Logo

საზოგადოება

ქუთაისის კოლორიტი - ილო ფოტოგრაფი, რომელიც ნიკალასავით კიბის ქვეშ ცხოვრობდა

ქუთაისის კოლორიტი - ილო ფოტოგრაფი, რომელიც ნიკალასავით კიბის ქვეშ ცხოვრობდა

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

არსებობენ ადამიანები, რომლებიც უჩუმრად ცხოვრობენ, ფუტკარივით ფუსფუსებენ, შრომობენ, არავის აწუხებენ, მაგრამ მათი დადებითი ენერგეტიკა იმდენად ასხივებს, რომ შეუმჩნევლებად მაინც ვერ რჩებიან. სხვებზე რაღაც პატარა გავლენას, მაინც ახდენენ.

ასეთ ადამიანთა რიგში შეიძლება ჩაითვალოს ქუთაისის კოლორიტი, ქართველი ებრაელი - ილო ხახიაშვილი. მას სიყვარულით "ქუთაისელ ფიროსმანსაც" ეძახდნენ. მიზეზი მარტივია - ფოტოგრაფი ილო, დიდი მხატვრის მსგავსად, მასწავლებელთა სახლის შენობის კიბის ქვეშ ცხოვრობდა. ფოტოებს ყველას უფასოდ უღებდა და მთელი ქუთაისის სიყვარული მოიპოვა. ამბობენ, მუდამ იღიმოდაო... ქუთაისიდან 90-იან წლებში ებრაელები ისრაელში წავიდნენ, მაგრამ კოლორიტი ფოტოგრაფი ქუთაისს ვერ შეელია. მადლიერმა მოსახლეობამ მას უდიდესი სიყვარულის ნიშნად ძეგლი დაუდგა.

გიორგი ნიკოლავა

ილო 1935 წლის 16 აგვისტოს დაიბადა. მისი მწირი ბიოგრაფიული მონაცემებიდან ისაა ცნობილი, რომ ებრაელთან მუშაობდა შეგირდად, შემდეგ ჯარში წავიდა, დაბრუნების შემდეგ კი, 1950 წლებში ფოტოგრაფობა დაიწყო და შეუცვლელი ადგილი დაიკავა ქუთაისის საზოგადოებაში.

იმ დროს თითქმის ყველა ცნობილი ადამიანი, მათ შორის ცნობილი პოეტები, მწერლები, მსახიობები თუ მომღერლები დიდი სიამოვნებით სტუმრობდნენ რუსთაველის ქუჩაზე, სამხატვრო გალერეასთან მდებარე ილოს პატარა სტუდია/ხუხულას, რომელიც ადამიანების ერთ-ერთ საყვარელ თავშეყრის ადგილს წარმოადგენდა.

საინტერესოა, რომ ილო სიცოცხლის ბოლომდე იმ ძველი აპარატით მუშაობდა, რომელზეც თავად ისწავლა ფოტოგრაფობა. თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია ნამდვილი შედევრები შეექმნა. ძირითად პორტრეტებს იღებდა. მის მიერ შექმნილი ფოტოები თითქმის ყველა ქუთაისელის საოჯახო ალბომში დევს და გამოირჩევა მხატვრული ღირებულებით. ილო ძალიან დიდხანს ურჩევდა კლიენტს შესაბამის პოზას, ათასჯერ გაასწორებინებდა სახეს, გადააადგილებდა განათებას და ა.შ., რასაც ხშირად წყობიდან გამოჰყავდა კლიენტები, მაგრამ საბოლოო შედეგი იმდენად კარგი იყო, რომ ყველა მაინც მოთმინებით იტანდა მის ასეთ ქცევას. საბოლოოდ, იმ დროის ფოტოგრაფებისგან ძალიან განსხვავებულ შედეგებს იღებდა.

ილო ხახიაშვილი

ნანული ცხვედიანის მოგონება:

"ილო ფოტოგრაფი ქუთაისის ფოტომემატიანეა. მისმა პორტრეტმა-შედევრებმა შთამომავლობას შემოუნახა ჩვენი ქალაქის საუკეთესო შვილთა სახეები და ხასიათები, ბედნიერებისა და სიხარულის ულამაზესი წამები. ის ყოველთვის სხვას უღებდა სურათს, მას კი სრულყოფილად თითქმის ვერავინ ხატავდა ვერც ფოტოაპარატით, ვერც ფუნჯით, ვერც ავტოკალმით. ძნელია, აღიქვა ასეთი უბრალო და, ამავე დროს, დიდი ადამიანი..."

