Logo

ქრისტი ყიფშიძე 49 წლის გახდა - ბევრი საინტერესო რჩევა მოდელისგან

ქრისტი ყიფშიძე 49 წლის გახდა - ბევრი საინტერესო რჩევა მოდელისგან

10/02/2026

ტექსტის ზომა

ქრისტი ყიფშიძე 49 წლის გახდა. 32 წელია პოდიუმზეა და ამბობს, რომ ეს საქმე დღემდე არ მობეზრებია. დათუნა სულიკაშვილი (ვის მუზადაც ქრისტი ითვლება), ეხუმრება ხოლმე, 80 წლისაც უნდა გამოგიყვანო პოდიუმზეო.

მოდელს თავისი ცხოვრების წესი აქვს, კვებას, ფეხით სიარულს, ბუნებრივ რუტინას - არასდროს ღალატობს. თანამედროვე ხელოვნური ჩარევის წინააღმდეგია. სურს ასაკში ბუნებრივად შევიდეს. არის თავდაჯერებული და სოციალურ ქსელში, გულშემატკივარ გამომწერებს, თავის გამოცდილებებს ხშირად უზიარებს.

"ზმნა"-ს მკითხველ ქალებსაც პატარა რჩევებს აძლევს.

ქრისტი ყიფშიძე

ქრისტი ყიფშიძე: 30 სექტემბერი მიყვარს, მაგრამ დაბადების დღის გადახდა და ხალხმრავლობა არ მიყვარდა. სულ მქონდა განცდა, რომ რაღაც ისე არ იყო, როგორიც მე მინდოდა. ყველაფერზე ვფიქრობდი, იყვნენ თუ არა სტუმრები კმაყოფილნი და ასე შემდეგ.

2013 წელს დიდი დაბადების დღე გადავიხადე. მაშინ ვთქვი, აღარ გადავიხდი, რაღაც უნდა მოვიფიქრო ამ დღეს-მეთქი. და 2014 წლიდან 2025 წლამდე, ყოველ დაბადების დღეს, უცხოეთში მივემგზავრებოდი. ვცდილობდი ისეთ ქალაქში მოხვედრას, სადაც არ ვიყავი ნამყოფი. ზოგი დაბადების დღე ერთსა და იმავე ქალაქშიც გამოვიდა, მაგრამ პრინციპი არ დამირღვევია - 30 სექტემბერს, ტრადიციულად, უცხოეთში ვიყავი.

ეს ტრადიცია წელს დავარღვიე. წელსაც მინდოდა 30 სექტემბერს უცხოეთში ვყოფილიყავი, მაგრამ მამა ავად გახდა და ვერ გავემგზავრე. მერე ასე შევხედე, ეს 12 წლიანი ციკლი დასრულდა, წელს სახლში აღვნიშნე დაბადების დღე და ეს რაღაც ახლის დასაწყისია-მეთქი.

ეს დღე ოჯახურ გარემოში აღვნიშნე. ფოტოსესია კი ჩემი გამომწერებისთვის გადავიღე, რადგან ისინი მუდმივად ინტერესდებიან, როგორ გამოვიყურები, რას ვაკეთებ. ორი დღეა წელიწადში, როდესაც მინდა განსაკუთრებულად გამოვიყურებოდე, ეს არის დაბადების დღე და ახალი წელი.

ქრისტი ყიფშიძე

ფოტო: გოგა ინაძე

- რა წითელი კაბა გაცვიათ?

- ეს კაბა ესპანეთში ვიყიდე, ფლამენკოს მოცეკვავეების კაბაა. არსად არ ჩამიცვამს და წინა საღამოს მოვიფიქრე, რახან ფოტოსესია მინდოდა, ის შევარჩიე და "ლუქი" სტილისტურად ავაწყე. მერე ვხუმრობდი - 49 წლის ანტიკვარული თოჯინა ვარ-მეთქი. თვითირონია და იუმორი მაქვს, შემიძლია თავზე ვიხუმრო.

