
10/04/2026
წინა კვირა მარტივი ნამდვილად არ ყოფილა. მძიმე წონოსანი პლანეტების დაძაბული ასპექტები საკმაოდ რთულ ფონს ქმნიდა და ამ ყველაფერში მერკურიც იყო ჩართული, რაც ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებულ არცთუ სასიამოვნო თემებზეც მიუთითებდა.
ახლა ეს ფონი შედარებით შემსუბუქებულია და წინ ძალიან გარდამტეხი, საინტერესო და შესაძლებლობებით სავსე კვირა გველოდება. პირველ რიგში იმიტომ, რომ ვუახლოვდებით ახალმთვარეობას.
ახალმთვარეობის კვირა ყოველთვის რაღაც ახლის დასაწყისის შესაძლებლობას გვაძლევს. ამჯერად კი ის ზოდიაქოს იმ ნიშანში ხდება, რომელიც ურთიერთობებზე, ადამიანების კომუნიკაციაზე, წყვილებსა და პარტნიორობაზე აგებს პასუხს. ეს ნიშანია სასწორი.
10 ოქტომბერს ახალმთვარეობა სასწორის ნიშანში გვექნება. თავად თარიღიც ნუმეროლოგიურად საინტერესოა - 10.10 სარკისებრი თარიღია. ამიტომ ეს ახალმთვარეობა მხოლოდ რაღაც ახალი პროცესის დაწყებას არ ნიშნავს.
ბევრი ადამიანის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი გადატვირთვის პერიოდი იწყება და ეს, პირველ რიგში, ურთიერთობებსა და ფასეულობათა სისტემას შეეხება.
კვირის განმავლობაში ბევრი ადამიანი გააცნობიერებს, რომ შესაძლოა იქით არ მიდიოდეს, საითაც ადრე სწორ მიმართულებად მიაჩნდა. დაიწყება ფასეულობების გადაფასებაც.
გაიხსენეთ 2018 წლის შემოდგომა, განსაკუთრებით ოქტომბრის პერიოდი. რა ხდებოდა მაშინ თქვენს ცხოვრებაში? სად ვერ დააფასეთ საკუთარი თავი, სად ვერ გამოიყენეთ შესაძლებლობა ან, პირიქით, სად აღმოჩნდა ეგო ზედმეტად ძლიერი? ახლა ამ ყველაფრის კორექტირების და, გარკვეულწილად, ისტორიის გადაწერის შესაძლებლობა გეძლევათ.

თუ წინა რთულ კვირას მშვიდობიანად გადაურჩით, ახლა უკვე გაცილებით მეტი ენთუზიაზმი და კარგი განწყობა გექნებათ.
ვერძის მმართველი პლანეტა მარსი ერთბაშად რამდენიმე მნიშვნელოვან პლანეტასთან საკმაოდ კარგ თანამშრომლობაში შედის. ერთადერთი თემა, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ, ვენერასა და მარსის დაპირისპირებაა. ეს ორი „გენდერული“ პლანეტაა და მათი დაძაბული ურთიერთობა, პირველ რიგში, პირად ცხოვრებას შეეხება. ყოფილები რომ დაბრუნდნენ თქვენს ცხოვრებაში, ნუ გაგიკვირდებათ. შესაძლოა გარკვეული უთანხმოებაც იყოს კუროსა და სასწორის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან, თუმცა ეს აუცილებლად კონფლიქტს არ ნიშნავს, შესაძლოა უბრალოდ იდეოლოგიური შეუთანხმებლობა იყოს.
საერთოდ, მიმდინარე კვირაში წყვილების ურთიერთობებში ცეცხლი ნამდვილად აინთება. ვენერასა და მარსის დაპირისპირება იმას ნიშნავს, რომ შეიძლება იყოს როგორც კონფლიქტები, ასევე საკმაოდ ხმაურიანი შერიგებები და „ფეიერვერკები“.
ვერძებს შესაძლოა მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებაც მოუწიოთ. თქვენი ჩვეული პრინციპი „ჯერ გავაკეთებ და მერე ვიფიქრებ“ ახლა საუკეთესო მიდგომა არ არის. დაფიქრდით, იქნებ ის, რასაც გთავაზობენ, სინამდვილეში კარგია. თუნდაც ეს შეთავაზება იმ ადამიანისგან მოდიოდეს, რომელიც თქვენს ცხოვრებაში წარსულიდან ბრუნდება.