ქეთევან ბახუტაშვილი ძვირფას თანაქალაქელს ასე იგონებს:

"ილო ფოტოგრაფს ყველა იცნობდა ქუთაისში. მისი ძეგლის დანახვისას, აუცილებლად მახსენდება ის ფოტოგრაფი, რომელიც პირველი სკოლის ყველა კლასს, სასწავლო წლის ბოლოს, პედაგოგებთან ერთად, სამახსოვრო ფოტოს უღებდა, აუცილებელი რიტუალი იყო. ასევე, გამოსაშვები კლასის ალბომს ამზადებდა, სკოლაში ჩატარებულ აურაცხელ ღონისძიებებსაც ის აღბეჭდავდა ფირზე. ერთ საყვედურს არ იტყოდა, ფულის დაგვიანებისთვის. ბლომად კი ჰქონდა, უფულობის გამო არ წაღებული ფოტოები ატელიეში. გვიან, 90-იან წლებში წავიდა ისრაელში."

ზურა კუხიანიძემ მოთხრობა უძღვნა და მას "ილო" დაარქვა. ფოტოგრაფის სახელოსნოს ასე აღწერს:

"სახელოსნო საკანს ჰგავს, მაგრამ ყოველნაირი საჭირო მოწყობილობა მოხერხებულად აქვს განლაგებული: ონკანი, უჟანგავი ლითონის ნიჟარით, სადაც გამჟღავნებულ ფირებსა და ფოტოსურათებს აჟანჟღალებს. ფარდაჩამოფარებული კედლის განჯინა - წამლებით სავსე; გამადიდებელი, ჟანგით დაჭორფლილი რეფლექტატორი; ფირფიცრის სამსაფეხურიანი, გამარჯვებულ სპორტსმენთა კვარცხლბეკის მსგავსი ჩამოსაჯდომი, ჯორკოს სიმაღლე ხის სამი კუბი, ორი ტაბურეტი და, რაც მთავარია, შუა ოთახში, სამფეხა, საქათმისხელა შავჩაბალახმოხვეული აპარატი დგას, რომლის ზარბაზნის ლულასავით გაშვერილი ობიექტივის თითბრის სალტეზე მის ინგლისურ წარმომავლობას ამოიკითხავთ: F.H. dallweyrt B. PETEND LONDON. N 05772 BKJ AJNJUHFAB. სახელოსნოს მარჯვენა კედელში გასასვლელია... აქედან ილო "მღვიმეში" შედის, რომელიც მეორე სართულზე, მასწავლებელთა სახლში ამავალი კიბის ქვეშაა. შეიყუჟება ილო იმ "მღვიმეში" და მიბნედილ წითელ სინათლეზე ფოტოსურათებს ბეჭდავს".

ილო ხახიაშვილი

როგორ მისი ერთი მეგობრის, მირონ გოგებაშვილის მოგონებაში ვკითხულობთ, ილო ფოტოგრაფს ქუთაისიდან ფეხი არ გაუდგამს.

"იცით, თქვენ, რომ ილომ მხოლოდ ერთხელ დატოვა ქუთაისი? აი, მაშინ, ჯარში რომ გაიწვიეს. ისე, მაგი რიონის სადგურშიც არაა ჩასული, გესმით? სამტრედიაში, წყალტუბოში არაა ნამყოფი. ქუთაისიდან ფეხი არასოდეს მოუცვლია. მაგას ერთი ღამის გათევა არ შეუძლია ქუთაისის გარეთ!..

არის თუ არა ეს ცნობა მთლად ზუსტი, მნიშვნელობა არა აქვს. მთავარი ხომ ის არის, რომ ძირძველ ქუთაისელთა წარმოდგენაში ასე ლამაზადაა დამკვიდრებული ილო ფოტოგრაფის სახე: "მხოლოდ ქუთაისელი".

ილო ხახიაშვილი

2003 წელს ფოტოგრაფის ყოფილ სტუდიაში მისივე მუზეუმი გაიხსნა, თუმცა სამწუხაროდ, მუზეუმი დაიწვა. შენობის წინ კი დღემდეა ძეგლი, რომელიც ქუთაისში ილო ფოტოგრაფს დაუდგეს...

ილო ხახიაშვილი

ავტორი: ზმნა

03/13/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024