49 წლის ასაკის ადამიანი დიდი მეგონა. ახლა უკვე, ყოველწლიურად მინდა ვიგრძნო ეს ასაკი, აბა როგორია-მეთქი, მაგრამ ვერ ვგრძნობ. შინაგანად არ ვარ ამხელა. ალბათ, სასწორის სიმსუბუქის და ჰაეროვნების გამო.

ქრისტი ყიფშიძექრისტი ყიფშიძე

- სასწორის რა თვისება გაქვთ?

- ბევრი რამ ემთხვევა. მსუბუქი ვარ, სილამაზისადმი მიდრეკილება მაქვს, განწყობის ადამიანი ვარ, ხან მინდა ხან - არა. მომწონს ეს ნიშანი. სიმსუბუქე იმიტომ გამოვყავი, რასაც აკეთებ, პოდიუმზე გამოსვლა იქნება თუ სხვა რამ, ჰაეროვნად უნდა გააკეთო. მძიმედ არ უნდა იყო.

- ამ ასაკში თავი მოგწონთ?

- მომწონს. როგორ გითხრათ, მე ყოველთვის თვითდაჯერებული ვარ. მე რომ ასეთი არ ვიყო და საკუთარი თავი არ მომწონდეს, მგონია, რომ გარშემო არც სხვას მოვეწონებოდი. ჯერ მე უნდა მომწონდეს საკუთარი თავი. თავჯერებას მოაქვს ის გამოსხივება, რაც მერე სხვაზე ახდენს შთაბეჭდილებას.

ასაკთან ერთად გარეგნობა იცვლება, ვფიქრობ, იხვეწება კიდეც. 20 წლის წინ სხვანაირი სახე მქონდა. წლებში ყვრიმალი უფრო იკვეთება. გახდიო, მეუბენაბიან. არა, იგივე წონა მაქვს, უბრალოდ, ასაკი სხვანაირად გხვეწს.

საერთოდ, მადლიერი ვარ სამყაროსი, მშობლების, გენეტიკის იმისთვის, როგორიც ვარ.

ქრისტი ყიფშიძექრისტი ყიფშიძე

- ჩარევაზე არ ფიქრობთ?

- არავითარ შემთხვევაში. არასდროს არაფერი გამიკეთებია და არც მაქვს სურვილი. რაც არის, მომწონს და უნდა შევინარჩუნო. ვინარჩუნებ ბუნებრივად. პატივს ვცემ პლასტიკურ ქირურგიას, საოცრებებს აკეთებენ, მაგრამ ვფიქრობ, მე არ მჭირდება.

ბევრი კარგი და ბუნებრივი საცხი არსებობს. სვით ბევრი წყალი, იკვებეთ ისე, როგორც თქვენს ორგანიზმს უხდება, კარგად გამოიძინეთ. ყველაზე მთავარია - განწყობა. კარგ განწყობაზე რომ ხარ, კარგად გამოიყურები. ცუდ ხასიათზე რომ ვდგები (ეს იშვიათად ხდება), ჩემი თავი არ მომწონს. ანერვიულებული სახე გცვლის. მაგრამ მე ცუდ პერიოდებსაც ისე ვიღებ - ასე საჭირო-მეთქი... ყველას ხომ ჩვენი ფილოსოფია გვაქვს. მეკითხებიან, რა გავაკეთო, რომ კარგად გამოვიყურებოდეო. ამ დროს მე შემიძლია ჩემი გამოცდილება გავუზიარო, მაგრამ ვერ ვეტყვი, რომ მანაც იგივე გააკეთოს, რადგან ყველა ინდივიდუალურები ვართ. თუ გაითვალისწინებს, კარგია.

ქრისტი ყიფშიძე

- კვებას როგორ აბალანსებთ?