კუროს ნიშნით დაბადებული ადამიანებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი იწყება. ახალმთვარეობაც ვენერას ნიშანშია, ხოლო როგორც კურო, ისე სასწორი, ვენერას მმართველობის ქვეშ არიან.
განსაკუთრებით საყურადღებოა ის, რომ 3 ოქტომბერს ვენერას რეტროგრადული ფაზა დაიწყო. ვენერა კუროს მმართველი პლანეტაა და მისი რეტროგრადულობა ნიშნავს, რომ კუროები დაიწყებენ იმის გადაფასებას, თუ რამდენად სწორად აფასებენ საკუთარ თავს და საკუთარ რესურსებს.
ასევე გეძლევათ შესაძლებლობა საბოლოოდ დაარეგულიროთ საკითხები, რომლებიც მემკვიდრეობას, საერთო ქონებას, ფულსა და ინვესტიციებს უკავშირდება.
მე ვერ ვიტყოდი, რომ ეს საუკეთესო პერიოდია დიდი ინვესტიციების განსახორციელებლად. ზოგადადაც, 12-ვე ნიშანს ვურჩევდი, ამ ეტაპზე ძალიან მასშტაბური ინვესტიციებისგან თავი შეეკავებინათ. სამაგიეროდ, შესანიშნავი პერიოდია იმისთვის, რომ მოიშოროთ ყველაფერი, რაც აღარ გჭირდებათ. მაგალითად, შეიძლება საკმაოდ ხელსაყრელად გაყიდოთ უძრავი ქონება ან გააქირაოთ იგი.
კუროებს შესაძლოა ძველ პროექტებში დაბრუნებაც მოუწიოთ. თქვენს შემთხვევაში ბევრი რამ ისევ ფულზე, საერთო ბიუჯეტსა და მატერიალურ საკითხებზე გადის.

ტყუპებთან ძალიან მნიშვნელოვანი გადახედვა მიმდინარეობს სამსახურებრივი მოვალეობებისა და სამუშაო გარემოს მიმართულებით.
შესაძლოა ძველ თემას დაუბრუნდეთ ან გადაიხედოს თქვენი ამჟამინდელი სამუშაო ადგილი, მოვალეობები და ის შესაძლებლობები, რომლებიც სამსახურთანაა დაკავშირებული.
გარკვეული კონფლიქტური სიტუაციებიც მოსალოდნელია. მერკური, რომელიც ტყუპის ნიშანს მართავს, ამ ეტაპზე მორიელში იმყოფება, ამიტომ ტყუპები შეიძლება ჩვეულებრივზე გაცილებით პირდაპირები გახდნენ.
თქვენი სიტყვები ზოგჯერ შეიძლება არა მხოლოდ ყურს ჭრიდეს, არამედ გულსაც სტკენდეს. ამიტომ ცოტა მეტი წინდახედულობა ნამდვილად გამოგადგებათ.
მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს პირად და სასიყვარულო ურთიერთობებშიც. სამსახურში არსებული დაძაბულობა შეიძლება პირდაპირ აისახოს პირად ურთიერთობაზე და პირიქით, ურთიერთობაში დაგროვილმა უთქმელმა პრეტენზიებმა, გაუგებრობებმა და ეჭვიანობამ შეიძლება პროფესიულ სფეროშიც შეგიშალოთ ხელი.
ეს კვირა ზოგადად საკმაოდ ეჭვიანობით არის შეფერილი. ბევრი პლანეტაა მორიელის ნიშანში და ადამიანებს შეიძლება ისეთი რაღაცების წარმოდგენა დაეწყოთ, რაც სინამდვილეში არ ხდება.
ტყუპებთან განსაკუთრებით შეიძლება გააქტიურდეს კითხვა: „შემიძლია თუ არა ვენდო? ისევ ხომ არ განმეორდება ძველი ისტორია?“ მოსალოდნელია ძველი ტრავმების ამოტივტივებაც. ამიტომ მთავარი ამოცანაა, წარსულის შეცდომები აღარ გაიმეოროთ.

კირჩხიბებისთვის მიმდინარე კვირის მნიშვნელოვანი საკითხები ოჯახს, პარტნიორულ ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას უკავშირდება.
მთავარი რჩევაა მაქსიმალურად დიპლომატიურები იყავით როგორც სამსახურში, ისე ოჯახურ ურთიერთობებში. ოჯახში წარმოქმნილმა დაძაბულობამ შეიძლება გარკვეული შლეიფი სამსახურშიც გადაიტანოს, თუმცა ამავე დროს მნიშვნელოვანი და კარგი ცვლილებებია მოსალოდნელი სასიყვარულო ურთიერთობებში. შესაძლოა რაღაც ისეთი გაიგოთ, რაც აქამდე არასწორად გქონდათ გაგებული.
ასევე ძალიან კარგი პერიოდია შვილებთან ურთიერთობისთვის, განსაკუთრებით უკვე ზრდასრულ შვილებთან. შესაძლებლობა გეძლევათ, გულწრფელად, გულითა და სულით ისაუბროთ და ბევრი დაგროვილი პრობლემა სწორედ ასეთი საუბრის შედეგად მოაგვაროთ.

