Logo

საზოგადოება

ლაშა ბუღაძის წიგნებს ფალოსი დაახატეს

ლაშა ბუღაძის წიგნებს ფალოსი დაახატეს

ტექსტის ზომის შეცვლა

+

-

ლაშა ბუღაძის წიგნის ("დამკვირვებელი") რამდენიმე ეგზემპლარზე, მყიდველმა კალმით მიხატული ფალოსი აღმოაჩინა. ვანდალური ფაქტის შესახებ, ფეისბუქზე, ლიკა ლაზიშვილი წერს.

ლიკა ლაზიშვილი

ლიკა ლაზიშვილი: გადავწყვიტე შემეძინა - ლაშა ბუღაძის “დამკვირვებელი”, ყველაზე მეტად დამაინტერესა (რივიუების მიხედვით).
აღმოვჩნდი "ბიბლუსის" ერთ-ერთ ფილიალში, სადაც წავაწყდი საშინელ ფაქტს.
კონსულტანტმა მაჩვენა სად იდო, ავიღე ერთ-ერთი. ზოგადად, წიგნებს არ ვამოწმებ, მაგრამ რატომღაც ინსტიქტურად გადავფურცლე და აღმოვაჩინე, რომ პირველ გვერდზე ფალოსებია მიხატული კალმით.
დავიბენი და ისევ კონსულტანტს დავუძახე, უცებ ვერ გავიაზრე რა ხდებოდა, კონსულტანტმა და მე ვნახეთ, რომ ლაშა ბუღაძის ყველა წიგნის პირველ გვერდს - ფალოსები აქვს მიხატული!

სამწუხაროდ, კონსულტანტმა გადაღების უფლება არ მომცა და არც მე შევეწინააღმდეგე. ორთავე გაოგნებული ვიყავით.

მაინტერესებს, ვინც ეს ჩაიდინა, საერთოდ კითხვა თუ იცის?! ან თუ აქვს წაკითხული ის რასაც ამ ფორმით ებრძვის?!

ლაშა ბუღაძე

მწერალი ამ ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. ბუღაძე წერს, რომ მან ეს ვანდალური მოვლენა ბევრად ადრე იწინასწარმეტყველა.

ლაშა ბუღაძე: 2 წლის წინ სახლის კედლები უხამსობებით ამიჭრელეს ტიტუშკებმა, ახლა წიგნს მიადგნენ…

როცა ჩემი "დამკვირვებელი" პოლიტიკური მოტივით არ შეაგზავნინეს გიორგი რომელაშვილს სინდისის პატიმარ ნანა სანდერთან, მე დავწერე, რომ შემდეგი ეტაპი იქნებოდა წიგნის მაღაზიები. ეს ბევრს არ სჯერა, მაგრამ ამის მაგალითი პუტინის რუსეთია.

"ქართულმა ოცნებამ" მთელი ეს წლები უამრავი რესურსი დახარჯა სიძულვილის კამპანიაში და არაა გამორიცხული, რომელიმე ვანდალს საკუთარი ინიციატივით დაეზიანებინა წიგნები, მაგრამ არც მითითება უნდა გამოვრიცხოთ.

წიგნის შებღალვა, დაზიანება და შეურაცხყოფა პოლიტიკური ცენზურის ნაწილია და დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"ბიბლუსში" თავად არიან უაღრესად შეწუხებულები და ცდილობენ, გაარკვიონ, რა მოხდა. ვიცი, განცხადებაც ექნებათ. კამერების მეშვეობით ალბათ, რთული არ იქნება იმის დადგენა, ეს ვინ ჩაიდინა და სად - უშუალოდ მაღაზიაში თუ საწყობში. ამბავი გლდანის ფილიალში მომხდარა, მაგრამ საინტერესოა, სხვაგანაც ხომ არ ყოფილა მსგავსი შემთხვევა.

