თიურეჯის ახალი პროექტიც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა, როგორიც COVID-19-ის ვაქცინა იყო, შესაძლებელია, სამედიცინო მეცნიერებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარდატეხა სწორედ ამ წყვილის სახელთან იყოს დაკავშირებული.
03/12/2026