კვირის პირველ ნახევარში ზედმეტი ემოციით ნუ მოეკიდებით იმას, თუ როგორ გაფასებენ სხვები.
ლომის აღქმა ამ დღეებში შეიძლება ცოტა ჰიპერტროფირებული იყოს. ათ ადამიანს მოსწონხართ, მაგრამ თუ ერთმა ადამიანმა ისე ვერ შემოგხედათ, როგორც ელოდით, სწორედ ამ ერთ შეფასებაზე შეიძლება გადაიტანოთ მთელი ყურადღება. ეს თქვენს ლომურ დიდებულებას არაფერს აკლებს.
არ დაგვავიწყდეს, რომ მარსი ლომშია. ლომი ისედაც ცეცხლის ნიშანია და საკმაოდ ექსპანსიური, მარსი კი ემოციას კიდევ უფრო აძლიერებს. ამიტომ პატარა საკითხისგან შეიძლება დიდი პრობლემა შექმნათ და, როგორც ამბობენ, ჭიქაში ქარიშხალი მოაწყოთ.
მეორე მხრივ, მარსი გაძლევთ გამბედაობას და ენერგიას. შესანიშნავი დროა ცხოვრების ჯანსაღი წესის დასაწყებად, ფიზიკური აქტივობისთვის, ცეკვისთვის.
მარსი ლომში - ეს ნამდვილად ცეკვაა. შეგიძლიათ ახალი ინიციატივებიც გამოიჩინოთ და სიახლე შეიტანოთ პარტნიორულ ურთიერთობაშიც. კარგი იქნება სპონტანურობა, უცებ დაგეგმილი მოგზაურობა, სადმე წასვლა ან უბრალოდ ყოველდღიური რუტინის შეცვლა.
მხოლოდ კვირის პირველი ორი-სამი დღე შეიძლება ცოტა პროკრასტინაციული იყოს. ამასთან, ლომები განსაკუთრებით მგრძნობიარენი იქნებიან შეფასებების მიმართ, ამიტომ მათმა ახლობლებმაც ეს გაითვალისწინონ.

ქალწულის ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან ბრუნდება საკითხები, რომლებიც მეზობლებთან, ახლო გარემოცვასთან და ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობას უკავშირდება.
ბევრი რამ მატერიალურ საკითხებზე, ფულსა და საერთო ქონებაზე გადის. შეიძლება აქტუალური გახდეს რემონტი, ავტომობილის შეკეთება ან მისი შეძენაც. შესაძლოა მოგიწიოთ ხარჯების მობილიზება იმისთვის, რომ საკითხს, რომელიც ადრე გადადეთ, ახლა აუცილებლად დაუბრუნდეთ. ამას თავად სიტუაცია მოგთხოვთ.
ამავე დროს, ქალწულებს ეძლევათ შესაძლებლობა ისაუბრონ და, რაც მთავარია, მათ მოუსმენენ. შესაძლებელია საკმაოდ კონსტრუქციული დიალოგიც იმ საკითხებზე, რომლებზეც დიდი ხნის განმავლობაში ფიქრობდით, რომ საუბარს აზრი აღარ ჰქონდა, ან უბრალოდ კონფლიქტის გეშინოდათ.
თუ აქამდე ამბობდით: „ამ თემაზე საუბარი რომ დავიწყო, ალბათ ყველასთვის უფრო ცუდი იქნება და მათ შორის ჩემთვისაც“, ახლა სიტუაცია შესაძლოა სხვაგვარად განვითარდეს. ამიტომ საუბრის ნუ შეგეშინდებათ.