- კვებაც ინდივიდუალური რამაა. უნდა დააკვირდეთ, რა პროდუქტი გიხდებათ, რომელი - არა. დილით წყალს ვსვამ, ზოგჯერ 40 გრადუსამდე გაცხელებულს. ნახევარ საათში ვსაუზმობ და ყავას მერე ვსვამ. ოთხჯერ ვჭამ. ჭამიდან ჭამამდე დიდ შუალედებს არ ვაკეთებ, არ ვსტრესავ ორგანიზმს, არ ვაშიმშილებ. არ ვჭამ პურს, რადგან გლუტენი ცუდად მხდის. ყველაზე გვიან 9 საათზე ვვახშმობ.

ინტუიციური კვება არსებობს. მეც ამას მივყვები. ეს არის კვების ფილოსოფია და ანტიდიეტური მიდგომა, რომელიც სხეულის შინაგან სიგნალებს - შიმშილსა და დანაყრებას ეფუძნება.

არ ვსვამ ალკოჰოლს. კვირაში ორჯერ მსუბუქად ვვარჯიშობ. განწყობისთვის სარკის წინ ცეკვა, დადებითად გვმუხტავს. ბევრ დავდივარ ფეხით. ჩემს კატას, ჩარლის რომ ვეფერები, დადებითად ვივსები.

ქრისტი ყიფშიძექრისტი ყიფშიძე

ცხოვრება აღმართ-დაღმართია. სულ კარგად ვერ იქნები, პრობლემას უნდა გაუმკლავდე, გამოძვრე და მერე კარგს უფრო დააფასებ.

კიდევ ის, რომ ჩემს თავს პატივს ვცემ და მასთან მუდმივ კომუნიკაციაში ვარ - ეს მივირთვათ, თუ არა? იქ წავიდეთ თუ არა? ვეკითხები ხოლმე და ვუსმენ. თავთან ჰარმონიულად უნდა იყოთ. უნდა ეკონტაქტო, მოუსმინო, ენდო ინტუიციას. არასდროს ვცდები...

ქრისტი ყიფშიძე

სიყვარულის და სიკეთს გაცვლით ეკონტაქტეთ მეგობრებს, ახლობლებს. დღეს ეს - ემოციების გაცვლა ძალიან მნიშვნელოვანია. წიგნი, ფილმი, ოპერა, სპექტაკლი - შეივსეთ ამ ყველაფრით. გვხვეწს...

არ ვუსმენ და არ ვუყურებ პოლიტიკურ გადაცემებს, არ ვუსმენ ადამიანებს, რომლებიც ილანძღებიან და ნეგატიურ აზრებს აფრქვევენ. სოციალური ქსელის ცუდ ამბებს თვალს ვარიდებ. მინდა გავფილტრო, რადგან ჩემზე ცუდად მოქმედებს. ასე ვიქცეოდი ორსულობისას, ნეგატიურს ვისხლეტდი. ასე ვარ ახლაც.

ქრისტი ყიფშიძე

- ახლა რა ფაზაშია ქალიშვილთან, ნატალიასთან ურთიერთობა?

- ნატალია 25 წლისაა, მე - 49 წლის ვარ. 24 წლიანი სხვაობაა ჩვენს შორის. ცხადია, მშობლის პოზიცია მიჭირავს, მაგრამ მთლად არ გამოდის, რადგან ნატალია ბავშვობიდან პატარა, ჭკვიანი ქალივით არის. მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. ზოგჯერ ის ჩემზე უფროსიც არის. ზოდიაქოს ნიშნით ლომია, მოსწონს დომინირება. ცხადია, "ვუტარებ".

ქრისტი ყიფშიძექრისტი ყიფშიძე

- ბოლოს პოდიუმზე როდის გამოხვედით?

- შარშან დეკემბერში Jesus Star-ის ჩევენაბზე. ჩემი პოდიუმზე გამოსვლის დებიუტი 1994 წლის 4 ნოემბერს შედგა და ამ თარიღს, ყოველ წელს, ჩემთვის აღვნიშნავ. წელსაც შეიძლება გამოვიდე.

