კულტურა

ტექსტის ზომის შეცვლა
+
-
ლამპრობა (სვანურად „ლიმპჲარი“) სვანეთში წმინდა გიორგისადმი მიძღვნილი ადრესაგაზაფხულო, ხალხური დღესასწაულია.
ყველაზე გავრცელებული თქმულებით, ლამპრობის ტრადიცია, სვანეთში მეომრების რიცხვის დადგენასთან იყო კავშირში. ანთებული ლამპრების მიხედვით ადგენდნენ რამდენი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ სვანებს საჭიროების შემთხვევაში.
სხვა ვერსიითა და თავისი შინაარსით ეს დღე ძველი მიწათმოქმედ ხალხთა ტიპობრივი დღესასწაულია: ბუნების გაღვიძების, მზის ცხოველმყოფელობისა და გაზაფხულის დროზე დადგომის შესათხოვად ზამთარში კოცონს ანთებდნენ.
მესამე ვერსიით კი - ლამპრებს თავიანთი მიცვალებულებისთვის ანთებდნენ და ამით გარდაცვლილ წინაპრებს სულს უთბობდნენ.
ძველ დროში ლამპრობის დღესასწაული, ძირითადად, 1 თებერვალს იმართებოდა. თუმცა ახლა მოძრავი დღესასწაულია. მისი ჩატარების დრო ახალ მთვარეზეა დამოკიდებული და თითქმის ყოველთვის თებერვლის შუა რიცხვებს ემთხვევა.
ქვემო სვანეთში ლამპარი გამხმარი მუხის, არყის ან წიფლის ხეების ტოტებისგან მზადდებოდა და ყოველი ოჯახი თითო ლამპარს ოჯახის წევრი მამაკაცების მშვიდობიანობისთვის ანთებდა. ანთებული ლამპრების რაოდენობა ოჯახის სულადობით განისაზღვრებოდა. გადმოცემის თანახმად, ქრისტეს ავაზაკები დაედევნენ, არყის ხემ კი ტოტები ჩამოუშვა და დაიფარა. ქრისტემ აღუთქვა ხეს, რომ მას ადამიანის სულის მოსახსენიებლად გამოიყენებდნენ. ამიტომაც ამზადებენ ლამპარს არყის ტოტებისგან.
ზემო სვანეთში ლამპრობას "სვომონობასაც" ეძახდნენ, რომელიც კვირიას ციკლის ადრესაგაზაფხულო დღესასწაულებში შედიოდა და სვანური ვარიანტის - ბერიკაობა-ზეენობის - მსგავსად იმართებოდა: ირჩევდნენ "კეისარს", მის "ცოლებსა" და "ვეზირებს". მესტიის რაიონის სოფელ ლახირის მთავარანგელოზის ეკლესიაში მიჰქონდათ რიტუალური კვერები, იმართებოდა ზედაშეს რიტუალური სმა. ეკლესიიდან ხალხი "მესვიმნიშის" ოჯახში მოდიოდა, ე. ი. იმასთან, ვინც სვიმონობას იხდიდა და რიგით თემის მასპინძელიც იყო. მღეროდნენ სადიდებელ ჰიმნებს, კერას უვლიდნენ ანთებული სანთლებით, რომლებსაც შემდეგ საქონლის სადგომის ტიხარზე აკრავდნენ. იმართებოდა ჭიდაობა, გუნდაობა, ფერხული "ლამპრული". მეორე დღეს წმინდა გიორგისა და წმინდა მარიამის ლამპრობა, უფრო მოგვიანებით კი ცის ლამპრობა იმართებოდა. ერთი კონა წმინდა მარიამის სახელზე იყო დათქმული, მეორე წმინდა გიორგის და მესამე ცის საკეთილდღეოდ. მარიამს სვანები მოსავლიანობის მფარველ ღვთაებად მიიჩნევენ.
ახლაც, სასაფლაოზე უმეტესად თებერვალში ლამპრების დასანთებად შებინდებულზე გამოდიან. ლამპარი ინთება საფლავზე, ეკლესიის მახლობლადაც. ხის ნაჭრების კონა, რომელიც გარდაცვლილი ახლობლების საფლავზე მიაქვთ, არყის ხის ტოტებისგან მზადდება. საერთო კოცონში კონას კონა ემატება და წმინდა გიორგის სახელზე ლოცულობენ შემდეგ კი ზეიმობენ. ივანე ჯავახიშვილს ეს რიტუალი ასე აქვს აღწერილი:
„მეკერმისა და ფარისევლის კვირას, წირვის დროს, რამდენიმე სოფლის მცხოვრებნი დიდით-პატარამდის წმიდა გიორგის საყდარში მიდიან. ყველას ხელში ანთებული არყის ხის ტოტები უჭირავს. ეკლესიასთან რომ მივლენ, ანთებულ ხეებს ერთი-ერთმანეთზე სდებენ და დიდ ცეცხლს გააჩენენ ხოლმე. მერე ხალხი „დიდებ“-ის ლოცვას და გალობას დაიწყებს. დიდებას მორჩება თუ არა, ხალხი სიმღერით შინ ბრუნდება და ორშაბათ დღემდის სიმღერა-თამაშობაში გაათენებს ხოლმე. ამ დღეობას სვანები „ლიმპჲარი“-ს უძახიან და ქართულს ლამპრობას უდრის“.
დღესდღეობით, სვანეთში "იმპროვიზირებული ლამპრობა" ტურისტებისთვისაც აღინიშნება და სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაციას ემსახურება. წარმოდგენილია ადგილობრივი ტრადიციების მიხედვით გაფორმებული სუფრა და სახალხო ანსამბლის კონცერტი. ღონისძიება გაჩირაღდნებული ლამპრების, სვანური ფერხულისა და ტრადიციული გამასპინძლების თანხლებით იმართება.
წყარო: Georgian Travel Guide
02/15/2026