ამ კვირის მთავარი მასპინძლები სწორედ სასწორები არიან, რადგან ახალმთვარეობა სასწორის ზოდიაქოს ნიშანში ხდება, ვენერა კი რეტროგრადულია.
ძალიან ბევრი სასწორი დაფიქრდება კითხვაზე "ვინ ვარ მაშინ, როდესაც სხვისი შეფასება არ მჭირდება?" რამდენად ბედნიერი ვარ მაშინ, როცა საკუთარ თავს სოციალური მარკერების მიხედვით არ ვაფასებ, ვინ რას იტყვის ჩემზე, ვის მოვწონვარ და ვის არა?
სასწორისთვის სხვა ადამიანთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს ის ზოდიაქოს ნიშანია, რომელსაც კომუნიკაცია და სხვების კარგი შეფასება სჭირდება იმისთვის, რომ თავი მნიშვნელოვნად და ჰარმონიაში იგრძნოს. მაგრამ ახლა დგება პერიოდი, როდესაც საკუთარ ნამდვილ თავს უნდა გაუსწოროთ თვალი და თქვათ: „მე ვარ ისეთი, როგორიც ვარ, და ვიმსახურებ, რომ ადამიანებს ასეთი ვუყვარდე.“ პირველ რიგში კი საკუთარი თავის მიღება უნდა ისწავლოთ. უნიღბოდ და მუდმივი სურვილის გარეშე, რომ ყველას მოეწონოთ, ყველას ხათრი გაუწიოთ და არავინ გაანაწყენოთ.
ეს ის პერიოდია, როდესაც სასწორი საკუთარ თავთან უნდა დალაგდეს. თუ ფიქრობთ: „რატომ არ მაფასებენ?“ შეიძლება პასუხი ასეთი იყოს - იმიტომ, რომ თავად არ აფასებთ საკუთარ თავს.
ამ კვირაში საკუთარი სურვილები წინ უნდა წამოსწიოთ. შესაძლოა ისე შეიცვალოს თქვენი აღქმა და დამოკიდებულებები, რომ ზოგჯერ თავადაც იფიქროთ: „მე ეს აღარ ვარ, სხვანაირი გავხდი.“ ნუ გაგიკვირდებათ და ნუ შეგეშინდებათ, ეს სრულიად ბუნებრივი პროცესია.

თუ წინა რთული კვირა მშვიდობიანად გადაიტანეთ, მიმდინარე კვირა პირველ რიგში დაგეხმარებათ გააცნობიეროთ, სად არის თქვენი ურთიერთობების მთავარი პრობლემა. ეს განსაკუთრებით პირად და პარტნიორულ ურთიერთობებს ეხება, თუმცა იგივე პრინციპი ვრცელდება ბიზნესზე, შეთანხმებებზე და ზოგადად სხვა ადამიანებთან ურთიერთობაზეც.
კარგად უნდა დაფიქრდეთ და მოძებნოთ ის ფარული მოტივები და პრობლემები, რომლებიც წარსულში დატოვეთ და რომელთათვისაც აქამდე თვალის გასწორება არ გინდოდათ.
თქვენს შემთხვევაში ყველაფერი, რაც აქამდე დაფარული იყო, შეიძლება ზედაპირზე ამოვიდეს და მოგიწიოთ რეალობისთვის თვალის გასწორება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაჟღერება იყოს. ბევრ რამესაც გაარკვევთ და შესაძლოა აღმოაჩინოთ: „თურმე ასე ყოფილა, მე კი სულ სხვანაირად მეგონა.“

მშვილდოსნებისთვის ჩემი მთავარი რჩევაა ერთბაშად ყველა დიდ ამოცანას ნუ შეეჭიდებით. ნებისმიერი დიდი და რთული საქმე პატარა ნაბიჯებად დაყავით. დღეს ერთი ნაბიჯი გადადგით, ხვალ - მეორე, და დაინახავთ, როგორ აგავსებთ ეს საკუთარი თავის მიმართ რწმენითა და პატივისცემით.
კვირის დასაწყისში მშვილდოსანს შეიძლება ჰქონდეს განცდა, რომ ყველაფერს უნდა ეყოს, ყველგან უნდა მოასწროს და ძალიან ბევრი რამ გააკეთოს. ამის გამო შესაძლოა ჯერ კიდევ კვირის დასაწყისში მენტალურად გადაიღალოთ და შემდეგ უკვე რეალურად გაგიჭირდეთ ყველაფრისთვის გაწვდომა.
ამიტომ ფოკუსი გააკეთეთ ერთ კონკრეტულ ამოცანაზე. ვიდრე მას არ დაასრულებთ, დანარჩენზე ფიქრი გარკვეული დროით გვერდზე გადადეთ. მშვილდოსანს ზოგადად უჭირს რუტინა და პატარა კონკრეტულ ამოცანებზე მუშაობა, მაგრამ სწორედ ამ კვირაში თქვენი კარგი განწყობის საიდუმლო პატარა-პატარა გამარჯვებები იქნება.