ამ ამბავს ვერც გავიგებდით, ლიკა ლაზიშვილს რომ არ დაეწერა და მადლობა მას. ჩემი მეგობრები, ცოტა არ იყოს, მხიარულად წერენ, რომ სოლიდარობის ნიშნად შეიძენენ "იავარქმნილ" წიგნებს, ეს "მხიარულობა" კი, მადლიერების მიუხედავად, ოდნავ ინფანტილური მგონია, რადგან ეს წიგნები წესით პოლიციამ უნდა ნახოს და ზარალიც აღიწეროს, ჩემს მდუმარე და ზოგადად საქართველოს გარუსების პროცესის სეირის მაყურებლის პოზიციიდან მაცქერალ თანამოქალაქეებსა და კოლეგებს კი ვაფრთხილებ, რომ ეს მარტო ჩემი და ჩემი წიგნის პრობლემა არაა და ცენზორი ყველა სიტყვას მიადგება ადრე თუ გვიან. მერე გაიხსენონ ეს სიტყვებიც და გაფრთხილებაც.

ლაშა ბუღაძე

ფაქტს ლაშას კოლეგა და მეგობარი, მწერალი ნესტან ნენე კვინიკაძეც ეხმიანება.

ნესტან ნენე კვინიკაძე: ლაშა ბუღაძის წიგნების დაზიანების პრეცენდენტი თუ ნორმალიზდა, ასე იქნება შემდეგში:

2023–2026 წლებში, რუსეთში ხელისუფლების მიერ არასასურველ ავტორებზე წიგნებზე თავდასხმა რამდენიმე ფორმით ხორციელდება: წიგნების ფიზიკური ამოღება და განადგურება, გაყიდვიდან მოხსნა, საწყობებიდან ამოღება, ბიბლიოთეკებიდან გაქრობა, შავი ფურცლებით გადაფარვა და სპეციალურ შეფუთვაში მოთავსება.

პირდაპირი ფიზიკური დაზიანების შემთხვევები შედარებით ცოტაა, ხოლო სისტემური ცენზურის შემთხვევები — ძალიან ბევრი.

2025 წელს რუსეთში 18 მწერალი/ავტორი იმყოფებოდა პატიმრობაში ან წინასწარ პატიმრობაში — PEN America-ს მონაცემებით, მათი უმრავლესობა ანტისაომარი პოზიციის გამო იყო დევნილი. კიდევ 55 ავტორი რისკის ქვეშ ითვლებოდა.

ნესტან ნენე კვინიკაძე

2025 წელს რუსეთის ხელისუფლებისა და სამართალდამცავების ზეწოლა წიგნის ინდუსტრიაზე იმდენად გაიზარდა, რომ წლის შემაჯამებელმა კვლევებმა ის აღწერა როგორც რეიდების, აკრძალვების და თვითცენზურის წელი.

2025 წლის მაისში, „Эксмо“-ს საქმეზე, ჩხრეკების დროს 1,000-ზე მეტი წიგნი იქნა ამოღებული; შემდეგ გამომცემლობამ პარტნიორ მაღაზიებს დაახლოებით 50 დასახელების წიგნის ადგილზე განადგურების ან უკან დაბრუნების თხოვნით მიმართა.

2025 წლის სექტემბრიდან „უცხოეთის აგენტებად“ გამოცხადებული ავტორების წიგნებზე სპეციალური მარკირების მოთხოვნები ამოქმედდა. შედეგად მათი წიგნები შეფუთეს გაუმჭვირვალე პოლიეთილენში, ხოლო მრავალი გამოცემა საერთოდ გაქრა გაყიდვიდან.

კონკრეტულ მაგალითებს დაინტერესების შემთხვევაში თავად ნახავთ.

ავტორი: ზმნა

08/17/2026

Footer Logo

უახლესი ამბები ჩვენს
პლატფორმაზე

კატეგორიები

      ინფორმაცია

      ჩვენ შესახებკონტაქტი

      Developed by გარგარი • GarGari © - 2024