თავიდან რომ დავიწყე, ვფიქრობდი, ხუთი წელი გავერთობი და თავს დავანებებ-მეთქი, მაგრამ პოდიუმი ისე მიყვარს და ისეთი სიამოვნებაა ჩემთვის, რომ უარს ვერ ვამბობ. ჯერჯერობით, არის ჩემზე მოთხოვნა.

ქრისტი ყიფშიძექრისტი ყიფშიძე

დათუნა სულიკაშვილი ხუმრობს, 80 წლის რომ იქნები, მაინც გამოგიყვანო. მასთან ერთად ისეთი ლამაზი ჩვენებები მქონია... ბევრ ჩვენებაზე გამოვსულვარ, მაგრამ დათუნას დეფილეები განსხვავებული და განსაკუთრებულია. ჩვენი ტანდემი მეც მიყვარს და ხალხსაც. იმედია, მალე ისევ ვითანამშრომლებთ.

- უცხოელი კოლეგებიდან ვის ადევნებთ თვალს?

- რაც უფრო ასაკში შედიან ადამიანები, ამ ახალი ტენდენციებით, მით უფრო უკეთ გამოიყურებიან. უფრო საინტერესოები და აქტუალურები არიან. ჩემი ფავორიტი კი, ქეით მოსია. განსხვავებულია, მისი მსგავსიც კი არავინაა.

- ახალი თაობის მოდელები მოგწონთ?

- ყველა თაობა მომწონს. უცნაურია, მაგრამ საერთოდ ყველა ადამიანი მომწონს. ამ თვალით ვუყურებ ხოლმე. მატილდა გვარლიანი საქართველოდან ერთადერთია, რომელმაც ყველა ბრენდთან იმუშა და ყველა მწვერვალი დაიპყრო. სანამ საქართველოში იყო, მასთან ერთად მიმუშავია და მესიამოვნა. საოცარი მოდელია. სხვა სხივი აქვს.

- თვალს რომ გადაავლებთ, განვლილი გზით კმაყოფილი ხართ?

- საინტერესო იყო, კარგი იყო. წარსულს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ იქ არ მინდა ჩავრჩე. აწმყო მაინტერესებს. დღეს და ახლა როგორც იქნები, მომავალი ამაზეა დამოკიდებული. დღეს ასე ვფიქრობ, დღევანდელი დღე მიყვარს. რა იქნება ხვალ, ეს მე დღეს არ მაინტერესებს. ვნახოთ, რა იქნება.

ქრისტი ყიფშიძე

- რა არის მოდა?

- მოდა შენი ინდივიდუალური სტილია. მე რასაც ვგრძნობ, იმაც ვიცვამ. მინდა ვიყო ინდივიდუალური. შენი იმიჯი და სტილი უნდა გქონდეს. ეს მხოლოდ სამოსს არ ეხება, ამაში ვარცხნილობა, ქცევა და გავლენაც იგულისხმება.

- ლამაზ ქალებს სიბერის ეშინიათ.

- მე არ მეშინია. მიმიკური ნაოჭები ახლაც მაქვს. მერე ასაკობრივი მიემატება. რატომ უნდა მეშინოდეს, როცა უფრო საინტერესო ხდები ასაკში. ყოველ წელს სარკეში რომ ვიყურები, მაინტერსებს, როგორი ვარ ამ წელს, ამ ასაკში.

ქრისტი ყიფშიძე

- რჩევები ქალებს...

- თავი გიყვარდეთ, პატივს სცემდეთ. როცა თავს კომპლიმენტებს ეუბნები, ეფერები და მასთან ჰარმონიაში ხარ, მერე სხვანაირად ასხივებ. თვითონ შეიძლება ეს გამოსხივება ვერ იგრძნოთ, მაგრამ სხვები იგრძნობენ. აქედან გამომდინარე სხვანაირად გექცევიან.

ქრისტი ყიფშიძე

გააზიარე სტატია

ავტორი: თამარ გონგაძე

Footer Logo

ყველაზე საინტერესო ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2026