თხის რქის ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ვურჩევდი, მეტი ყურადღება დაუთმონ მათ, ვისაც მათგან რეალურად სჭირდება დრო და რესურსი. განსაკუთრებით ეს ეხება შვილებს მოზარდებსაც და პატარებსაც. თქვენს საყვარელ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც ჯერ კიდევ ზრდასრულ ასაკში არ არის, ამ კვირაში შეიძლება თქვენგან ჩვეულებრივზე მეტი ყურადღება დასჭირდეთ.
ამავე დროს, ყურადღება მიაქციეთ ტექნიკურ საკითხებსაც. შეიძლება მწყობრიდან გამოვიდეს თქვენთვის მნიშვნელოვანი მოწყობილობა ან გაჯეტი, რომელზეც საკმაოდ დამოკიდებული ხართ.
თუ თქვენი სამსახური ტექნიკას უკავშირდება, წინასწარ შეამოწმეთ მისი გამართულობა, რათა მოულოდნელი პრობლემა არ შეგექმნათ.

მერწყულებისთვის ძალიან საინტერესო კვირაა და საკმაოდ საინტერესო შესაძლებლობებიც ჩნდება. წინ წამოიწევს ორი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელთა გადახედვაც და არჩევანის გაკეთებაც მოგიწევთ. ერთ-ერთი მათგანი სტატუსსა და სამსახურს უკავშირდება.
შეიძლება დაბრუნდეს წარსულის თემა ან ძველი შემოთავაზება. მე პირადად გირჩევდით, ასეთ შეთავაზებებს სერიოზულად მოეკიდოთ, რადგან ახლა თითქმის იანვრამდე იმდენად ახალი პროექტების დაწყების პერიოდი არ არის, რამდენადაც ძველი იდეების „ნაფტალინიდან ამოღებისა“ და მათთვის ახალი სიცოცხლის მიცემის.
შესაძლოა დაბრუნდეს საკითხი, რომელიც ძველ სამსახურს, ძველ სტატუსს ან შესაძლებლობას უკავშირდება. ის, რასაც ადრე განიხილავდით, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ განხორციელდა.
მერწყულს ახლა განსხვავებული არჩევანის გაკეთება მოუწევს. ეს ყველაფერი შესაძლოა 2018 წლის შემოდგომის მოვლენებსაც უკავშირდებოდეს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა მაშინ თქვენს ცხოვრებაში, რა შესაძლებლობა გაუშვით ხელიდან ან სად იყავით ზედმეტად ეგოცენტრულები. ახლა სწორედ ამის კორექტირების საშუალება გეძლევათ.

თევზების ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ვურჩევდი, ამ კვირაში რადიკალიზმისგან ცოტა დისტანცირდნენ. თევზების მმართველი ნეპტუნი შავ მთვარესთან გარკვეულ კონფიგურაციაში შედის, რაც ნიშნავს, რომ თევზები შეიძლება უკიდურესობებისკენ იყვნენ მიდრეკილნი.
დილით შეიძლება გაიღვიძოთ განცდით, რომ ყველაფრის მიტოვება გინდათ, ცოტა ხნის შემდეგ კი განწყობა დიამეტრულად შეგეცვალოთ. ამიტომ საუკეთესო გამოსავალი თქვენთვის რუტინული საქმიანობა იქნება.
ძალიან კონკრეტულად გაწერეთ დღის გრაფიკი და შეეცადეთ, ყოველდღიურობაში მეტი ბალანსი შეიტანოთ. განსაკუთრებით არ გირჩევთ რადიკალურ გადაწყვეტილებებს პირად და სასიყვარულო ურთიერთობებში.
ზოგადად კი 12-ვე ნიშანს ვეტყოდი: მიმდინარე კვირაში ბევრ ურთიერთობაში „ცეცხლი აინთება“, რადგან ვენერა და მარსი ერთმანეთს უპირისპირდებიან. ეს ორი გენდერული პლანეტაა, ამიტომ ემოციებიც, ვნებებიც და დაპირისპირებებიც საკმაოდ ძლიერი იქნება. თუმცა საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდება.
პოზიტიურ კვირას გისურვებთ და გახსოვდეთ ერთი ცნობილი გამოთქმაც - "გეშინოდეთ საკუთარი სურვილების, რადგან ისინი შეიძლება ერთ დღეს მართლაც ასრულდეს".
გააზიარე სტატია